Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„3+3“ შეხვედრა თეირანში საქართველოს გარეშე, ლავროვის მონაწილეობით - გეოპოლიტიკური განტოლების თავისებურებანი


„3+3“-ის შეხვედრის მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრები (მარცხნიდან) არარატ მირზოიანი (სომხეთი), ჯეიჰუნ ბაირამოვი (აზერბაიჯანი), ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი (ირანი), სერგეი ლავროვი (რუსეთი) და ჰაკან ფიდანი (თურქეთი).
„3+3“-ის შეხვედრის მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრები (მარცხნიდან) არარატ მირზოიანი (სომხეთი), ჯეიჰუნ ბაირამოვი (აზერბაიჯანი), ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი (ირანი), სერგეი ლავროვი (რუსეთი) და ჰაკან ფიდანი (თურქეთი).

საქართველოს ინტერესებისთვის მიუღებელი ფორმატის - „3+3“-ის მორიგ შეხვედრას ირანმა უმასპინძლა. საქართველო შეხვედრებში არ მონაწილეობს, მაგრამ ფორმატის არითმეტიკაში კვლავ იგულისხმება - თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად.  

23 ოქტომბერს, თეირანში რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. შეხვედრის ძირითად საკითხებს შორის წინასწარ დასახელდა სამშვიდობო მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური საკითხები, უსაფრთხოება, ტრანზიტი, ენერგეტიკა.

  • რა საერთო ინტერესები ამოძრავებს ფორმატის მონაწილე ქვეყნებს?
  • შეცვალა თუ არა "3+3"-ის ინტერესები ყარაბაღის საკითხის გადაჭრამ და ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბულმა ვითარებამ?

9-პუნქტიანი შედეგი

„3+3“ ფორმატის მონაწილე ხუთი ქვეყნის მინისტრებმა დღის ბოლოს ერთობლივი 9-პუნქტიანი კომუნიკე მიიღეს, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

ტექსტში „ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა“ და ადამიანური კონტაქტების მნიშვნელობაა ხაზგასმული, მათ შორის - კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში.

მინისტრები თანხმდებიან, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა დადებით როლს ასრულებს „ურთიერთნდობის განმტკიცებაზე, ხალხების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე რეგიონში“.

„[მინისტრები] მიესალმებიან ნორმალიზების განგრძობად პროცესებს და ურთიერთობების განვითარებას რეგიონის ყველა ქვეყნას შორის“, - წერია ტექსტში.

კომუნიკეს მიხედვით, მინისტრებმა განიხილეს ღაზის სექტორის საკითხი და „ხაზი გაუსვეს უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე თავდასხმის სწრაფად შეწყვეტას“. ისრაელი ნახსენები არ არის.

კომუნიკეს პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრები თანხმდებიან:

  • მეგობრული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე,
  • დავების მშვიდობიანად გადაწყვეტის აუცილებლობაზე;
  • ასევე ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების პატივისცემაზე.

კომუნიკეს ხელს აწერს რუსეთიც - რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

ამავე დროს, „3+3“-ის პლატფორმის მონაწილეები კვლავ არ კარგავენ საქართველოს შეერთების იმედს.

„მათ [მინისტრებმა] დაადასტურეს, რომ პლატფორმა [„3+3“] ღიაა საქართველოს თანაბარუფლებიანი მონაწილეობისთვის“, - ვკითხულობთ კომუნიკეს მე-7 პუნქტში.

23 ოქტომბერს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველო არ მონაწილეობდა თეირანის თავყრილობაში და რომ უარი საგარეო უწყებისგან მოისმინეს.

„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„3+3“-ის პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, მოსკოვში, მინისტრების მოადგილეების დონეზე. საქართველო არც ომ შეხვედრას დასწრებია, თუმცა საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი. საქართველოში ეს ფაქტი გააპროტესტეს.

გრძელი შეხვედრები - ხანმოკლე საუბრები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თეირანში 23 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ჩავიდა და მალევე გამოცხადდა, რომ ის ირანის პრეზიდენტსაც შეხვდა.

ებრაჰიმ რაისმა ასევე პირადად მიიღო თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - ჰაქან ფიდანი, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი.

„მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ მეგობრულ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგი, დამყარებული ურთიერთპატივისცემასა და ათასწლოვან ძმობაზე“, - წერს სომხეთის საგარეო უწყება მას შემდეგ, რაც სომეხი მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტვიტერზე, თეირანში გამართული შეხვედრების არაერთი ფოტო გამოაქვეყნა. მათ შორის არ არის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრის ამსახველი ფოტოები.

ლავროვთან შეხვედრის ცნობები და ფოტომასალა არც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ოფიციალურ ვებსაიტზე იძებნება.

ვიდრე ლავროვი ირანში ჩავიდოდა, შედგა სატელეფონო საუბარი მასსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, განიხილეს „მიდგომები საკონსულტაციო რეგიონალური პლატფორმა „3+3“-ის საქმიანობასთან დაკავშირებით“.

გვიან ღამით რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების უდიდესი ნაწილი ეთმობა ლავროვის შეხვედრებს და საუბარს ირანის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლოს კი, ერთ აბზაცში აღნიშნულია, რომ „ხანმოკლე საუბრები“ შედგა აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

არ გამართულა ცალკე შეხვედრა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მონაწილეობით.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში საჭიროა ირანისა და რუსეთის საგარეო უწყებების კოორდინირება. საერთო ინტერესად თვლიან ასევე: „ავღანეთს, სირიასა და კასპიის პრობლემატიკას“.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, სერგეი ლავროვმა, რუსეთის სახელით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შესთავაზა დახმარება - მათ შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში და აღნიშნა, რომ მხარეებმა სამშვიდობო პროცესი საბოლოო შეთანხმებაზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

„3+3“ ფორმატის ფარგლებში თურქი მინისტრი თავის სომეხ კოლეგას შეხვდა. „კვლავ დადასტურდა ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მზადყოფნა“, - კონკრეტიკის გარეშე იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ჯეიჰუნ ბაირამოვმა, „3+3“-ის ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის [დერეფანი] შექმნის ახალ საკომუნიკაციო კავშირს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად ევრაზიაში“. როგორც აღინიშნება, ბაქოს გეგმა გულისხმობს სატრანსპორტო კავშირს „აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ ზონასა და აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანს შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით“.

„ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებული გეგმა აფრთხობს სომხეთს, რადგან აზერბაიჯანს გაცხადებული აქვს განზრახვა, რომ თუკი ეს ნებით არ გამოვა, ძალასაც გამოიყენებს.

რუსეთი და ირანი - შესუსტებული პოზიციებით?

პოლიტოლოგი და ჟურნალისტი, გელა ვასაძე, რომელიც რუსულენოვან იუთუბგადაცემას - „Новости с Кавказа“-ს უძღვება, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „3+3“ ფორმატში ჩართული მხარეების ინტერესები მნიშვნელოვნად შეცვალა ომმა ახლო აღმოსავლეთში; რადგან პირველი რიგის ამოცანად არსებული ბალანსის შენარჩუნება იქცა.

„რამდენიმე კვირის წინაც კი, რუსეთსა და ირანს შესაძლოა აწყობდათ საომარი მოქმედებები სამხრეთ კავკასიაში. დღეს არცერთ მხარეს არ აწყობს, რადგან იმავე ირანს სერიოზული რისკები აქვს ახლო აღმოსავლეთში.

ამ ფონზე, რეგიონში სერიოზულად გამაგრებულია თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები და შესუსტებულია რუსეთისა და ირანის პოზიციები. ისინი ცდილობენ, რომ შეინარჩუნონ ის ბალანსი, რაც არსებობს დღეს“, - აცხადებს გელა ვასაძე რადიო თავისუფლებასთან.

ირანი პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მთავარი მოკავშირეა და ბოლო პერიოდში, თეირანი ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ჩართულობითაც იმუქრება; თუმცა, ექსპერტების შეფასებით - როცა ისრაელს მხარს უჭერენ აშშ და სხვა მოკავშირეები - საეჭვოა, რომ ირანმა რეალური სამხედრო დაპირისპირება გაბედოს.

ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ „3+3“-ის ფორმატში ერთიანი ინტერესები არ არსებობს.

„ვხედავთ დაჯგუფებებს: ერთი მხრივ, ირანი და სომხეთი არიან ერთად; მეორე მხრივ - აზერბაიჯანი და თურქეთი. ჯგუფში რუსეთს ასეთი მკაფიო მოკავშირე არ ჰყავს. კი იხრება ირანისკენ და კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მაგრამ მოკავშირეობა არ არის ეს“, - ეუბნება ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი რადიო თავისუფლებას. „3+3“ ფორმატს ის თავიდანვე მკვდრადშობილად თვლიდა და მით უფრო ახლა, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ „რუსეთს უამრავი სანქცია დაუწესდა“ და „მასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდული აქვს“.

ბატიაშვილის განმარტებით, „3+3“ ფორმატში ირანის აქტიურობა იმით არის განპირობებული, რომ „მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის არცერთი სხვა ფორმატი არ გააჩნია“ და ამ პლატფორმების გამოყენებას ცდილობს.

დასავლეთის გარეშე?

„ერთ-ერთი გამორჩეული მიზანია რეგიონის პრობლემების მოგვარება - დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე“, - ასე აღწერს ირანული მედია „3+3“-ის დანიშნულებას, მათ შორის - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.

23 ოქტომბერს, შეხვედრის დაწყებამდე, ირანის ელჩმა რუსეთში, კაზემ ჯალალიმ ტვიტერზე დაწერა, რომ სადავო საკითხები „უნდა გადაწყდეს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობითა და ურთიერთობით და უცხოელი სუბიექტები არ უნდა იყვნენ ჩართული“.

კომუნიკეში, რომელსაც ნატოს წევრი თურქეთი აწერს ხელს - დასავლეთი - აშშ ან სხვა ქვეყნები ნახსენები არ არიან. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანული მხარე ლაპარაკობდა სომხეთის დახმარებით - საფრანგეთის საგანგებო დაინტერესებაზე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი, ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „3+3“ ფორმატი მავნებლური და საქართველოს ინტერესებისთვის სრულიად შეუსაბამოა, ხოლო ირანი რეალობას არის აცდენილი, როცა სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის განდევნაზე ლაპარაკობს.

„გამოდის, რომ ირანი არ არის ინფორმირებული, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აშშ-სთან, ხელმოწერილი 2009 წელს და 2016 წელს ასევე გვაქვს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან.

სრული ილუზიაა, თუკი ირანს სჯერა, რომ მასთან კარგი ურთიერთობების გამო ანდა ოკუპანტ ქვეყანასთან [რუსეთი] ერთად მაგიდასთან დაჯდომის გამო, ჩვენ გადავხედავთ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და უარს ვიტყვით კონსტიტუციურ ფასეულობებზე“, - ვალერი ჩეჩელაშვილი ვერ ხედავს სივრცეს, „რომ სრულ თანხვედრაში მოვიდეს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პოლიტიკური პრიორიტეტები, თუნდაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე“.

ექსპერტები პრაქტიკულად გამორიცხავენ, რომ, ირანის გამო, თურქეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდნენ ისრაელს.

ვალერი ჩეჩელაშვილი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თანმიმდევრულად კარგი ურთიერთობები“ ისრაელთან და თეირანში საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლის ფაქტს „აზერბაიჯანი, ალბათ, აუხსნის ისრაელს“.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თეირანში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი უწოდა ინიციატივას „აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ საკუთარი პრობლემების დაძლევა“ და, რომ „თანამშრომლობისა და მეგობრობის გზაზე წინაღობების აღმოფხვრა ხდება“.

გელა ვასაძის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით არის დაინტერესებული; ხოლო ის ფაქტი, რომ ეხმარება ღაზის სექტორს - თურქეთში არსებული დემოკრატიული პრინციპებით აიხსნება.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ანკარამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია სამხედრო თვითმფრინავით გააგზავნა. მანამდე, საპრეზიდენტო თვითმფრინავმა სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია ეგვიპტის დედაქალაქში ჩაიტანა.
ბორტზე იყო ასევე „გამოცდილი მედიკოსების 20-წევრიანი ჯგუფი“.
ეგვიპტიდან ტვირთი სატვირთო ავტომობილებით გადაიზიდება. „ანადოლუს“ თანახმად, თურქეთი ღაზის სექტორს სამხედრო ჰოსპიტლებითაც დაეხმარება.

რას ცდილობს რუსეთი?

გელა ვასაძე ამბობს, რომ რუსეთის მთავარი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით - მის მიერ შექმნილი „ახალი რეალობის“ აღიარებაა, რაც მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას ნიშნავს, თუმცა „გასაგებია, რომ ამაზე არასოდეს წავა საქართველო" და ამიტომ „ისინი აქცენტს აკეთებენ ეკონომიკურ კავშირებზე“.

ამ კუთხით, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ინტერესად, პოლიტოლოგი „აფხაზეთის რკინიგზის“ მონაკვეთის აღდგენას ასახელებს.

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილზე ხშირად ლაპარაკობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ მათთან ჩასული იყო „რუსეთის რკინიგზის“ სპეციალისტების წარმომადგენლობითი დელეგაცია და ითვლიან სავარაუდო ხარჯებსაც.

„ოჩამჩირის იქით რკინიგზა ან სრულადაა მოშლილი, ან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება საინჟინრო ინფრასტრუქტურა - საკუთრივ გზა, ხიდები, ელექტროგაყვანილობა, გვირაბები და ა.შ. ეს ყველაფერი აღსადგენია. კომისიის სტუმრობის შემდეგ მიმდინარეობს გაანგარიშება, რა შეიძლება დაჯდეს ამ მონაკვეთის აღდგენა“, - ბჟანიას თქმით, საკითხი გადაიჭრება, „თუ მზადყოფნას გამოავლენს ქართული მხარე“.

2023 წლის აგვისტოში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმაც განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლებლად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოსთან საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას.

ივნისში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

23 ოქტომბერს, თეირანში დამტკიცებულ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ „3+3“ ფორმატის მორიგ შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს და თარიღი დაზუსტდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თურქეთში შეხვედრა 2024 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

„მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ („3+3“) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ეკუთვნის. ამის შესახებ მან 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.
ამას წინ უძღოდა რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG