Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექმნის თუ არა აჭარის მთავრობა ახალ სამინისტროებს?


აჭარის მთავრობის წარმომადგენლები
აჭარის მთავრობის წარმომადგენლები

მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რის შემდეგაც დოკუმენტი ძალაში შევა.

რეგიონის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის მთავრობას უფლება ენიჭება სამინისტროების რაოდენობა გაზარდოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური და ფინანსური, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით. აჭარის მთავრობას არ აქვს უფლება შექმნას ძალოვანი და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგიონში.როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, ამ დროისთვის საკითხზე მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა აქვე ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროს, როგორც რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას:

ჩამოყალიბებული პოზიცია ახალი სამინისტროების შესახებ ჯერ არ არის, ამაზე ვმსჯელობთ. აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები კი დაექვემდებარებიან რეორგანიზაციას და არსებობს რამდენიმე ვარიანტი მათი საქმიანობის გაგრძელების ...
დავით გაბაიძე

„თუ დაიგეგმება ოპტიმიზაცია, გადაჯგუფება, გაერთიანება ან ახალი უწყებების შექმნა, ეს იქნება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია აჭარისთვის და სადაც გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და გაძლიერება. რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, მზარდია ტურიზმიც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ და გვექნება სრული ხედვა, თუ სად გვჭირდება გადაჯგუფება და სად გვჭირდება გაძლიერება“.

სამთავრობო ცვლილებები კი აჭარაში სავალდებულო იქნება ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომლის თანახმად, ვეღარ იარსებებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებოდაწესებულებები, ამიტომ მათი რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, რათა მომავალი წლიდან ახალი სტრუქტურით გააგრძელონ საქმიანობა.აჭარის მთავრობაში ამ დროისთვის ოთხი საქვეუწყებო დეპარტამენტი მუშაობს: საგზაო დეპარტამენტი, საარქივო სამმართველო, ტურიზმის დეპარტამენტი და გარემოს დაცვის სამმართველო. თუ რა სტატუსით გააგრძელებენ ეს მიმართულებები მუშაობას, ამას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გადაწყვეტს და კანონპროექტს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს დასამტკიცებლად. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ ამჟამად საკითხზე საუბარი მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან:

„თუმცა ჩამოყალიბებული პოზიცია ახალი სამინისტროების შესახებ ჯერ არ არის, ამაზე ვმსჯელობთ. აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები კი დაექვემდებარებიან რეორგანიზაციას და არსებობს რამდენიმე ვარიანტი მათი საქმიანობის გაგრძელების. ეს შეიძლება იყოს მათი ლიკვიდაცია, ასევე შესაძლოა ისინი გარდაიქმნან მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებიდან რომელიმე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებად. მესამე ვარიანტია, რომ მათ დაემატოთ რომელიმე სფერო და სამინისტროდ ჩამოყალიბდნენ და, ბოლოს, შესაძლოა, როგორც სტრუქტურული ერთეულები, დეპარტამენტები ისე შეუერთდნენ რომელიმე სამინისტროს“.

ასე პირდაპირ და ხელაღებით სამინისტროს შექმნა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მცდელობა საკუთარი პარტიული აქტივის, ნათესავების, კლასელების, მეზობლების და ა. შ. დასასაქმებლად...
გიორგი დიასამიძე

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიკი ამჟამად ოთხი სამინისტრო და მთავრობის ამდენივე საქვეუწყებო დაწესებულებაა. ეს სტრუქტურა 2006 წლიდან მუშაობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი დიასამიძე მიიჩნევს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნილი და დღეს მოქმედი სამთავრობო სტრუქტურა სრულიად საკმარისიარეგიონის მართვისთვის:

„რატომ ქმნიან ამას? პრობლემები გვაქვს? თუ ასეა, მაშინ ჩამოვთვალოთ რა პრობლემები გვაქვს და მერე შევხედოთ, არსებულ სტრუქტურას თავისი ფინანსებით, ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით რამდენად შეუძლია კონკრეტული პრობლემების მოგვარება და თუ არ შეუძლია, მერე ვილაპარაკოთ, რომ რაღაცა დავამატოთ. ასე პირდაპირ და ხელაღებით სამინისტროს შექმნა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მცდელობა საკუთარი პარტიული აქტივის, ნათესავების, კლასელების, მეზობლების და ა. შ. დასასაქმებლად“.

სამთავრობო ადმინისტრაციის ხარჯის შესაძლო გაზრდის წინააღმდეგია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური ოფისების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა, თუმცა აჭარის მთავრობის სტრუქტურის შეცვლის მომხრეა იმ შემთხვევაში, თუკი ეს გადაწყვეტილება მიმართული იქნება რეგიონალური პოლიტიკის გაძლიერებისა და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობისკენ:

„თუ მთავრობა დაასაბუთებს გადაუდებელ აუცილებლობას ახალი სამინისტროების შექმნის და საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრი ზრდა არ იქნება, ეს მისაღები იქნება. სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვები. იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც აჭარის მთავრობას აქვს, - ვგულისხმობ ტურიზმის პრიორიტეტულობას, - შეიძლება დაისვას ეს საკითხი. მაშინ ისმის კითხვა: რას ვერ ასრულებს ტურიზმის დეპარტამენტი ახლა და რას გააკეთებს უკეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს დეპარტამენტი გახდება სამინისტრო?“

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი კი მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტური მუშაობისთვის უწყება, რომელიც რეგიონისთვის მთავარ მიმართულებას ავითარებს, უნდა გარდაიქმნას სამინისტროდ, რადგან, მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ტურიზმის დეპარტამენტიმუშაობას გააგრძელებს რომელიმე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად:

„კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ისეთი პრიორიტეტული მიმართულება, როგორიც ტურიზმია, და მასა და უშუალოდ აჭარის მთავრობას შორის იქნება კოორდინაციის გამტარი რომელიმე სამინისტრო, რაც, მგონია, ნეგატიურად აისახება რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, იმიტომ რომ ასეთი სახის სტრუქტურა იქნება ერთგვარად ბიუროკრატიული ბარიერი“.

სულხან ღლონტი ამბობს, რომ ტურიზმის დეპარტამენტის სამინისტროდ გარდაქმნით ადმინისტრაციული ხარჯი არ გაიზრდება, რადგან, მისივე თქმით, ეს უწყება უკვე მუშაობს სამინისტროს სტრუქტურით, მისი ბიუჯეტი კი მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაიზარდა და 10 მილიონ ლარამდე შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG