Accessibility links

შარდით აღდგენილი "ღირსება"


ელჩინ ალახვერდიევი

საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის რაიონში მცხოვრები მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოს პარლამენტის წევრის (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (პარტია „ქართული ოცნება“) - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

12 ივნისს მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია მონიტორმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევს ბოდიში მოახდევინეს და აიძულეს სახე საკუთარი შარდით დაებანა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რომლის დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„10 ივნისის ღამესვე აბაზოვს დაუკავშირდა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამ ეტაპზე არცერთი ეს ღონისძიება არ გამოგვიყენებია, რადგანაც მას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, რომლისთვისაც მაქსიმალური სანქცია 2 წლამდე პატიმრობაა...
ჯარჯი წიკლაური

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით; რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეპუტატ სულეიმანოვს დაპატიმრების, დაკავების და სხვა იძულების სხვა ღონისძიებისაგან იცავს იმუნიტეტი.

„ამ ეტაპზე არცერთი ეს ღონისძიება არ გამოგვიყენებია, რადგანაც მას ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, რომლისთვისაც მაქსიმალური სანქცია 2 წლამდე პატიმრობაა. ამდენად არ დგას დღის წესრიგში დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი“, - განმარტა ჯარჯი წიკლაურმა.

მარნეულში მომხდარ დანაშაულზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დეპუტატებს ასევე წაუკითხა მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი.

„აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და თანამდებობისა. აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუმცა, ფრაქცია „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ესაუბრა თანაპარტიელ აზერ სულეიმანოვს, რომელმაც კატეგორიულად უარყო დანაშაულში მონაწილეობა.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პროვოკაციას. რა შუაშია აზერ სულიემანოვი, რომელიც მონაწილეობდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში, რასაც ჰქვია ვითარების გარკვევა?“ - განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე: რა შუაშია სულეიმანოვი?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

მარნეულში მომხდარი დანაშაული კანცელარიასთან გააპროტესტა ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სლოგანით „მთავრობის ადგილი შარდის კონტეინერშია“. აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობის წინ შარდის კონტეინერები მიიტანეს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მარნეულში მომხდარმა დანაშაულმა გამოააშკარავა სახელმწიფო მოხელეთა ნაწილის პოლიტიკური უკულტორობა და ჩამორჩენილობა.

„ასეთი ქცევა დამახასიათებელია ავტორიტარული სახელმწიფოების თანამდებობის პირებისათვის. მათ ალბათ ჰგონიათ, რომ ღირსება აღიდგინეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დააზიანეს სწორედ საკუთარი ღირსება, ასევე დააზიანეს ყველაზე მთავარი: ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა. იმედია, ეს საკითხი არ შემიფარგლება ბრალდებულთა მხოლოდ პასუხისგებაში მიცემით და ვიხილავთ რეალურად აღსრულებულ მართლმსაჯულებას, როცა ეს ადმიანები გასამართლდებიან და შესაბამის სასჯელ მიიღებენ“, - უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG