Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები გიორგი გაბუნიას განცხადებაზე


​მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ კვირა ღამის გადაცემა “პოსტკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით მიმართა, „ფეისბუკში“ მალევე გაჩნდა პრეზიდენტის, სახელმწიფო უწყებების, მაღალჩინოსნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა ჟურნალისტის ნათქვამი და აღნიშნა, რომ „ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ!“

მმართველი პარტიის ლიდერებმა დაგმეს გაბუნიას განცხადება და მას პროვოკაცია უწოდეს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა და დაასპონსორა თავისი განცხადება მომხდართან დაკავშირებით. შეფასება გამოაქვეყნა ტვიტერზეც:

„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.“

​სიტუაცია შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც.

„რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.“

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ

თანაპარტიელებს შეუერთდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი მზაკვრულ შეთქმულებად აფასებს გუშინდელ გადაცემას და ამავე კონტექსტში განიხილავს ლგბტ აქციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართულს უწოდებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეაფასონ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელი.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. რომელმაც აღნიშნა, რომ გაბუნიას განცხადებამ, მისმა სიტყვებმა ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ტელეკომპანიას, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას:

„გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას“.

​ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კი მაყურებელს ბოდიში მოუხადა. სპეციალური განცხადება ტელეკომპანიამ 7 ივლისს, გვიან ღამით, გაავრცელა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, გაბუნიას ნათქვამზე გაცილებით არაადეკვატურია ხელისუფლების შეფასებები, რაც წამყვანის გინებას მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე წერს, რომ გაბუნიას საქცილი ზიანის მომტანი იყო და გასცდა ერთი ჟურნალისტის ან ტელევიზიის ფარგლებს. "ამავე დროს მისი მამხილებელი ეფექტი შეიძლება გახდეს საზოგადოების თვალის ახელის მნიშვნელოვანი ფაქტორი."

ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობის "ფეისბუკ" გვერდზე წერენ, რომ ჟურნალისტის განცხადება არ უნდა იყოს ამხელა აჟიოტაჟს საფუძველი.

"სასურველია რომ მსგავსი ოპერატიული პასუხი ამ ადამიანებს ჰქონოდათ გავრილოვის პარლამენტში ვიზიტზე და ოკუპანტთა სხვა აქტივობებზე."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვ​ილის აზრით რუსულ ოკუპაციასთან საბრძოლველად ცივილიზებული ფორმაა საჭირო და ეპატჟი მხოლოდ დაგვაზიანებს.

სტატიას კიდევ დაემატება ამ თემასთან დაკავშირებული კომენტარები.

XS
SM
MD
LG