Accessibility links

შაკოს სახალისო პლაკატები აქციიდან


„ჩემი ძაღლიც კი რეაგირებს სახელზე, ჩვენს მთავრობას რა დაემართა? - ბიჭი ამ წარწერიანი პლაკატით ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ფოტოგრაფის ფოტოობიექტივში მოხვდა.

შაკო დემეტრაშვილი აქციებზე ყოველდღე ახალი ლოზუნგით მიდის.

​ერთ-ერთი იყო მაგალითად, ასეთი:

„დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაჩუქო მშვიდობა და თავისუფლება. გილოცავ ელენე!“.

აქციების პირველ დღეს, 20 ივნისს, სამსახურის შემდეგ პარლამენტის წინ რომ მივიდა, წესიერად არც იცოდა რა ხდებოდა - ეგონა, რომ უბრალოდ ჩოჩქოლი იყო მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, რომელიც მალე განიმუხტებოდა.

„უკან მშვიდობიანი მოქალაქეები ვიდექით. ცრემლსადენი გაზიც კი ფოიერვერკი მეგონა“.

სანამ გაზის სუნმა არ შეაწუხა, ვერც კი მიხვდა, რა ხდებოდა.

იმ ღამით სპეცრაზმს გაასწრეს, მაგრამ რაც რუსთაველზე ხდებოდა, იმისთვის თვალი არ მოუშორებია.

„იმ არეულობის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ მინდა - მშვიდობა“.

მეორე დღეს აქციაზე უკვე თავისი დამზადებული პლაკატით მივიდა.

შაკოს გვერდით დგას ხოლმე მისი ძაღლი სპარკიც -.კისერზე შებმული პლაკატით.

„იქ მხოლოდ იმისთვის ვდგავარ, რომ ბედნიერება სხვაგან არ ვეძებოთ. ვეძებოთ და მივიღოთ ჩვენთან, საქართველოში“.

უნდოდა, რომ სიძულვილის ენით კი არ ელაპარაკა, იუმორით ეთქვა სათქმელი.

და გამოუვიდა, იმიტომ, რომ ხალხის რეაქციაც შესაბამისი მიიღო - ღიმილი და მოწონების ნიშნად მაღლა აწეული ცერა თითი.

„ჩემს დაზე რომ დავწერე, მოდიოდნენ და მილოცავდნენ. ერთ უსაყვარლეს ბაბუს ცრემლებიც კი წამოუვიდა და ისე მომილოცა. მეც სულ მეტირება, როცა ვხედავ, რომ ასე ერთად ვდგავართ“.

შაკო ამბობს, რომ ამ აქციაზე ქრება ის, რაც ყოველდღიურობის ნაწილია - მჟავე და უკმეხი სახეები, უხეში ქცევა.

„ყველა თავაზიანი და კეთილია. ერთმანეთს ესალმებიან, ბოდიშს უხდიან ხელის მსუბუქად გაკვრაზეც. მინდა, რომ ასე შეხმატკბილებულად ვიყოთ და ისეთ გარემოში ვიღვიძებდეთ, სადაც ცხოვრება - ბრძოლა გადარჩენისთვის არ არის“.

შაკო აქციაზე დღესაც მივა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG