პროკურატურაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გამოძიების სრულყოფილად ჩასატარებლად მათ დამატებითი დრო სჭირდებათ.
პროკურატურის განმარტებით, საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავაც ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო პროცესი:
„საქმეზე გამოძიების დაწყებიდან დღემდე ჩატარებულია ყველა შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მათ შორის, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებული და გამოთხოვილია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა/ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზები“, - წერილობით გვპასუხობს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, მიუხედავად უკვე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, საჭირო გახდა დამატებითი დროის გამოყოფა:
„საქმის მოცულობის გათვალისწინებითა და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია გამოძიების ვადის გაგრძელება. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეზე გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა“, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.
უწყება არ აკონკრეტებს, რომელი მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს ან რა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელოდებიან გამომძიებლები.
შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.
რადიო თავისუფლებამ პროკურატურას ჰკითხა, გამოიკვლია თუ არა გამოძიებამ ინფორმაცია საქმეში ბრალდებული 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მოიპოვა თუ არა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩატარდა თუ არა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა:
„დღეის მდგომარეობით, ბრალდებულის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის“, - წერია უწყების პასუხში.
პროკურატურა არ აზუსტებს, რა ეტაპზეა ექსპერტიზა და როდის ელოდება დასკვნას.
რას ამბობდა პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომის შემდეგ?
3 თვის წინ, 25 ივლისს, როდესაც ნიკოლოზ კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საქმის პროკურორი, მედეა ცირამუა, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ საქმეში არ იდო არანაირი სამედიცინო საბუთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ 42 წლის კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორც ამას მისი დედა ამტკიცებდა:
„სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორია, სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია არ არსებობს. ოფიციალურად არ დასტურდება ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა...
დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება დაყრდნობილი იყოს იმაზე, რომ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრს აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. დედამ ისიც თქვა, რომ სამართალდამცავებს მიმართა იმიტომ, რომ მისი შვილის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, აქვე გეუბნებით, რომ ოფიციალურად მან უარყო ეს ინფორმაცია“, - უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს 25 ივლისს, სასამართლოს დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება ბრალდებულის დედის მიერ ჟურნალისტებთან საუბრისას ნახსენებ შემაკავებელ ორდერს, რომელიც მისი თქმით, პოლიციამ მის შვილს რამდენიმე წლის წინ გამოუწერა, ერთი თვით ჩამოართვა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღებიც, თუმცა, შემდეგ უკან დაუბრუნეს, მედეა ცირამუამ ჟურნალისტებს უთხრა:
„თავად დედამ არ დაადასტურა საგამოძიებო ორგანოსთან ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტი. დედამ როდესაც მიმართა საგამოძიებო ორგანოს, მან არ დააფიქსირა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. იქ იყო საუბარი მხოლოდ ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და რამდენადაც შემაკავებელი ორდერი მყისიერი რეაგირების მექანიზმია, ამ საფუძვლით გამოიწერა შემაკავებელი ორდერი“.
ბრალდებულის მიერ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებით, 25 ივლისს, პროკურორი აცხადებდა, რომ ნიკოლოზ კაპანაძეს ჰქონდა იარაღის შენახვის უფლება. რაც შეეხება პოლიციის მიერ იარაღის ჩამორთმევასა და შემდეგ დაბრუნებას, მან თქვა:
„გამოძიება საწყის ეტაპზეა. მოსაპოვებელია უამრავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში გაიცა იარაღის შენახვის ნებართვა. არსებობდა თუ არა ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, არსებობდა თუ არა იარაღის ჩამორთმევის სამართლიანი საფუძვლები. ეს უნდა შევისწავლოთ და თუკი ასეთი გარემოებები გამოიკვეთება, ყველა ასპექტში, მათ შორის, სხვა ქმედებების შეფასების, სხვა პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასპექტში, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი“.
რას ამბობს ნიკოლოზ კაპანაძის ადვოკატი?
ბრალდებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. 27 ოქტომბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, არც თემურ ორკოდაშვილმა დააკონკრეტა, რა მტკიცებულებების მოპოვებაზე მუშაობს გამოძიება.
ის ასევე თავს იკავებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი პოზიციისა და ბრალის აღიარება - არ აღიარების შესახებ კომენტარისგან:
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ მაქვს შეთანხმებული ჟურნალისტებთან ურთიერთობის საკითხები. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
რა კითხვები გვქონდა პროკურატურასთან?
რადიო თავისუფლების მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი კითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი უპასუხოდ დარჩა.
ჩვენ მათ ვკითხეთ:
- იარაღის ნებართვა - დაასრულა თუ არა გამოძიებამ იმის შესწავლა, როდის, რა საფუძვლით და რომელი უწყების მიერ გაიცა ნიკოლოზ კაპანაძეზე ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და შენახვის ნებართვა; გამოიკვეთა თუ არა დარღვევები ნებართვის გაცემის ან შემდგომი კონტროლის პროცესში?
- იარაღის ჩამორთმევის შესაძლო საფუძვლები - დადგინდა თუ არა, არსებობდა თუ არა მკვლელობამდე სამართლებრივი საფუძველი ბრალდებულისთვის იარაღის ჩამორთმევის ან ნებართვის გაუქმებისთვის?
- წარსულში შესაძლო ძალადობა - შეისწავლა თუ არა გამოძიებამ ინფორმაცია ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ძალადობის, მუქარის ან სხვა ქმედებების შესახებ, რომლებიც შესაბამისი უწყებების რეაგირებას მოითხოვდა?
- სხვა პირების შესაძლო პასუხისმგებლობა - გამოიკვეთა თუ არა რომელიმე თანამდებობის პირის ან სხვა პირის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, მათ შორის იარაღის ნებართვის გაცემის ან კონტროლის პროცესში? ხომ არ გაფართოვდა ბრალდებულთა წრე?
- გამოძიების გახანგრძლივება - კონკრეტულად რომელი საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა სამი თვის განმავლობაში და ხომ არ უკავშირდება გადადება რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მიღების შეფერხებას?
- ბრალდებულის ჯანმრთელობა - მოიპოვა თუ არა გამოძიებამ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ნიკოლოზ კაპანაძის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება?
რა მოხდა 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე?
2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩის №31-ის მიმდებარედ, სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
პროკურატურის ვერსიით, ნიკოლოზ კაპანაძეს ღია საზოგადოებრივ სივრცეში ოთხ ახალგაზრდასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები ავტომობილში ჩასხდნენ და ტერიტორიიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ნიკოლოზ კაპანაძემ მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
სროლის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი, მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, სროლისას საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებსაც. თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო ერთმა ქალმაც.
გამოძიების ვერსიით, ნიკოლოზ კაპანაძე ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.
რამდენიმე საათში, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, პოლიციელები ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, შანიძის ქუჩის №31-ში მივიდნენ.
როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, პოლიციელების მოთხოვნის მიუხედავად, ნიკოლოზ კაპანაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა, მათ არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს დაემუქრა.
ნიკოლოზ კაპანაძე 23 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით:
- 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
- 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტები - სამი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში;
- 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;
- 19,353¹ მუხლის მე-3 ნაწილი - პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის უცნობია, როდის დასრულდება გამოძიება და როდის გაიმართება წინასასამართლო სხდომა.
ფორუმი