Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქუჩური გარჩევის“ კანონი - კრიმინალთან ბრძოლის იარაღი თუ საფრთხე შეკრების უფლებისთვის?


თუ ადამიანების ჯგუფი რაიმე კონკრეტული საქმის გარკვევას ქუჩაში გადაწყვეტს და უწყინარი კამათი ძალადობაში გადაიზრდება, ასეთ ქუჩურ გარჩევას კანონში დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება დაერქმევა და სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

სასჯელი ასეთი დანაშაულისთვის იქნება:

  • ფულადი ჯარიმა,
  • 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა,
  • ერთ წლამდე შინაპატიმრობა
  • ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს.

სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით, და იმ შემთხვევაშიც, თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, ქუჩურ გარჩევას, მასში მონაწილე უფრო დიდ სამიზნე ჯგუფზე წვდომისთვის ახლა სპეციალური მუხლი დაარეგულირებს.

საკანონმდებლო ცვლილება ადგენს, რომ დაისჯება შეკრებაში მონაწილეობა, თუ მას თან ახლავს:

  1. შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა;
  2. ძალადობის ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარა;
  3. ქონების განადგურების მუქარა.

დაისჯება ასეთ შეკრებაში პასიური მონაწილეობაც, რაც ასევე ქმნის ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის თუ ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა საფრთხეს.

ეს კანონპროექტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილე იმ პირს, ვის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები და რომელიც თავისი ნებით აცნობებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს მომხდარის შესახებ და ამ გზით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას.

ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას მთავრობაშიც მხარს უჭერენ. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები უკვე პარლამენტშია და მალე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყება.

13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორჯერ გაიმეორა, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

„ეს ცვლილება პირდაპირ არის მიმართული კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები“, - განაცხადა მაშინ მამუკა ბახტაძემ.

საკანონმდებლო ცვლილება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე დაანონსა. ითქვა, რომ

„ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გამოცხადებული უკომპრომისო ბრძოლის გაგრძელებაა“. მიზანი კი - ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრაა.

ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს პარლამენტმა შსს-ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე. წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჯერ გასული წლის აპრილში დაამტკიცა და სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე გააფართოვა.

ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის გარდა, დღეს კანონით ისჯება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.

სად გადის ზღვარი ქუჩურ გარჩევას და კამათს შორის? და რა გარანტია არსებობს, რომ პოლიცია რომელიმე ასეთ „გარჩევას“ თავისი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს და მაგალითად, ქუჩაში თავმოყრილი ადამიანების ჯგუფს, რომლებიც რაღაცაზე მსჯელობენ, ეჭვქვეშ არ დააყენებს? ხომ არ შეიზღუდება მოქალაქეების შეკრების თავისუფლება?

როდესაც ეს შეკითხვა შს მინისტრი მოდგილეს, ნათია მეზვრიშვილს დაუსვეს, მან უპასუხა, რომ ამის გარჩევა მარტივია - თუ ქუჩური გარჩევა უკანონო მეთოდების გამოყენებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ხდება, ეს ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

შსს-ში ფიქრობენ, რომ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი უფრო ეფექტურს გახდის კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის მთავარი სიფრთხილე უკავშირდება მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული, შეკრების უფლების შეზღუდვის საფრთხეს.

მისი თქმით, დღეს შსს ერთი ხელით გვთავაზობს ბრძოლას კრიმინალურ მენტალიტეტთან, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო მათთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს. ასეთი ფრაგმენტული საკანონდმდებლო ცვლილებები კი, ოთარ კახიძის შეფასებით, ვერ შეცვლის იმ სურათს, რაც ქვეყანაშია:

„ვგულისხმობ დანაშაულის ზრდას, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაბატონებას, ორგანიზებული დანაშაულების მატებას... ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება სისტემური მიდგომა, სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკა და არა ფრაგმენტული ინიციატივები“.

იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ კანონში ძალიან ნათლად უნდა იყოს მითითებული და განმარტებული, თუ რას გულისხმობს ქუჩური გარჩევა, რომ ახალი მუხლი პოლიციელების ხელში ზემოქმედების იარაღად.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა გააართლებს იმ შემთხვევაში, თუ ის კეთილსინდიერად განხორიელდება და პრაქტიკაში ამ ნორმას სწორად გამოიყენებენ.

არჩილ ჩოფიკაშვილი
არჩილ ჩოფიკაშვილი

„იმ შემთხვევში თუ იქნება პოლიციის ინტერესი, შესაძლოა, უბრალოდ თავშეყრაც იყოს ინტერპრეტირებული როგორც ქუჩური გარჩევა და საბოლოო ჯამში, გამოიწვიოს ადამიანის უფლებების დარღვევა. ასეთ დროს ადამიანების დაცვის მექანიზმი მართლმსაჯულების გამართული სისტემაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ასევე არ გაგვაჩნია“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

იურისტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმასაც შენიშნავს, რომ ქუჩური გარჩევა, ზოგადად, სოციალურად საშიში მოვლენაა და მისი დანაშაულად გამოცხადება სამართლებრივად სწორია. თუმცა, ისევ და ისევ, მისი განცხადებით, კანონში არ უნდა დარჩეს არც ერთი ბუნდოვანი ჩანაწერი, რის გამოც თითქოსდა დანაშაულთან ბრძოლის დამხმარე ნორმა პოლიციის ხელში იარაღად გადაქცევა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG