Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგების მოლოდინი კვლავ გახანგრძლივდა


ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება
ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწია და, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, პროექტი, მიმდინარე წლის ნაცვლად, 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ამ დროისთვის 24-საათიანი რეჟიმით წყალი ქალაქის დასახლებების მხოლოდ 20 %-ს მიეწოდება, დანარჩენ უბნებში კი მოსახლეობა წყალს სხვადასხვა გრაფიკით იღებს. 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოების დასრულების ვადის შეცვლა უკმაყოფილებას იწვევს ქუთაისელებში, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ აღარ სჯერათ სახლში უწყვეტად წყლის მიღების.

გადმოწერა

ნანა ლომიძე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ თითქმის 10 წელია, პროექტი მიმდინარეობსდა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ჰპირდებიან მოსახლეობას გრაფიკით მიწოდების ნაცვლად მუდმივ წყალს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ნანა ლომიძე ამბობს, სასმელად და დღის განმავლობაში სხვა საჭიროებისთვის წყალს სახლში ჭურჭლებით იმარაგებს, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში ეს მარაგი არასაკმარისია და ოჯახის წევრები იძულებულნი არიან წყალი რაც შეიძლება ეკონომიურად მოიხმარონ:

წყალს ვაგროვებ ავზში, დასალევად წყალს ვინახავ მინის ჭურჭლებში, მაგრამ ზაფხულში არ გვყოფნის და არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. წლებია დავიღალეთ 24-საათიანი წყლის მოლოდინში...
ნანა ლომიძე

„წყალი ყოველდღე გრაფიკით, დილის 8-დან 12 საათამდე, მოგვეწოდება. ეს გრაფიკი ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვმუშაობ და სამსახურში წასვლამდე აღებული წყალი მთელი დღე ჩემს დიდ ოჯახს არ ჰყოფნის, იმის მიუხედავად, რომ მაქვს ავზი და სხვადასხვა ჭურჭელშიც ვაგროვებ. თუ მცალია, ვცდილობ იმ პერიოდში გამოვიყენო წყალი ჭურჭლის სარეცხად, დასუფთავებისთვის, როცა ონკანში მოდის. წყალს ვაგროვებ ავზში, დასალევად წყალს ვინახავ მინის ჭურჭლებში, მაგრამ ზაფხულში არ გვყოფნის და არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. წლებია დავიღალეთ 24-საათიანი წყლის მოლოდინში“.

ქალაქის24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის სამუშაოების დასრულების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევას უარყოფითად აფასებენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები და ამბობენ, რომ არაერთი დაპირების შემდეგ, არც ამ ვადის დაცვის სჯერათ:

„ვადის გადაწევით ხალხს გაუჩნდა უნდობლობა. მნიშვნელოვანია ხალხმა დაინახოს, რომ პროექტი რეალურად სრულდება“.

„ნეტა, საერთოდ იქნებოდეს. რაღაც არ მჯერა. არც ერთი დანაპირები არ შეგვისრულეს და როგორ დავიჯერო, რომ მომავალ წელს იქნება?“

წყლის ავზი
წყლის ავზი

„დანიშნულ დროზე არაფერს აკეთებენ, ხალხი არ უნდა მოატყუონ. ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ 24-საათიანი წყალი“.

2009 წელს დაწყებული წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოების დასრულების ვადა 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იცვლება. 2015 წლის ვერსიით, ქალაქის მოსახლეობასუწყვეტად წყალი წელს ზაფხულში უნდა მიეღო, რის შემდეგაც წყალარიენების სისტემის 100 მილიონიევროს ღირებულების პროექტის განხორციელება დაიწყებოდა. თუმცა მოგვიანებით ვადა რამდენიმე თვით, ამჟამინდელი ინფორმაციით კი, თითქმის წელიწადით გახანგრძლივდა. პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების სისტემის სრული რეკონსტრუქციის შემდეგ ქალაქის ყველა აბონენტმა წყალი უწყვეტად უნდა მიიღოს. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, პროექტის დასრულების ვადადამატებითი სამუშაოების გამოშეიცვალა და იგი, სავარაუდოდ, 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მიხეილ თათარაძის განმარტებით, პროექტის მეორე ეტაპის შესრულებისას საჭირო გახდა დამატებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები მრავალბინიან კორპუსებში, რადგან ბინებში წყლის მილები კოროზირებული და დაზიანებულია, ამორტიზებული მილების შეცვლას კი დრო სჭირდება:

წყლის მრიცხველი
წყლის მრიცხველი

„პროექტის დასრულების ვადის გადაწევა გამომდინარეობს იქედან, რომ კორპუსების შიდა ქსელები ამორტიზებულია და ახალ მაგისტრალებზე დაერთება მათ მწყობრიდან კიდევ უფრო გამოიყვანდა. ქუთაისის ვერც მოსახლეობა და ვერც მუნიციპალიტეტი ამ ქსელების რეკონსტრუქციას, მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ განახორციელებდა. შესაბამისად, ხელშეკრულებაში შევიტანეთ ცვლილება და დაემატა სამუშაოები. ამასთან, განხორციელდება 15 000 აბონენტისთვის ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟი და 24- საათიანი რეჟიმით წყალი პროექტის დასრულების შემდეგ მიეწოდება მოსახლეობას“.

წყლის სისტემის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი ქუთაისში, დაახლოებით, 10 წლის წინ დაიწყო, პროექტის მეორე ფაზა კი 2015წლიდან მიმდინარეობს და მოსახლეობის გამრიცხველიანებას, სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა-რეკონსტრუქციას დაორი ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტს, რომლის ღირებულება 86 მილიონი ლარია, აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. იგი წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამუშაოები, რომლის შედეგად ქალაქის მოსახლეობა უზრუნველყოფილიუნდა იყოს 24- საათიანი წყალმომარაგებით, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG