Accessibility links

შეძლებს თუ არა ფინანსების დაზოგვას "მცირე მთავრობა"?


საქართველოს მთავრობის წევრები პარლამენტში

საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე მსჯელობას პარლამენტი 2 ივლისიდან შეუდგება, 28 ივნისს კი პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც 150-მდე კანონის შესწორებას ითვალისწინებს.

ცვლილებების შემდეგ, „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში, მთავრობა განახლებული შემადგენლობით დაიწყებს საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე პროფესიულ, ექსპერტულ წრეებშიც უჭირთ იმის პროგნოზირება, როგორ შეძლებს მცირე მთავრობა ეკონომიკური ეფექტის მიღწევას, სამთავრობო ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9 %-მდე შემცირებას და, შესაბამისად, 100-120 მილიონ ლარამდე დაზოგვას. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ საკითხზე დეტალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს და ვარაუდებიც ძირითადად ოფიციალურ და კულუარულ განმარტებებს ეყრდნობა:

ვახტანგ ჭარაია ფიქრობს, რომ მთავრობის ეფექტიანობის გაზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროფესიული კადრების მიზიდვაა. მისი შეფასებით, სამინისტროების რაოდენობის გაზრდაც კი არ არის თავისთავად პრობლემა, თუ მიზანი ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა და გაუმჯობესებაა. იგი ამბობს, რომ თანხის ეკონომია თვითმიზანი არ უნდა იყოს, მცირე მთავრობის ყოლა კი სამინისტროების რაოდენობის გაზრდითაც შეიძლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, მცირე მთავრობის კონცეფცია კი უშუალოდაა მიბმული სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან. ნაცვლად თოთხმეტისა, უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა 10 სამინისტროსა და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატით დაიწყებს საქმიანობას იმ გათვლით, რომ სამინისტროების გაერთიანებით განპირობებული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს, თუმცა, როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას 2017 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია:

მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, ნაერთი ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე შენიშნავს, ნაერთ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯის შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ისედაც იგეგმებოდა. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 2017 წელს 4,4 % იყო, 2018 წელს 4,2 %-ია; 2019 წლისთვის 4 %-ზე იყო დაგეგმილი, ხოლო 2020 წლისთვის - 3,8 %. ბესიკ ნამჩავაძეს აინტერესებს, როგორ შეიძლება მცირე მთავრობის კონცეფციის კლებას მივაწეროთ ის, რაც ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვით ისედაც პროგნოზირებული იყო და უფრო ნაკლებ პარამეტრებშიც კი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ამ კითხვაზე მთავრობისგან პირდაპირი პასუხის მიღების საშუალება არ ჰქონია. მისთვის გაუგებარია ასევე რას გულისხმობს ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ზომის შემცირებაში. ექსპერტები და პროფესიული წრეები პროცესს გარედან აკვირდებიან, მათ არ მისცემიათ საშუალება, თუნდაც რეკომენდაციების სახით გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც მცირე მთავრობის ეკონომიკური ეფექტის მიღწევის მთავარ პირობად განიხილავს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ეკონომისტი ანდრია გვიდიანი, სახელმწიფოს, მთავრობის როლის შემცირებაა, კერძო სექტორის გაძლიერების ხარჯზე:

ანდრია გვიდიანი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ხარჯების თუნდაც 100-120 მილიონი ლარით შემცირება მეორეხარისხოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთავრობა ამ ხარჯების სხვა, კერძოდ, სოციალური მიმართულების პროგრამებზე გადატანას გეგმავს და მის დახარჯვას თავადვე აპირებს. იგი ვარაუდობს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია ადმინისტრაციულ სტრუქტურებში დასაქმებული ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდება მტკივნეული და არასასიამოვნო. ეს მოლოდინი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 28 ივნისს კიდევ ერთხელ გააქარწყლეს. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ არ იგეგმება არც სამუშაო ადგილების შემცირება და არც ცალკეული სამინისტროების შენობების პრივატიზება:

კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ნათია მიქელაძეს, ეკუთვნის, გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა უწყებაში, მმართველობის ყველა დონეზე იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG