Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ბანკი "აირზენას" პარტნიორი


Georgian airways
Georgian airways

მას შემდეგ, რაც Georgian airways-ის, „აირზენას“ საიტზე ბილეთს შეიძენთ და მეილზე ელექტრონულად მოგივათ, მას მოჰყვება „уведомление об оплате“, რუსული „სბერბანკის“ წერილი იმის შესახებ, რომ გადახდა შესრულებულია.

როგორც კომპანიის ცხელ ხაზზე გვითხრეს, „ლარში ანგარიშსწორებისთვის „საქართველოს ბანკი“ გამოიყენება, დანაჩენი ვალუტისთვის „სბერბანკი“, და სხვა ალტერნატივა არ არსებობს“.

„აირზენას“ დირექტორმა რომან ბოკერიამ განმარტა:

„რუსული რუბლებით ბილეთების გაყიდვის უზრუნველსაყოფად შერჩეული იყო „სბერბანკი“. ამავდროულად, დავძენ, რომ მგზავრს შეუძლია აირჩიოს ვალუტა და ბანკი“.

თუკი მომხმარებელი პირველივე მონიშნული ბანკით გააგრძელებს გადახდას, ევროს გადარიცხვაც „სბერბანკში“ მოხდება. ამიტომ, ვისაც არ სურს რუსულ ბანკში მისი მონაცემები ფიქსირდებოდეს, არჩევანის საშუალება აქვს.

დაცულია თუ არა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია იმ პირობებში, როცესაც მონაცემები რუსულ ბანკში ხვდება?

„მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილია საერთაშორისო გადახდის სისტემის და საერთაშორისო საბანკო კანონმდებლობისა და საერთაშორისო საბანკო მარეგულირებელი სისტემებით“, - ამბობს „აირზენას“ დირექტორი რომან ბოკერია.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი დავით აღნიაშვილი აღნიშნავს, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო საბანკო რეგულაცია ან კანონი არ არსებობს, რომელიც დაიცავდა პერსონალურ ინფორმაციას. არსებობს „ ვიზის“ და „მასტერქარდის“ მოთხოვნები, რაც უზრუნველყოფს კონკრეტული ტრანზაქციების უსაფრთხოებას, მაგრამ პრივატულობის კუთხით ეგ ვერ გამოდგება, რადგან აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება ბანკის მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე.

„კონტრაქტში სულ რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, მაინც შესაძლებელია ლეგიტიმურად ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის. ყველგან ასეა. მომხმარებელი სრულად დაცული არსადაა. უბრალოდ, იმ ინსტიტუციას უნდა ენდობოდეს ადამიანი, ვისაც პირად მონაცემებს აწვდის, ამ შემთხვევაში - „აირზენას“ ან „სბერბანკს“. მაგალითად, ხომ მოგსვლიათ მესიჯები ისეთი კომპანიებისგან, რომლებთანაც კონტაქტი აქამდე არ გქონიათ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ერთხელ ერთ კოპანიაში რეგისტრირდები, შემდეგ ეს ბაზა სხვისდება ან იყიდება და თქვენგან დამოუკიდებლად გადადის სხვა პირების ხელში“.

ასევეა მითითებული „აირზენას“ კონფიდენციალურობის პოლიტიკაშიც. მათ საშუალება აქვთ პერსონალური ინფორმაცია გაუზიარონ ბიზნესპარტნიორებს, ანალიტიკური და საძიებო სისტემის პროვაიდერებს, სარეკლამო ქსელებს და ა.შ . შესაბამისად, ამ და სხვა კომპანიებისთვის ინფორმაციის გაზიარება ნდობის საკითხად რჩება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG