Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბი სუფრა, ქველმოქმედება და გამგებელი სანტა


რუსთავი
რუსთავი

ტრადიციულად, რუსთავის საახალწლო მორთვა 20 დეკემბრიდან იწყება ხოლმე - ამ დღეს დგამენ მთავარ ნაძვის ხეს მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე. ქალაქის ცენტრალური ქუჩების ფერადი საახალწლო ილუმინაციებით მორთვა ლამის 31 დეკემბრამდე გრძელდება, მაგრამ დღისით ახალი წლის მოახლოებას სავაჭრო ობიექტების საახალწლო გაფორმება, მარკეტებსა თუ ბაზრებში გაცხოველებული ვაჭრობა და თავისუფლების მოედანზე დადგმული ის დიდი ნაძვის ხე თუ გაგრძნობინებთ.

გადმოწერა

როგორც წესი, წინასაახალწლოდ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა რუსთავის ეგრეთ წოდებულ სტამბოლის ბაზარში, საიდანაც ზოგი პროდუქტებით დატვირთული გამოდის, უფრო მეტი კი - მოკრძალებული ნავაჭრით. ნანული მულაძე ამბობს, რომ ფასები წელს იმაზე მეტადაა გაზრდილი, ვიდრე შარშან, ახალი წლის დღეებში:

„ძალიან ძვირია ყველაფერი. ორი ბარკალი ვიყიდე და ისე მივდივარ სახლში. ერთი ბარკლით საცივს გავაკეთებ, ერთს მოვხარშავ და ეგ არის. ვისაც რისი საშუალება აქვს, იმას ყიდულობს”.

ხალხის ხელმოკლეობაზე ლაპარაკობს მძღოლი ნიკო ელიზბარაშვილიც, რომელსაც ბაზრის მახლობლად არსებული მცირე სადგურიდან მგზავრები კახეთისკენ გადაჰყავს.

„კაცი მწვანილს ვერ ყიდულობს. უმუშევარ კაცს... ყველას ხელი აქვს გამოშვერილი. სხედან და ორი-სამი კონა [მწვანილიც] ვერ გაუყიდიათ. ვერც ყიდულობს ხალხი. ერთი კონა ლარი ღირს, ლარს შოვნა ხომ უნდა?!“

საგულისხმოა, რომ წელს პირველად, საახალწლო ღონისძიებები რუსთავის მთავარ მოედანზე არ გაიმართება. წლევანდელი ეგრეთ წოდებული საახალწლო სოფელი მოაწყვეს გიორგი ლეონიძის სახელობის მოზრდილ სკვერში, რომელიც მჭიდროდ დასახლებული უბანში მდებარეობს. რუსთავის მერიის კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი მარიკა ფიროსმანაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნით მიიღეს:

„მოსახლეობამ რატომღაც ჩათვალა, რომ მერიის წინ ყოველთვის გამართული საახალწლო ღონისძიებების ადგილი მათთვის იყო ძნელად მისასვლელი. წელს გადაწყდა, რომ ლეონიძის სკვერში ჩატარებულიყო, ყველაზე ხალხმრავალი მიკრორაიონების გარემოცვაში. ხალხის ნაკადი არ წყდება. სოფელს ჰყავს თავისი სანტა, რომელიც არის მისი ‘გამგებელი’“.

რუსთავის საახალწლო სოფელი 31 დეკემბრის საახალწლო კონცერტის შემდეგ დაიხურება, მანამდე კი აქ ბავშვებისთვის ტარდება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. საახალწლო სოფელში ახალგაზრდებს საქველმოქმედო მიზნებისთვის გასაყიდად აქვთ გამოტანილი ხელნაკეთი ნივთები. მარიამ ჩაჩანიძე და მისი ორი მეგობარი სუვენირებსა და ცხელ შოკოლადს ყიდიან.მარიამ ჩაჩანიძის თქმით, შემოსული თანხა ბავშვთა სახლს მოხმარდება.

რუსთავი
რუსთავი

საახალწლოდ ქველმოქმედების სურვილი სულ უფრო მეტ რუსთაველს უჩნდება და სოციალურ ქსელში კამპანიასაც იწყებენ, თუმცა ზოგს გამოსდის, ზოგსაც - ნაკლებად. „გააღიმე ბავშვი“ - ასე ჰქვია საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც თიკო სინჯიკაშვილმა სხვა ახალგაზრდებთან ერთად 2012 წელს დააფუძნა. ორგანიზაციამ საქველმოქმედო აქციისთვის სოციალურ ქსელში კამპანია წელსაც დაიწყო. ახალგაზრდებს სურთ ახალი წლის ღამით რუსთავის საავადმყოფოებში მყოფი ბავშვები მოინახულონ, მაგრამ, როგორც თიკო სინჯიკაშვილი ამბობს, აქციას ცოტა ადამიანი გამოეხმაურა. საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი იმედოვნებს, რომ, თუ საახალწლოდ არა, ბავშვების გაღიმებას საშობაოდ მაინც შეძლებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG