Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეფასებები ივანიშვილის წინადადებაზე


ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე. 2018 წლის 28 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე. 2018 წლის 28 ოქტომბერი

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, გორში ადგილობრივი პარტიული ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

სამოქალაქო აქტივისტმა არინა თავაქარაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე მაშინვე პოსტი გამოაქვეყნა და 2020 წლის პარლამეტში ძალთა გადანაწილება 1992 წლის პარლამენტს შეადარა, სადაც უფრო მეტად ქაოსი იყო, შევარდნაძემ კი პატარა პარტიების წარმომადგენელთა მიმხრობით უმრავლესობა შექმნა, რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეიყვანა. თავაქარაშვილის აზრით, ბარიერის საერთოდ მოხსნით ივანიშვილი პროპორციული სისტემის არსს გააფუჭებს და ეს ვერაფრით გახდება მაჟორიტარულ სისტემაზე უკეთესი. თავაქარაშვილის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკურ სპექტრს რეალურად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სისტემა შესთავაზა.

პარტიულ ოფისებში ახლა იმაზე მსჯელობენ, რა მინუს-პლუსები აქვს შემოთავაზებულ სისტემას, რა რისკებსა და სიკეთეებს შეიცავს და როგორ პარლამენტს მიიღებს ქვეყანა 2020 წელს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ეთერ ჯალაღანია მიიჩნევს, რომ თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. მისი თქმით, პარლამენტში ისედაც იყო პროპორციული არჩევნების მოთხოვნით 200 ათასი ხელმოწერა შესული და ამ საკითხს მაინც განხილავდნენ.

პარტიულ ოფისებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებში უკვე ითვლიან, პარტიებს, წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგებით, დაახლოებით რამდენი წარმომადგენლის გაყვანის შანსი ექნებათ, თუმცა არჩევნებამდე ჯერ წელიწად-ნახევარია დარჩენილი და ელექტორატის გადანაწილების თვალსაზრისით კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი, ვასილისა ჯაბახიძე, აცხადებს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მათი მოთხოვნა იყო, თუმცა, მისი აზრით, ახლა ბრძოლა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მოთხოვნით უნდა გაგრძელდეს და დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას გახარიას გადადგომის საკითხი.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლექსო ვალიაური ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, რომ ივანიშვილს ბოლომდე არ ენდონ. მისი აზრით, ახლა ივანიშვილი დროს წელავს და, საბოლოოდ, ეს შემოთავაზებაც შეიძლება უკან წაიღოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მისი აზრით, ნულოვანი პროპორციული სისტემა ბევრად სჯობია შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას, რადგან პროპორციული სისტემით პარლამენტში ყველა ინტერესთა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი, თუმცა, მერებაშვილის აზრით, აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციების შეცვლაც.

პარტიულ ოფისებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებში უკვე ითვლიან, პარტიებს, წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგებით, დაახლოებით რამდენი წარმომადგენლის გაყვანის შანსი ექნებათ, თუმცა არჩევნებამდე ჯერ წელიწად-ნახევარია დარჩენილი და ელექტორატის გადანაწილების თვალსაზრისით კიდევ ბევრი რამ შეიცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG