Accessibility links

შეუქცევადი ცვლილებების პირისპირ - რეპორტაჟი ხადის ხეობიდან 


ხადის ხეობის მოსახლეობა ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ გზა გაანადგურებს ისტორიულ ძეგლებს, სახლებს, ეკოლოგიას და, რაც მთავარია, მოსახლეობა კარგავს ნაკვეთებს, რომლებიც გზების დეპარტამენტმა გზის ასაშენებლად მოიზომა.

ხადის ხეობაში ახალმა სატრანზიტო გზამ ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე უნდა გაიაროს. ასფალტ-ბეტონის გზის სიგრძე 22 კმ-ზე მეტი იქნება, 6 ხიდით და 5 გვირაბით. მათ შორის ერთი, 9-კილომეტრიანი გვირაბი, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

ხადის ხეობა თბილისიდან 2-3 საათის სავალზეა. ბუნებით ძალიან ჰგავს ხევსურეთს, თუმცა ამ შემთხვევაში ასფალტის გზა თითქმის ხეობამდე მიდის, რაც ტრანსპორტირებისთვის ძალზედ მოხერხებულია. ხადის „ველური“ ხეობა განსაკუთრებით მოსწონთ ტურისტებს. ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ მათ სოფლებში „ტრაილერებმა“ დაიწყეს სიარული, ხეობა ტურისტებსა და განვითარების პოტენციალს დაკარგავს.

„მთელ მსოფლიოში მსგავსი ადგილები მოწყობილია ტურისტებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც მოგზაურობა, სიარული უყვარს“, - ამბობს პიტერ ნასმიტი, ის ხელმძღვანელია არასამთავრობო ორგანიზაცია National Trust of Georgia-სი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მუშაობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მინდვრები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში სახნავ-სათესად ან საძოვრად იყენებდნენ, სახელმწიფომ გზის ასაშენებლად მიისაკუთრა.

„არ გვირეგისტრირებენ მიწას. საბუთები არ გვაქვს. არადა, ეს ერთადერთი ნაკვეთია, რომელიც ჩემ ქმარს გააჩნია, 1500 კვ.მ. შარშანწინ რომ იყვნენ, ამ ყამირში ჩაუშვეს ბურღი თუ რაღაც საკვლევად. არც გვკითხეს, პირდაპირ მივიდნენ. მერე ინტერნეტში ვნახეთ, რომ ამ მიწის ნაწილი გზების დეპარტამენტს აქვს მითვისებული. ჯერ კიდევ ჩემ მამამთილს ჰქონდა ეს ყამირი, ახლა კიდევ გვეუბნებიან, მიტაცებულიაო. რა არის მიტაცებული, მამა-პაპის ადგილია“, - ამბობს ლია ბუჩუკური, სოფელ ბენიანიდან.

ადგილობრივი აქტივისტი ზურა ბურდული აზუსტებს, რომ ხეობაში, დაახლოებით, 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული და მათ 90 %-ს იდენტური პრობლემა აქვს.

ზურა ბურდული ხადის ხეობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:06 0:00

თავის მხრივ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი აცხადებს:​ „ვისაც დარეგისტრირებული აქვს ან ვისაც სარგებლობაში აქვს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნია, შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან და გამოვისყიდით“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლაშა ბექიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრნაირი დოკუმენტი შეიძლება არსებობდეს, რომელიც მიწის საკუთრებას დაამტკიცებს. ხშირ შემთხვევაში ეს საბუთები მოსახლეობას ხელზე არა აქვს.

„პირველ რიგში, საჯარო რეესტრში უნდა მოიძიონ. ასევე არსებობს აღიარების კომისია, რომელიც ადამიანს მიწას, როგორც თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიას, დაურეგისტრირებს. ამის საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ტერიტორიაზე სახლია აშენებული; ასევე, თუ მიწა უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მომიჯნავეა“, - ამბობს ლაშა ბექიშვილი.

იმ პირებს, ვისაც რეგისტრაციის პრობლემა აქვს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დახმარებასა და კონსულტაციასაც სთავაზობს.

გზისგან რა ხეირი?

ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი გზა მათ თავზე გადაუვლით, ხეობას გააჩანაგებს და თან ამ გზით სარგებლობასაც ვერ შეძლებენ, რადგან ის უშუალოდ სოფლებს არ უკავშირდება.

გიორგი როსტიაშვილი ხადის ხეობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

ხადის ხეობაში კოშკები და საცხოვრებელი სახლები მშრალი წყობით არის აშენებული. მართალია, ლევან კუპატაშვილი ირწმუნება, რომ აფეთქებები ძეგლებს არ დააზიანებს, მაგრამ ადგილობრივებს ამის არ სჯერათ.

ანიჩკა ბექაური ხადის ხეობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

შუა საუკუნეების ძეგლების ხეობა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, „იკომოსის“ წევრი მანანა სურამელაშვილი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა, რომელიც ხადის ხეობის ისტორიულ ძეგლებს ეხება. მისი თქმით, ხეობა სრულფასოვნად ჯერაც არ არის შესწავლილი:

„ძალიან ბევრი ძეგლი არ არის აღრიცხული. ხადის ხეობაზე ისტორიული გზა გადიოდა, ამიტომ ძალიან ხალხმრავალი იყო და ძლიერად გამაგრებულიც. ამის გამო ბევრი ძეგლი შემოგვრჩა: ციხეები, ციხე-კოშკები, სამლოცველოები, ძველი სასაფლაოები, წარწერიანი ქვები... მეორე ხეობა არ ვიცი, სადაც შუა საუკუნეების ძეგლების ასეთი სიმრავლე იქნება. ყოველ ნაბიჯზე რაღაც გხვდება. მაგალითად, ბოსლის თავზე შემთხვევით მე-10 საუკუნის წარწერიანი ქვა ვნახეთ“.

მანანა სურამელაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ხეობაში გზამ გაიაროს და ეს ძეგლები დაუზიანებელი დარჩეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობა არა ლოკალური, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებია.

ხადის ხეობის პირვანდელი სახით შესანარჩუნებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივაც“ იბრძვიან. დამფინანსებელ ბანკებს წერილობით მიმართეს სხვა ექსპერტებმაც, თუმცა სესხი გზის ასაშენელად უკვე დამტკიცებულია და ასევე უკვე განსაზღვრულია კომპანიები, რომლებიც ამ სამუშაოს შეასრულებენ.

XS
SM
MD
LG