Accessibility links

ყველაფერი, რაც ვიცით მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე


გრიგოლ გეგელია, სოფიო ხორგუანი

მთაწმინდა მაჟორიტარ კანდიდატს ამ მოწვევის პარლამენტში მეორედ აირჩევს. პირველი მაჟორიტარი ახლა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ოლქს კი სჭირდება ახალი ხმა საკანონმდებლო ორგანოში.

დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანს განვითარების პერსპექტივების პარალელურად ბევრი პრობლემაც აქვს. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ ამ უბანში ბევრი შენობის კედელი გადაზნექილი და დაბზარულია. ზუსტად ასეთ სახლში ცხოვრობს, უკვე ათწლეულებია, ვალერი ზურაშვილი, რომელსაც ბინის შეკეთება ბოლოს საკუთარი სახსრებით მოუხდა. „პირველ ყოვლისა რასაც ვისურვებდი, ისაა, რომ ჩვენმა დეპუტატმა სახლები შეგვიკეთოს, მთავრობასთან ერთად”, ამბობს ვალერი ზურაშვილი. მისი უბნელი მანანა ბალაკარი მეზობელს ეთანხმება და კიდევ ერთ პრობლემას, მთაწმინდის გამწვანებას, ამატებს.

შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე მაისში გაიმართება. ორი თვით ადრე ცესკო ზუსტ თარიღს დაასახელებს და საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკიც გაირკვევა. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა გამოთქვა საჯაროდ სურვილი, რომ პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძოლოს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, რომ მათ ეყოლებათ კანდიდატი, თუმცა ჯერ ამაზე მსჯელობა მიდის. მსჯელობენ „გაერთიანებულ ოპოზიციასა“ და „ევროპულ საქართველოშიც“. მანამდე კი რადიო თავისუფლებამ უკვე დასახელებულ კანდიდატებს ჰკითხა, რას ჰპირდებიან მთაწმინდელებს გამარჯვების შემთხვევაში.

სოფიო ხორგუანი

უფლებადამცველი და ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა გადაწყვიტა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ, მართალია, ახლა იწყებს სამზადისს, მაგრამ უკვე იცის, რა იქნება მისი პრიორიტეტები.

პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამაში:

  • მთაწმინდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება;
  • გადასახადების შემცირება მათთვის, ვინც ტურისტებზე აქირავებს სახლს;
  • მთაწმინდის რაიონში შენობებისა და მოსახლეობის შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების სისტემიზაცია;
  • ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერა.

„რომ დავიწყე ინფორმაციის გამოთხოვა, აღმოვაჩინე, რომ გამგებელმა არ იცოდა, რამდენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია მის გამგეობაში და აქედან რამდენია ავარიული“,- ამბობს სოფიო ხორგუანი საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრისას.

პოლიტიკის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მთაწმინდას ეხება, ხორგუანი გადასახადების შემცირებაზე ფიქრობს, რაც, მისი თქმით, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შემოსავალს გაუზრდის. ეროვნულ დონეზე კი გეგმავს პარლამენტში შესვლის შემდეგ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი იყოს და აქტიურად იმუშაოს მომავალ კოლეგებთან ამ მიმართულებით.

გრიგოლ გეგელია

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა ამბობს, რომ მის უკან აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების გუნდი დგას, მემარცხენე შეხედულებებით. ისიც საოლქო და ეროვნული თემატიკით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიაში შესვლას.

პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამაში:

  • ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრა;
  • კულტურული მემკვიდრეობის კანონის შემუშავება;
  • უბნების გამწვანება;
  • სპორტული დარბაზების მშენებლობა;
  • დეპუტატის შტაბების გახსნა მთაწმინდაზე;
  • მშრომელთა უფლებების დაცვა.

„ჩვენ ვაპირებთ შტაბების გახსნას მთაწმინდაზე, რომელიც არ იქნება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მაშინაც, როცა პარლამენტში ვიქნებით“, ამბობს გეგელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მის სამოქალაქო მხარდამჭერთა გაერთიანება გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნას.

ორივე დამოუკიდებელი კანდიდატი ხაზგასმით აცხადებს, რომ არ აპირებს ამომრჩეველთან პირისპირ ურთიერთობაზე უარის თქმას დეპუტატად არჩევის შემდეგაც კი. ეს აქცენტი, ალბათ, შემთხვევითი არაა: NDI-ს ბოლო კვლევით აღმოჩნდა, რომ თბილისში გამოკითხულთა 86 %-მა არ იცის ან არასწორად იცის, ვინ მუშაობს მისთვის საკანონმდებლო ორგანოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG