Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შეგვიძლია მიზანშიც ვესროლოთ" - რუსეთის მუქარა შავ ზღვაში


რუსეთის მტკიცებით, HMS Defender-ი შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“ და ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ იყო გამაფრთხილებელი გასროლა სარაკეტო ნაღმოსნის მიმართულებით.
რუსეთის მტკიცებით, HMS Defender-ი შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“ და ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ იყო გამაფრთხილებელი გასროლა სარაკეტო ნაღმოსნის მიმართულებით.

რუსეთი არა მხოლოდ გამაფრთხილებელი დაბომბვით, არამედ „მიზანში სროლითაც“ დაიმუქრა, თუ შემდგომშიც განმეორდება „მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრის ფაქტი“.

23 ივნისს, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სარაკეტო ნაღმოსანი ოდესიდან საქართველოს მიმართულებით მიცურავდა, რუსეთის მტკიცებით, HMS Defender-ი შევიდა „რუსეთის ტერიტორიულ წყლებში“. ამის შემდეგ რუსეთის საპატრულო ხომალდმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თითქოს ბომბი ჩამოაგდო ნაღმოსნის გზაზე.

„ჩვენ შეიძლება მოვუწოდოთ გონიერებისკენ, მოვითხოვოთ საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა. თუ ეს არ უშველის, თუ კოლეგებს არ ესმით ეს, მაშინ შეგვიძლია დავბომბოთ არა მხოლოდ გემის კურსი, არამედ უშუალოდ სამიზნეც. ჩვენ (საკუთარი საზღვრების) სადარაჯოზე ვიდგებით არა მხოლოდ დიპლომატიური და პოლიტიკური, არამედ, თუ საჭირო გახდა, სამხედრო საშუალებებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ბრიტანული გემის ინციდენტის კომენტირებისას.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო, რომ იყო გამაფრთხილებელი გასროლა სარაკეტო ნაღმოსნის მიმართულებით. რაც შეეხება ბრიტანული ხომალდის რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ყირიმი უკრაინის კუთვნილებაა, HMS Defender-ი კი მოძრაობდა „საერთაშორისოდ აღიარებული“ და უკრაინასა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი მარშრუტით.

დიპლომატიური დემარში და მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა 24 ივნისს, რომ ბრიტანეთის ელჩი რუსეთში, დებორა ბრონერი, დაიბარეს სამინისტროში და მას გადაეცემა მკაცრი დიპლომატიური „დემარში“ ერთი დღის წინანდელი ინციდენტის თაობაზე. მოსკოვი იტყობინებოდა, რომ მისმა სამხედრო გემმა გაფრთხილების ნიშნად ისროლა, ხოლო სამხედრო თვითმფრინავმა ბომბები ჩამოყარა ბრიტანეთის სამხედრო ხომალდ HMS Defender-ის გზაზე, რათა მას კურსი შეეცვალა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ HMS Defender-ს ცეცხლი გაუხსნეს, რომ ის რუსეთის წყლებში იყო და ხაზგასმით აცხადებს, რომ ის იმყოფებოდა უკრაინის საზღვაო წყლებში, როცა საქართველოსკენ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართებოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, სინგაპურში ვიზიტის დროს დაადასტურა, რომ არავითარი გასროლა არ ყოფილა, რადგან ბრიტანეთის ხომალდი „მშვიდობიანად გადაადგილდებოდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში... ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ხოლო რუსეთის ვერსია არაზუსტია“.

შავი ზღვა - რუსეთისა და ნატოს მზარდი მეტოქეობის არეალი

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა კიევიდან პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, განდევნის შემდეგ.

მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის გამო ევროკავშირმა და აშშ-მა მოსკოვს სანქციები დაუწესეს.

მაგრამ, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთი არათუ ყირიმის ანექსიაზე არ ამბობს უარს, არამედ ბოლო წლებში იმდენად გააძლიერა თავისი შავი ზღვის სამხედრო დაჯგუფება, რომ, ძალთა ბალანსის მხრივ, აშკარად დომინირებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

რუსეთს სამხედრო სიძლიერით არა მხოლოდ უკრაინის ფლოტი ჩამორჩება, არამედ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან შედარებით, ნატოს ქვეყნების - ბულგარეთისა და რუმინეთის - სამხედრო პოტენციალიც საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება.

შავ ზღვაში რუსეთის რეალურ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს თურქეთი, მაგრამ ანკარისთვის სამხედრო თვალსაზრისით პრიორიტეტულია ხმელთაშუა ზღვის მიმართულება და არა შავი ზღვა.

მაგალითისათვის თუ ავიღებთ წყალქვეშა გემებს, შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებაშია ექვსი წყალქვეშა გემი, რომლის მსგავსი შეიარაღება ამ რეგიონში არ გააჩნიათ ნატოს წევრ სხვა შავიზღვისპირა ქვეყნებს - ბულგარეთსა და რუმინეთს.

„რაც შეეხება რეგიონში ნატოს მესამე წევრს, თურქეთს, მას, რა თქმა უნდა, ჰყავს 14 წყალქვეშა ნავი, მაგრამ არა შავ ზღვაში. ამიტომ რუსეთი აშკარად დომინირებს შავი ზღვის როგორც წყალზედა, ისე წყალქვეშა სივრცეებში. თანაც, რუსეთის 6 ახალი წყალქვეშა ნავი აღჭურვილია „კალიბრის“ კლასის ფრთოსანი რაკეტებით“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილო სამუსი, „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

ასეთი დიდი სამხედრო ძალის კონცენტრირებით რუსეთი ცდილობს შეცვალოს სტატუს-კვო შავ ზღვაში და აიძულოს სხვა ქვეყნები, ანექსირებული ყირიმის არეალში ნაოსნობის დროს მოსკოვის მიერ დადგენილი წესები გაითვალისწინონ.

23 ივნისის ინციდენტით რუსეთის გაღიზიანება იმითაც არის გამოწვეული, რომ შავი ზღვის რეგიონში მალე დაიწყება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამხედრო მანევრები ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებისა და პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, რასაც კრემლი თავისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღიქვამს.

„იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება Sea Breeze 2021 და „დასავლეთი 2021“, რომელიც პირველის დასრულების შემდეგ მალევე, აგვისტოში, დაიწყება, და იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება არჩევნები რუსეთის სახელმწიფო დუმაში, ჩემი აზრით, პუტინსა და მის ფუნქციონერებს მმართველი „ერთიანი რუსეთიდან“ ხელს უნდა აძლევდეთ მსგავსი მილიტარისტული განწყობების გაღვივება. პუტინის, ლავროვის, შოიგუსა და გერასიმოვის ბოლოდროინდელი რიტორიკით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აირჩია „ცივი ომის“ ტონი. ისინი აცხადებენ, რომ დასავლეთს ჩაფიქრებული აქვს რუსეთის მოხრჩობა, შეგნებულად ძაბავენ სიტუაციას და არ არის გამორიცხული, რომ, მსგავსი საინფორმაციო საბაბის შექმნის მიზნით, რუსეთმა შემდგომშიც მოახდინოს Sea Breeze 2021-ის მანევრებში მონაწილეების პროვოცირება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

უკრაინაში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლება Sea Breeze 2021, რომელიც 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი, სხვა მრავალეროვნულ ძალებს შორის საქართველოს თავდაცვის ძალებითაც იქნება წარმოდგენილი.

აშშ-ისა და უკრაინის ამ ერთობლივ სტრატეგიული დონის მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში 10-ზე მეტი ნატოს წევრი ქვეყნის 10 000 სამხედრო პირი და ათეულობით სამხედრო გემი მიიღებს მონაწილეობას.

ასე რომ, ჩვენ წინ რუსეთის მიერ პროვოცირებული არაერთი ასეთი „ინციდენტი“ გველოდებაო, დასძენს სამუსი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG