Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყინულის მოედანი ყინულის გარეშე


ყინულის მოედანი ქუთაისში
ყინულის მოედანი ქუთაისში

ქუთაისის ყინულის მოედანი მერვე თვეა უფუნქციოდაა. მოედნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მწყობრიდანაა გამოსული ხელოვნური ყინულის წარმომქმნელი აგრეგატი, რომელიც, რამდენჯერმე შეკეთების მიუხედავად, საექსპლუატაციოდ არ ვარგა. მოედანზე ყინულის საფარის უქონლობის მიუხედავად, მეცადინეობები გაზაფხულზე გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფიგურული სრიალისა და ჰოკეის ჯგუფების მოსწავლეები ფიზიკურ ვარჯიშებს სპორტულ დარბაზში გადიოდნენ. ამ დროისთვის კი სპორტული და სამოყვარულო ჯგუფების მწვრთნელები შვებულებაში არიან, 400-მდე მოსწავლე კი დათხოვნილია. ყინულის მოედნის ჯგუფების მოსწავლეები და მათი მშობლები მოედნის ფუნქციონირების განახლებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას ქალაქის ხელისუფლებას აკისრებენ.

ყინულის მოედანი ყინულის გარეშე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00
გადმოწერა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის მოედნის კონსტრუქცია 2011 წელს დამონტაჟდა 600 კვადრატულ მეტრზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 ათას ლარამდე დაიხარჯა...

ყინულის მოედნის საჭიროებასა და ჯანმრთელობისთვის მის სასარგებლო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას სპორტული და სამოყვარულო ჯგუფების მოსწავლეთა მშობლები. მათი თქმით, ბავშვები სპორტის სახეობის დაუფლებასთან ერთად ფიზიკურად ჯანსაღდებიან.

ყინულის მოედანზე ვარჯიშის გაგრძელება სურს ჰოკეის გუნდის წევრს დათა კვირიკაშვილს, რომლის თქმით, სპორტის სახეობას სამი წელია ეუფლება და ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

მოედანზე ყინულის საფარის არქონის გამო წუხს ჰოკეის ჯგუფის ერთ-ერთი აღსაზრდელის მამა, ნიკოლოზ ბობოხიძეც და ამბობს, რომ ყინულის საფარზე რამდენიმე თვით ვარჯიშის შეწყვეტა ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, მომზადების გარეშე ჰოკეის გუნდი მონაწილეობას ვერ იღებს შეჯიბრებებში.

ბოლო დროს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვეების განმავლობაში ყინულის წარმომქმნელი აგრეგატი არ შეკეთდა იმის გამო, რომ მოედნის გადატანა და ტერიტორიის გასხვისება იგეგმება. ამას კატეგორიულად გამორიცხავენ ქუთაისის მერიას დაქვემდებარებულ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, რომელსაც, თავის მხრივ, ექვემდებარება ყინულის მოედანი. გაერთიანების ხელმძღვანელის, კობა ფხაკაძის განცხადებით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მერია პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ყინულის მოედანი ქუთაისში
ყინულის მოედანი ქუთაისში

კობა ფხაკაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აგრეგატი რამდენჯერმე შეკეთდა, დაზიანებული ყველა დეტალის შეძენა ვერ მოხერხდა, რადგან მოწყობილობა ძველია და ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელია გასული აქვს. კობა ფხაკაძის განცხადებით, იმის გამო, რომ მოწყობილობა სპეციფიკურია, რამდენიმე თვე დასჭირდა გამოკვლევას, თუ რომელ ქვეყანაში იწარმოება ის მაღალი ხარისხით. ფხაკაძის მტკიცებით, მერიამ უკვე მოიძია საჭირო თანხა, 200 ათასი ლარი, და აგრეგატის შესაძენად მომავალ კვირაში გამოცხადდება ტენდერი.

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, ყინულის მოედნის კონსტრუქცია 2011 წელს დამონტაჟდა 600 კვადრატულ მეტრზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 ათას ლარამდე დაიხარჯა. ამ დროის განმავლობაში ხელოვნური ყინულის წარმომქმნელი აგრეგატი მწყობრიდან რამდენჯერმე გამოვიდა და შეკეთდა კიდეც. ყინულის მოედანზე ზამთრის სპორტის სახეობების შემსწავლელ სხვადასხვა ჯგუფში სწავლა მოსწავლეთათვის უფასოა და ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა ანაზღაურებს. მოედანი მთლიანად დოტაციაზეა და ფუნქციონირების პერიოდში მერია თვეში 18 ათას ლარს ხარჯავს მოედნის ექსპლუატაციისა და დასაქმებულთა ხელფასებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG