Accessibility links

site logo site logo

შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალდებული პირები ბრალს არ აღიარებენ


გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირიდან 3 ბრალს არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი 5 პირს წაუყენა, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატებს და ჰკითხა, აღიარებენ თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია ისინი სახელმწიფო ბრალდების მხარემ დამნაშავეებად.

ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეს მყოფი ბრალს არ აღიარებს და მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას მიიღებს ბრალის ოფიციალურად წარდგენისას.

ბრალს არ აღიარებს არც არჩილ გაგნიძე. მისი ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, ვერსია, რომელიც საზოგადოებას პროკურატურამ გააცნო არის გარდაცვლილის ბიძის ვერსია და სამწუხაროა, რომ გამოძიება ამ ვერსიაზე შეჯერდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს ვასილ მამულაშვილიც ბრალის წარდგენისას გაეცნობა, თუმცა კომენტარს აკეთებს პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე, რომლითაც მისი თქმით, არ დგინდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შემხებლობა და დამნაშავეობა შაქარაშვილის საქმეში და შესაბამისად, მტკიცებულებად არ გამოდგება. ამ სამედიცინო ექსპერტიზის მიზანი იყო გაეცა პასუხი ისეთ კითხვებზე, როგორიცაა გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობის და მიზეზების განსაზღვრა.

ბრალის წარდგენისას მიღებულ მტკიცებულებებს ელოდება არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატიც. გიორგი გელხაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხვა ბრალდებულების მსგავსად, არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ბრალს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG