Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა რატომ ცდებოდა უკრაინაში შეჭრის პროგნოზებთან დაკავშირებით?


უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ხარკოვთან ახლოს ბრძოლაში მოკლული რუსი ჯარისკაცის ცხედარი. 2022 წლის 24 თებერვალი.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ხარკოვთან ახლოს ბრძოლაში მოკლული რუსი ჯარისკაცის ცხედარი. 2022 წლის 24 თებერვალი.

2022 წლის 22 თებერვალს ჟოზეპ ბორელის, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის ტელეფონზე, ვაშინგტონიდან ამ ქვეყნის უმაღლესი დიპლომატის ზარი გაისმა.

ბორელის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მას აცნობა, რომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მრავალთვიანი კონცენტრაციის შემდეგ რუსეთი ნამდვილად აპირებდა მეზობელ სახელმწიფოში სამხედრო შეჭრას.

„ტონი ბლინკენმა დამირეკა და მითხრა, იცი, ეს ამ უქმეებზე მოხდებაო“, - იხსენებდა ამ საუბრის შინაარსს ბორელი თვეების შემდეგ. „და მართლაც, ორ დღეში, დილის 5 საათზე, რუსმა სამხედროებმა კიევის დაბომბვა დაიწყეს. ჩვენ არ დავიჯერეთ, ეს რომ მოხდებოდა. არ დავიჯერეთ, რომ ომი იწყებოდა“.

2022 წლის თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს მოხდებოდა. ხოლო როცა ომი დაიწყო, ფართო კონსენსუსი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინის არმია განადგურდებოდა, მთავრობა დაემხობოდა და რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. პროგნოზები მიახლოებითაც არ გამართლდა - მსგავსი არაფერი მომხდარა. შევეცდებით გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება, რაც წინ უძღოდა 2022 წლის 24 თებერვალს და გავერკვიოთ, თუ რატომ შეცდა ერთბაშად ამდენი ადამიანი უკრაინაში ომის დაწყების და მის შედეგთან დაკავშირებით გაკეთებულ პროგნოზებში.

აშშ-ის დაზვერვის ზუსტი ცნობები

თეებით ადრე, 2022 წლის 24 თებერვლამდე, როდესაც მოახლოებული ომის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, დასავლეთის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო ანალიტიკოსები და პოლიტიკის მკვლევრები გულდასმით ცდილობდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განზრახვის გამოცნობას; ისინი ყურადღებით სწავლობდნენ იმ ცნობებს, რაც ვრცელდებოდა რუსეთის მოდერნიზებულ, რეფორმირებულ და კარგად დაფინანსებულ შეიარაღებულ ძალებზე, რომლებთანაც ახლოსაც ვერ მოდიოდა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და დაუკომპლექტებელი უკრაინის შეიარაღებული ძალები.

განადგურებული რუსული ტექნიკა ხარკოვთან ახლოს, 2022 წლის 28 თებერვალი.
განადგურებული რუსული ტექნიკა ხარკოვთან ახლოს, 2022 წლის 28 თებერვალი.

ბევრ მათგანს სჯეროდა, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა, რაც მცდარი აღმოჩნდა.

არ გამართლდა არც ის პროგნოზი, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, უკრაინის არმია სულ რამდენიმე დღეში განადგურდებოდა, ხოლო მთავრობა დაემხობოდა.

წელიწადმა განვლო და ომს ბოლო არ უჩანს, ხოლო ანალიტიკოსები ცდილობენ თავი მოუყარონ იმას, თუ რაოდენ ძლიერ ცდებოდა დასავლეთის სამყაროს დიდი ნაწილი.

„ცხადია, მე არ გამიკეთებია მნიშვნელოვანი მოწოდება, რომლის არსი ის იქნებოდა, რომ შევუერთდებოდი იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში დარწმუნებული იყვნენ, რომ დიდი ომი მალე დაიწყებოდა“, - განაცხადა დეკემბრის ბოლოს პროფესორმა ლოურენს ფრიდმანმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების ექსპერტმა. „უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ომის შესაძლებლობაში, მაგრამ ის ჯერ კიდევ იმდენად აშკარად სულელურ ნაბიჯად მიმაჩნდა, რომ ვფიქრობდი, პუტინს ალბათ უკეთესი ვარიანტიც უნდა ჰქონოდეს-მეთქი“.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფრიდმანმა აღიარა, რომ „მნიშვნელოვანი მოწოდება“, რასაც ომის წინ ამერიკისა და ბრიტანეთის ოფიციალური პირები აკეთებდნენ პუტინის მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ, - სიმართლე აღმოჩნდა. ამ მოსაზრებას პოლონელი ექსპერტი, კონრად მაზურკაც იზიარებს.

„უეჭველია, რომ ეს იყო დაზვერვის დიდი წარმატება. ჩვენ მივეჩვიეთ დაზვერვების ჩავარდნებზე საუბარს, როცა აშშ-ზე მიდგება საქმე. ვამბობთ, რომ ვერ მოხერხდა საქართველოში [რუსეთის] შეჭრის პროგნოზირება. სირიის კრიზისი. ადრინდელი მოვლენები, რაც ცივი ომის დროს ხდებოდა: უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის ინტერვენცია. ის, რაც აშშ-ის დაზვერვამ [უკრაინასთან დაკავშირებით] იწინასწარმეტყველა, სიმართლე აღმოჩნდა“, - ამბობს კონრად მაზურკა, პოლონელი სამხედრო ექსპერტი.

მისი თქმით, აშშ-ის დაზვერვამ დასავლელი მაღალჩინოსნები ომის თაობაზე მრავალმხრივი გამაფრთხილებელი ინფორმაციით უზრუნველყო, რაც ჩვეულებრივ დიდ ფუფუნებად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ ზოგიერთ დასავლელ მოხელეს არ ჰქონდა სურვილი, რომ დაეჯერებინა ეს გამაფრთხილებელი ინფორმაცია, რაც, მაზურკას დაკვირვებით, ფსიქოლოგიური განწყობით აიხსნება.

ლტოლვილები უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე. 2022 წლის 26 თებერვალი
ლტოლვილები უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე. 2022 წლის 26 თებერვალი

„ბევრი ადამიანი ფიქრობდა, ახლა ხომ 21-ე საუკუნეა, კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, 8-9 წელია გრძელდება. ყველა ფიქრობდა, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა სუვერენულ სახელმწიფოში, რომ სამხედრო ძალების ზრდა ბლეფია. ეს იყო ფსიქოლოგიური ბარიერი“, - ამბობს კონრად მაზურკა.

ლონდონის ბრუნელის სახელობის დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის პროფესორის, ფილიპ დევისის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ მიღებული სადაზვერვო ცნობები „ძალიან დიდი სიზუსტით გამოირჩეოდა“.

„ამერიკის დაზვერვის გაფრთხილება, რომელიც ყველაზე ხმაურიანი იყო, სინამდვილეს 7-10 დღის სიზუსტით შეესაბამებოდა, რაც ასეთი მასშტაბის მოვლენების შემთხვევაში საკმაოდ ზუსტია. ლაპარაკია ომის დაწყების განზრახვაზე. თორემ არავინ ეჭვქვეშ არ აყენებდა სადაზვერვო ცნობებს იმის შესახებ, თუ რა [ძალები] ჰქონდა რუსეთს საზღვართან. საკითხავი ის იყო, გამოიყენებდა თუ არა ის ამ ძალას. სირთულე სწორედ იმაშია, რომ თქვენ ცდილობთ შეაფასოთ მავანის არჩევანი, გადაწყვეტილება, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული“, - აღნიშნავს ფილიპ დევისი.

ნატალი სევრიუკოვა თავის სახლთან, კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. კიევი. 2022 წლის 25 თებერვალი
ნატალი სევრიუკოვა თავის სახლთან, კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ. კიევი. 2022 წლის 25 თებერვალი

რუსეთ-საქართველოს ომი, როგორც 2022 წლის 24 თებერვლის პრელუდია

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში ელვისებურად შეიჭრნენ, თითქმის ყველა საომარი მოქმედება ხუთი დღის შემდეგ დასრულდა. მაგრამ კონფლიქტმა თვალსაჩინო გახადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გამაოგნებელი პრობლემები, რამაც მას საბჭოთა კავშირის შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული სამხედრო ტექნიკისა და მეთოდების მოდერნიზებისკენ უბიძგა.

2014 წელს უკრაინაში უფრო ნაკლები მასშტაბის წარმატების, მოგვიანებით კი, სირიაში ბაშარ ასადის დასახმარებლად განხორციელებული ოპერაციების შემდეგ, დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ რეფორმებმა გააუმჯობესა რუსეთის მიერ სამხედრო ძალების სწრაფად გადასროლის, სხვადასხვა დანაყოფს შორის კოორდინირებისა და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების უკეთ გამოყენების უნარები.

და შემდეგ, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროც დადგა.

24 თებერვლამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა და დიპლომატიურმა უწყებებმა საჯაროდ დეტალურად აღწერეს ის, თუ რას გეგმავდა კრემლი უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხრივ. 2021 წლის ნოემბერში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი მოსკოვში გაემგზავრა, რათა უშუალოდ გაეფრთხილებინა რუსეთის ხელისუფლება, არ შეჭრილიყო უკრაინაში. მაგრამ, როგორც ბერნსი მოგვიანებით აღნიშნავდა, იგი მოსკოვიდან „იმაზე უფრო შეშფოთებული დაბრუნდა, ვიდრე ჩასვლამდე იყო“.

ჯარისკაცის ცხედარი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შემდეგ იწვის რუსული ჯავშანტექნიკა. ხარკოვი. 2022 წლის 27 თებერვალი
ჯარისკაცის ცხედარი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შემდეგ იწვის რუსული ჯავშანტექნიკა. ხარკოვი. 2022 წლის 27 თებერვალი

უკრაინის საზღვართან მიმდებარე რეგიონებში თავმოყრილი 175 000 ჯარისკაცზე მეტითა და შავ ზღვაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის აშკარა უპირატესობით, მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის ჯარები ძლიერ დარტყმას განახორციელებდნენ უკრაინაზე, რამდენიმე დღეში აიღებდნენ კიევს და დაამხობდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას.

მაგრამ ჩრდილოეთიდან კიევის ბლიცკრიგით ხელში აღების რუსული გეგმა ჩაიფუშა, დიდწილად დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე აეროდრომის გონივრული დაცვის წყალობით, რამაც რუსულ დესანტს მიწაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცა.

უკრაინის სამხრეთში რუსეთმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწია: ხელთ იგდო ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული შენობა და, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, აზოვის ზღვის ნაპირას მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლიც.

„ის, თუ რატომ ვერ მიაღწია წარმატებას რუსეთის ჯარმა, რომელიც ამის ნაცვლად გზაზე შეჩერდა და დიდ ქალაქებთან, განადგურების შემდეგ, თავდაცვაზე გადავიდა - არა მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობით მთელი საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა“, - წერს დარა მასიკოტი, აშშ-ის ანალიტიკურ ცენტრ „რენდ კორპორეიშენის“ რუსეთის საკითხთა ექსპერტი.

„რაშიც ადამიანები შეცდნენ, ეს იყო რუსეთის არმიის მათეული შეფასება. ვერავინ განსაზღვრავდა, რომ რუსები ასე ძლიერ ჩაფლავდებოდნენ“, - აღნიშნავს დარა მასიკოტი.

ამ ანალიტიკური ცენტრის კიდევ ერთი ექსპერტი კლინტ რიჩი გაკვირვებას ვერ მალავს უკრაინელი სამხედროების გონივრული მოქმედებით, რომლის ფონზეც აშკარად გაქარწლდა რუსეთის არმიის უძლეველობის მითი.

„რუსები ძალიან გულმოდგინედ მუშაობდნენ იმის შესაქმნელად, რასაც შესაძლოა ვუწოდოთ სამხედრო პოტენციალის „პოტიომკინის სოფელი“, - ამბობს ფილიპ დევისი. მას მხედველობაში აქვს უახლესი რუსული ტანკი - Т-14 არმატა, რომელიც რუსი პოლიტიკოსების და სამხედროების მიერ ნაქები ტექნოლოგიისა და პოტენციალის მიუხედავად, უკრაინაში ჯერ კიდევ ვერ გამოიყენეს.

„იოლია მოწინააღმდეგის ქაღალდზე დანახვა, მასზე დაკვირვება და მისი აღჭურვილობის გამოთვლა... თქვენ შეგიძლიათ სატელიტის საშუალებით გადაიღოთ ნებისმიერი სურათი, რასაც მოისურვებთ, შეგიძლიათ დათვალოთ მისი ყველა ტანკი და საბრძოლო ჯავშანმანქანა, თვითმფრინავი და ყველაფერი, რაც მას აქვს; შეგიძლიათ შეადგინოთ მოწინააღმდეგე მხარეების ძალთა ბალანსი. მაგრამ მზადყოფნას, შესაძლებლობასა და ოსტატობას, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოთ, სატელიტურ ფოტოზე ვერ დაინახავთ. სამწუხაროდ, მეც არასწორ მხარეს ვიდექი და არასწორად ვაფასებდი რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას“, - ამბობს მაზურკა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასევე მცდარი იყო პროგნოზი უკრაინასთან მიმართებით, რომლის ძალებსაც, მრავალი ექსპერტის შეფასებით, დიდხანს ვერ უნდა გაეძლოთ მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი რუსეთის არმიის წინაშე. ნაცვლად ამისა, ზოგიერთი სახეობის დასავლური სამხედრო ტექნიკითა და სადაზვერვო მონაცემებით აღჭურვილმა უკრაინის არმიამ ჩაფუშა რუსეთის არმიის მცდელობა, ბლიცკრიგით ეგდო ხელთ უკრაინის დედაქალაქი და დაემხო უკრაინის ხელისუფლება.

„ჩვენ ვერ შევძელით იმის განჭვრეტა, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებდა უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას“, - განაცხადა გასული წლის ოქტომბერში ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა.

  • 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.
  • უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
  • რუსეთმა უკრაინაში განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი. ამის შესახებ 14 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ.
  • აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ახლა უკვე ტანკებსაც.
  • კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.
  • პუტინი აკრიტიკებს უკრაინისათვის დასავლეთის დახმარებას, რასაც რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს. იგი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, რაშიც ეჭვი ეპარება არაერთ რუს სამხედროს, რომლებიც აცხადებენ, რომ ომში სიკვდილს ციხეში ყოფნა ურჩევნიათ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG