Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაის-წყალტუბოს ავტომაგისტრალზე მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დადგენას ითხოვენ


„დაარეგულირე სიცოცხლისთვის“ - ამ მოწოდებით ქუთაის-წყალტუბოს ავტომაგისტრალზე სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა ხელმოწერები შეაგროვეს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართესგზის მოწესრიგებისა და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მოთხოვნით. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქუთაის-წყალტუბოს გზაზე 14 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა.

სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა მესხის, განცხადებით, „ქუთაის-წყალტუბოს 12- კილომეტრიან გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი ან მარეგულირებელი ნიშნები, რის გამოც ავტოავარიები ხშირად ხდება და ბოლო წლებში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“.

არასამთავრობო ორგანიზაციის „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლის, აკაკი საღინაძის, თქმით, რასაკვირველია, მძღოლებმა დადგენილ სიჩქარეს არ უნდა გადააჭარბონ, მაგრამ აუცილებელია კონტროლის გამკაცრება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. „ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20-მდე ადამიანი დაშავდა, 7 დაიღუპა. ეს ძალიან ბევრია 10-კილომეტრიანი გზისთვის“.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქუთაის-წყალტუბოს გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის მიზეზი შესაბამისი შემზღუდავი ნიშნების არარსებობა და უკონტროლობაა. მათივე თქმით, მოსაწესრიგებელია გზის საფარიც. „გზის საფარი არასწორია და მაღალი სიჩქარის დროს ესეც პრობლემაა“.

„გზაზე არის ჭები, რაც იწვევს ავარიებს. მაჩვენებელიც უნდა იყოს, რომ ზოგიერთ ადგილზე საფარი ჩაზნექილია და ადამიანს შეცდომა არ უნდა უჯდებოდეს სიცოცხლის ფასად“, - ამბობენ რესპონდენტები.

ქუთაის-წყალტუბოს ავტომაგისტრალზე გამართული აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ამ გზაზე შესაბამისი ნიშნების,ბარიერებისა და მაკონტროლებელი კამერების განთავსება და საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს, ამიტომ ისინი ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20-მდე ადამიანი დაშავდა, 7 დაიღუპა. ეს ძალიან ბევრია 10-კილომეტრიანი გზისთვის.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქუთაის-წყალტუბოს ავტომაგისტრალი სრულადაა აღჭურვილი საგზაო ნიშნებით და გზის საფარიც მწყობრშია, ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება კიდეპარტამენტის კომპეტენცია არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის, შეფასებით, ქუთაის-წყალტუბოს ავტომაგისტრალი ე. წ. შავი წერტილია, ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ეკა ლალიაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სტანდარტის ასამაღლებლად გზის საფრისა და სპეციალური ნიშნების გარდა აუცილებელია კამერებისა და რადარების განთავსება, რაზეც რამდენიმე სახელმწიფო უწყებამერთობლივად უნდა იზრუნოს.

„თუ ქვეყანაში პრიორიტეტულია გზებზე უსაფრთხოება, უნდა ითანამშრომლონ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპატრულო პოლიციამ და ეკონომიკის სამინისტრომ. ეს სამი უწყებაა პასუხისმგებელი და თუ არსებობს ე.წ. შავი წეტილები, უნდა შეისწავლონ, თუ რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, შემდეგ უნდა განეიტრალდეს ეს ზოლი“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG