Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სახლის სამშენებლო ადგილზე მე-11 საუკუნის ბაზრის ტერიტორია აღმოჩნდა


არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობს ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე მდებარე კერძო მიწის ნაკვეთზე, სადაც რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, 10 საუკუნის წინანდელი ბაზრის ნაწილი. არქეოლოგ როლანდ ისაკაძის ინფორმაციით, მიწის მფლობელმა სახლის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა ქუთაისის მერიას, რომელმაც, თავის მხრივ, ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, ბაგრატის ტაძრის მახლობლად, მშენებლობის ნებართვის გასაცემად არქეოლოგიური დასკვნა ითხოვა. სწორედ ამ დოკუმენტის მოსამზადებლად დაიწყო გამოკვლევა იმ ტერიტორიისა, სადაც კერძო მფლობელი სახლის აშენებას აპირებს. როლანდ ისაკაძე გვეუბნება, რომ არქეოლოგების სამუშაო ტერიტორია 30 მეტრი სიგრძის და ამდენივე სიგანისაა და მხოლოდ ამ მონაკვეთში 200-ზე მეტი ნიმუშია აღმოჩენილი:

„აქ არის ძველი ბაზრის ადგილი. აღმოჩენილია ძირითადად სამეურნეო დანიშნულების ორმოები, ჭა-მაცივრები - მიწაში ამოთხრილი ღრმა ორმოები, რომლებშიც ინახავდნენ პროდუქტს, წყალს, ღვინოს. რამდენიმე ასეთი ორმო არის დიდ სიღრმეზე სხვადასხვა დროს ამოთხრილი. აქ დაუკირავი ქვევრები არის დაახლოებით მე-11-13 საუკუნეების. ჩანს ბევრი გადამწვარი ადგილი და ამ ადგილებში ყველგან აღმოჩნდა თონე. 6 თონეა აღმოჩენილი ამ არეალში, რომელიც ერთი ოჯახის საკუთრება არ იქნებოდა“.

არქეოლოგი როლანდ ისაკაძე განმარტავს, რომ გორას დასახლებაში, ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ერთი კილომეტრის რადიუსში დასახლების არსებობა ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, მათ შორის თითქმის 2 საუკუნის წინ შედგენილი რუკით. როლანდ ისაკაძის თქმით, დღევანდელ ცაცხვების ქუჩაზე ნაპოვნი კვალი პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან გორაზე მოსახლეობა მჭიდროდ დასახლდა მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან და იქ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა:

„იყო ასეთი მეცნიერი, დიუბუა დე მონპერე, რომელმაც 1833 წელს შეადგინა ქუთაისის რუკა, სადაც დატანილია იმ დროს არსებული სიძველეები. რუკაზე ცაცხვების ქუჩის ადგილას მითითებულია ქვითკირით ნაშენი შენობების ნაშთები, გალავნის კედლები, ეკლესიები, ხის და აგურის შენობები, ძველი ბაზარი და ა.შ. ამის მიხედვით ჩვენ დაახლოებით ვიცით, სად არის ქუთაისის ძველი უბნების განაშენიანება, ოღონდ აქამდე არ იყო კონკრეტული უბნების შესწავლის საშუალება, რადგან ისინი მჭიდროდაა დასახლებული“.

გორას დასახლებაში ცაცხვების ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობელის ლაშა რუხაძის თქმით, წინაპრების მიწაზე სახლის აშენებამდე ის ქუთაისის მერიის მოთხოვნას დაემორჩილა და არქეოლოგიური დასკვნის მოსაპოვებლად ძვირად ღირებული კვლევის ხარჯს - ექვსი ათას ლარს - თავად ფარავს. ლაშა რუხაძის ინფორმაციით, გათხრები არ იგეგმება ეზოს ნაწილში, რადგან კვლევა ძვირად ღირებულია და, ინტერესის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები მას არ აფინანსებენ. ლაშა რუხაძე ამბობს, რომ მის კუთვნილ მიწაზე ძველი ნაქალაქარის ნაშთების აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სხვადასხვა სამუშაოს წარმოებისას არაერთხელ უპოვიათ ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და მათი ფრაგმენტები:

„ეს აღმოჩენა საინტერესოა იმით, რომ ის არ არის ერთადერთი. გორაზე იყო ტაძრები, ცხოვრობდა მოსახლეობა და ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, სადაც არ უნდა ამოვთხაროთ, ყველგან არის ნაშთები. ჩემს მეზობლად სახლის ქვეშ სარდაფი ვისაც აქვს მოწყობილი, ყველამ ნახა ჭური. რა თქმა უნდა, კარგია სანახაობრივად და ისტორიულად. მე, უბრალოდ, სახლის მშენებლობისას მოვყევი მერიის რეგულაციაში და მომიწია ხარჯის გაწევა“.

ნაქალაქარის ნაშთების პოვნა მოულოდნელი არ არის გორას დასახლებაში მცხოვრები ომარ ფაილოძისთვისაც. მისი თქმით, ამ უბნის მცხოვრებთ ეზოებსა და სარდაფებში ნაქალაქარის კვალი ადრეც არაერთხელ უნახავთ, გასულ წელს კი, საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობისას, რამდენიმე ადგილას აღმოაჩინეს ძველი კედლის ფრაგმენტები, ჭურჭლის ნაწილები და საფლავის ქვაც:

„გზა რომ გაჰყავდათ, ბევრ ადგილზე გამოჩნდა შენობის კედლის ნაწილები. ადრე ქალაქი აქ ყოფილა, ისტორიულია და კარგია. ჭურები მინახავს ბევრი, მეზობლების ეზოებში იყო, წყლის მილების გაყვანისას საფლავის ქვაც ნახეს, მაგრამ ქრისტიანულიაო, ჩვენ ადრეული პერიოდის გვაინტერესებსო და გადააბეტონეს“.

ქუთაისის გორას დასახლებაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ სასურველია სახელმწიფომ დააფინანსოს ძველი ნაქალაქარის კვლევა და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილის კონსერვაციის გადაწყვეტილებაც მიიღოს. ამასთან, არქეოლოგიური ჯგუფის წევრის როლანდ ისაკაძის განმარტებით, გათხრების შედეგად კერძო მიწის ნაკვეთზე არ აღმოჩნდა ქვის არქიტექტურის ნიმუშები, რომელსაც დაცვა დასჭირდებოდა, მიწის ფენებში ნაპოვნ კერამიკულ ჭურჭელს და მათ ფარგმენტებს კი რამდენიმე დღეში გადაიტანენ სახელმწიფო საცავში. ამის შემდეგ მიწის ეს ნაკვეთი სტერილურად გამოცხადდება და მფლობელი შეძლებს სახლის მშენებლობის დაწყებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG