Accessibility links

შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან


ერგნეთი

ერგნეთში 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა მეექვსე ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ტექნიკური შეხვედრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით, აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ დიალოგი გაგრძელდება. ერგნეთი უკომენტაროდ დატოვა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ერიკ ჰოგმა, ჟურნალისტებს კი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავებისა და ჩორჩანაში მიმდინარე პროცესების შესახებ აინტერესებდათ მისი პოზიცია. მისიის ხელმძღვანელი მხოლოდ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განთავსებული პოსტით შემოიფარგლა და მომხდარ ინციდენტს აღმაშფოთებელი უწოდა.

მეექვსე ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მთელი შეხვედრა დაეთმო ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მეტად ნეგატიურ პროცესებს და პროვოკაციულ აქტივობებს, ასევე იმ აქტივობებს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

„პოზიციები კვლავ რჩება უცვლელი, კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნეს მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების შეფასება წაღვლისა და ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, 24 ოქტომბერს, სოფელ წნელისის შემოგარენში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეებმა დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ეს ფაქტი საგანგაშო და აღმაშფოთებელია. ირაკლი ანთაძემ იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მასში მონაწილე პირები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ - რომ ასეთი ქმედება მიუღებელია და დააზიანებს როგორც ფორმატს, ასევე პროცესს:

„რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის ძალიან საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტი“.

მონიტორინგის მისიის განცხადებით, შეუიარაღებელი მონიტორები 24 ოქტომბრის ნაშუადღევს ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში პატრულირების დროს დააკავეს. განცხადების თანახმად, ინციდენტიდან მალევე ამოქმედდა ცხინვალის ცხელი ხაზი.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავების დეტალების გარკვევა ჯერ კიდევ გრძელდება; იქვე ხაზგასმულია, რომ ადგილი, სადაც პატრული დააკავეს, თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზეა. რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა, რომელმაც საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა

„პრევენციული გასაუბრებისას მათ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღიარეს. თქვეს, რომ შემთხვევით აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე - „გზა აებნათ და დაიკარგნენ“. თუმცა ისინი უახლესი აპარატურით იყვნენ აღჭურვილები: ნავიგაციის მოწყობილობებით, სათვალთვალო საშუალებებით, რადიოკავშირით, ფოტო- და ვიდეოაპარატურით“, - აცხადებენ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში. მათ დაკავებულებისა და აპარატურის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელეს.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა თქვა, რომ მათ მაშინვე გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და ევროკავშირის დამკვირვებლებს მიუთითეს, რომ ასეთი ნაბიჯები დაუშვებელია, რადგან ამ რაიონში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

ირაკლი ანთაძის სიტყვებით, მხარეები დიალოგის გაგრძელების რესურსს ხედავენ, თუმცა უცნობია მომავალი ტექნიკური შეხვედრის თარიღი.

„ერთი შემიძლია დავძინო, რომ შეხვედრის არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია. დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ ზუსტი თარიღი, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, მაგრამ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქმედ დროებით შეზღუდვებს, ანთაძის განცხადებით, ეს დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და დამოკიდებულია მხოლოდ იმ დღეს არსებულ სიტუაციაზე.

„თავად გუშინდელი ინციდენტიც ნათელი დადასტურებაა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს იმ ტერიტორიასთან გამოჩენა, სადაც არის უსაფრთხოების დაზიანებული გარემო. ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ ამასთან და არ აქვს რაიმე სხვა დატვირთვა“, - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

ბოლო დროს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მუდმივად ექმნებათ კონფლიქტის ზონაში გადაადგილების პრობლემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამას მათივე უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან და 24 საათით ადრე ითხოვენ ინფორმაციას ჟურნალისტების გადაადგილების შესახებ. საოკუპაციო ხაზთან მოვლენები იმდენად სწრაფად და იმდენად ბევრგან ხდება, რომ წინასწარი შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაადგილების შეზღუდვა დროებითი მოვლენაა და მაშინვე გაუქმდება, როგორც კი ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა, ასევე, ინფორმაციას, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების სამხედრო მართვის ორგანოები, სასწავლო მიზნებით, მუშაობის საბრძოლო რეჟიმზე გადადიან. ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დე ფაქტო რეჟიმი პერიოდულად მიმართავს მსგავს ქმედებებს, ზოგჯერ ცხადდება წვრთნებიც.

„შეიძლება ასეთი იყოს, თუნდაც, საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადება. დე ფაქტო რეჟიმი მიმართავს ასეთ ქმედებებს პერიოდულად, მაგრამ, რამდენად სერიოზულია, ამას უფრო შემდგომი პროცესები გვაჩვენებს. ეს არის მათი მხრიდან ცალსახად პროვოკაცია და ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არის მარტივი - უნდა შეწყდეს პროვოკაციული მოქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო გახსნა თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან ახალგორთან დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. საზღვარი.

24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეები ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

მომდევნო ტექნიკური შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG