Accessibility links

site logo site logo

შარგაევის საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში და ე. წ. დეპუტატების შეწყვეტილი ბოიკოტი 


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრების ნაწილმა ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო სესიებს დაუბრუნდა, ამას კი წინ უძოდა კრემლიდან დე ფაქტო რესპუბლიკის კურატორის, ვიქტორ შარგაევის, საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 4 აგვისტოს ხმების უმრავლესობით (32-დან 19) დაამტკიცეს ემილია გაგიევას კანდიდატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე. როგორც სააგენტო „რესი" იუწყება, 16 აგვისტოდან გაგიევა შეცვლის ბელა პლიევას, რომელიც ამ თანამდებობას ზედიზედ ოთხი ვადით იკავებდა.

მანამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტი კვორუმის არარსებობის გამო ვერ იკრიბებოდა. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო სხდომებს და არ ეთანხმებოდა ცესკოში საპარლამენტო კვოტის განაწილებას.

4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტმა შვიდი წარმომადგენელი დაამტკიცა: აქედან ორი წევრი ჰყავს მმართველ პარტია „ედინაია ოსეტიას“, თითო-თითო წარმომადგენელი: „ხალხის ერთიანობას,“ „კომუნისტურ პარტიას“, „სახალხო პარტიას“, „ნიხასს " და დეპუტატების გაერთიანებას „სამართლიანობისთვის“.

4 აგვისტომდე კომისიის ასეთი წესით დაკომპლექტების წინააღმდეგი იყო დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ის მოითხოვდა ინდივიდუალურ კენჭისყრას თითოეული კანდიდატისთვის, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატები ამის წინააღმდეგ წავიდნენ, რასაც ბოიკოტი მოჰყვა. ე. წ. დეპუტატების თქმით, ბიბილოვს პირადი მტრობა აქვს თემურ კოკოითის, რომელიც საპარლამენტო ჯგუფმა "სამართლიანობისთვის" წარადგინა, და ალან ფუხაევის მიმართ, რომელიც "სახალხო პარტიამ " წამოაყენა, თუმცა ბიბილოვს დათმობაზე წასვლა მოუწია, რადგან ფუხაევიც და კოკოითიც უკვე ცესკოს წევრები არიან. ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციამ თავისი გაიტანა.

„სხდომაზე დამსწრე ოცდათორმეტი დეპუტატიდან ჩვიდმეტმა მხარი დაუჭირა კანდიდატების კენჭისყრას ერთიანი სიით. პარლამენტის სპიკერმა სცადა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და კენჭისყრის გადადება მომდევნო სესიისთვის. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმები არ არის: ჩვიდმეტი არის დეპუტატთა სიის ზუსტად ნახევარი, მაშინ როდესაც უმრავლესობაა საჭირო. ამის შემდეგ ჩვენ რეგლამენტი გამოვიყენეთ, რომლის მიხედვითაც, დარბაზში დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობა საკმარისია პროცედურულ საკითხებზე კენჭისყრისთვის. თავიდან სპიკერი არ იყო თანახმა, მაგრამ შემდეგ წაიკითხეს რეგლამენტი და აღიარეს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით“.

დავით სანაკოევი „ეხო კავკაზას“ კითხვაზე ვიქტორ შარგაევის ვიზიტისა და ე. წ. დეპუტატებთან და დე ფაქტო პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შესახებ პასუხს არ იძლევა.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე უცხოეთთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში ვიქტორ შარგაევი ცხინვალში იმყოფებოდა. შარგაევი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელია და ის სწორედ ბიბილოვთან დაპირისპირების შემდეგ წავიდა ცხინვალიდან, ახლა კი ოკუპირებულ რეგიონში კრემლის კურატორია. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვეუბნება, რომ ვიზიტი არაფორმალური იყო, თუმცა შარგაევის ვიზიტის შემდეგ საკითხი ისე გადაწყდა, როგორც ეს ოპოზიციას სურდა.

„როგორც ჩანს, ჩვენთან მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით კრემლშიც შეშფოთდნენ და სასწრაფოდ გამოგზავნეს შარგაევი დასალაგებლად. საპარლამენტო ბოიკოტი წელს უკვე ორჯერ იყო. ცენტრალური კომისიის დაკომპლექტებისას დაწყებული დაპირისპირება კი არჩენებამდე გაგრძელდებოდა. გაზაფხულზე გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და აქ უკვე იგრძნობა საარჩევნო დაპირისპირების მოახლოებაც. თან შარგაევი ვერ იტანს ბიბილოვს, აქედან მასთან დაპირისპირების გამო წავიდა, კაგებეს უფროსი იყო და დარწმუნებული ვარ ბიბილოვის კორუფციულ სქემებზე უამრავ ინფორმაციას ფლობს და მას ბიბილოვთან ამ ფარული ვიზიტის დროს არცთუ სასიამოვნო საუბარი ექნებოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ შარგაევმა ხანძარი ჩააქრო, მაგრამ ნაკვერჩხალი ისევ გაღვივებულია. ისიც ფაქტია, რომ, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ კრიზისიდან ოპოზიცია გამოვიდა მოგებული“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

ოსურ მედიას შარგაევის ვიზიტზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა მას ჰქონდა შეხვედრები და ამას არაერთი წყარო ადასტურებს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG