Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეკონსტრუქცია შეჩერდა, რისთვისაც კომპანია ჯარიმდება


თუ კომპანია ერთი კვირის ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, მასთან ხელშეკრულებას შეწყვეტენ.
თუ კომპანია ერთი კვირის ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, მასთან ხელშეკრულებას შეწყვეტენ.

ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ, გალაკტიონ ტაბიძის, ქუჩაზე გზის საფარის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება მარტის ბოლოს დაიწყო და ივნისში უნდა დასრულებულიყო.

პროექტის თავდაპირველი ღირებულება მილიონ 77 ათასი ლარი იყო, თუმცა აპრილში ქალაქის მერიასა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ჯეო სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა, თანხა 86 ათასით გაიზარდა, რეკონსტრუქციის დასრულების ვადა კი 7 აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე ერთი კვირაა სამუშაოები საერთოდ შეჩერდა. მერია მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ჯეო სერვისმა“ კონტრაქტორ კომპანიას თანხა არ გადაუხადა და მას ხელშეკრულების გაუქმებით ემუქრება.

ქალაქის მერიის პოზიცია მწვავედ გააკრიტიკა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ. მისი განცხადებით, „მერიამ „ჯეო სერვისს“ ჯერ ტენდერში გაამარჯვებინა, ახლა კი ცდილობს გამოვიდეს სიტუაციიდან, რომელშიც თავისივე დაუდევრობით აღმოჩნდა“.

გიგა შუშანიასავე განცხადებითვე, კომპანიებზე ტენდერების მორგების სქემა თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ვრცელდება.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე კერძო სახლები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული. ამავე ქუჩაზეა მეორე საჯარო სკოლა და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. ტაბიძის მიმდებარე ქუჩებზე კი სხვადასხვა პროფილის კლინიკებია განთავსებული. ტაბიძის ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის გამზირებს და ქუთაისში მოძრავი ავტომანქანების დიდი ნაწილი გარეუბნებიდან ცენტრს და ცენტრიდან გარეუბნებს ამ გზით უკავშირდება.

ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების შემდეგ ავტოტრანსპორტს ცენტრში მოსახვედრად უფრო გრძელი გზის გავლა უწევს. სამუშაოების შეჩერებით უკმაყოფილონი არიან ტაბიძის ქუჩის მცხოვრებნი და იქ მდებარე დაწესებულების თანამშრომლები.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოების შეწყვეტის გამო 12 ივნისს ბრიფინგი გამართა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მისი ინფორმაციით, კომპანია „ჯეო სერვისმა“ თავის კონტრაქტორ „ელბი გრუპს“ თანხა არ გადაუხადა, რის გამოც კონტრაქტორმა სამუშაოს გაგრძელებაზე უარი თქვა. ქუთაისის მერის განცხადებით, თუ კომპანია ერთი კვირის ვადაში პრობლემას ვერ მოაგვარებს, მასთან ხელშეკრულებას შეწყვეტენ.

გიორგი ჭიღვარია
გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბრიფინგზე ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს არ უპასუხა, მხოლოდ ის თქვა, რომ კომპანია „ჯეო სერვისის“ ქონება დაყადაღებულია, რის გამოც ქვეკონტრაქტორს თანხას ვერ ურიცხავს. ქუთაისის მერის ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერებისთვის კომპანია ყოველდღიურად 1 200 ლარით ჯარიმდება. ჭიღვარიას თქმით, მერია მუშაობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რათა ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაშიც გზის რეკონსტრუქცია სექტემბრამდე დასრულდეს, რისთვისაც, შესაძლოა, ახალი ტენდერი გამოცხადდეს.

რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია „ჯეო სერვისის“ დირექტორს, თამაზ კვინიკაძეს, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. სატელეფონო ზარებს არც ქვეკონტრაქტორი კომპანიის, „ელბი გრუპის“, წარმომადგენელი ლაშა ბადაგაძე პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG