Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრების განახლება, დიალოგი - რა ხდება აფხაზეთის მიმართულებით?


საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ენგურის ხიდზე
საოკუპაციო-გამყოფი ხაზი ენგურის ხიდზე

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, წლების წინ და არაერთხელ მათ მიერვე დაბლოკილი გალის სამუშაო შეხვედრების ფორმატის აღდგენას უჭერენ მხარს. ჩნდება კითხვა - რატომ? და რატომ ახლა?

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეც განიხილებოდა; თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „გალის შეხვედრები პირობების გარეშე უნდა აღდგეს“.

რა პირობები წამოაყენა ბოლოს აფხაზურმა მხარემ? - ამას საგარეო უწყება არ აკონკრეტებს.

მანამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ფაქტობრივად, მიღწეულია IPRM-ის დიალოგის აღდგენის შეთანხმება.

პარალელურად, კვლავ განხილვის საგნად რჩება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის საკითხი, რასაც არასამთავრობო სექტორიც უჭერს მხარს - თუმცა არა პოლიტიკურ თემებზე.

შეხვდებიან თუ არა ისევ?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა გალის ფორმატში მუშაობის „სწრაფი განახლება“ და ასეთივე პოზიცია აქვს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. მათ ეს საკითხი ჯერ კიდევ შარშან შეათანხმეს - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბასა და რუსეთის ე.წ. ელჩის აფხაზეთში - მიხაილ შურგალინის შეხვედრაზე.

მოსკოვსა და სოხუმს შორის ამ საკითხზე ახლა სრული თანხმობაა, ისევე, როგორც სრული თანხმობა იყო, წლების წინ, ამ ფორმატის შეხვედრების შეწყვეტაზეც.

რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, IPRM-ის ფორმატში შეხვედრების აღდგენას ყოველთვის უჭერდა მხარს საერთაშორისო თანამეგობრობა. განცხადებაში, რომელიც ეუთოში აშშ-ის დელეგაციამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გამოაქვეყნა, გამოთქმულია იმედი, რომ გალის მიმართულებით შეხვედრების განახლება „შესაძლო უახლოეს მომავალში“ გახდება.

როდის? - დაკონკრეტებული არ არის.

IPRM-ის საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის მორიგი რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ჟენევის მორიგი რაუნდის დაწყებამდე, 5 დეკემბერს, მედიას უთხრა, რომ „ყოველგვარი პირობების წაყენება ქართული მხარისთვის მიუღებელია... გალის IPRM უნდა აღდგეს იმ ფორმატით, რასაც ითვალისწინებს [ჟენევაში 2009 წელს] შეთანხმებული დოკუმენტები“.

და რა პირობები წაუყენეს ქართულ მხარეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა?

რადიო თავისუფლებას საგარეო უწყებაში ეს არც 8 დეკემბერს დაუკონკრეტეს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ - „გალის შეხვედრები პირობების გარეშე უნდა აღდგეს“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) - საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლებთან საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შეხვედრებისთვის.
ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტებზე რეაგირებისთვის IPRM-ის შეხვედრები ერგნეთში იმართება.
აფხაზეთის მიმართულებით, წინასწარი შეთანხმებით, შეხვედრები მონაცვლეობით უნდა გამართულიყო გალსა და ზუგდიდში, თუმცა საბოლოოდ ყველა შეხვედრა გალში იმართებოდა და დროდადრო, ეს შეხვედრები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყდებოდა.
გალის IPRM 2018 წლის შემდეგ აღარ გამართულა.

აფხაზური მხარის ერთ-ერთი პირობა, შეხვედრების აღსადგენად, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მხარის წარმომადგენლების შესვლისას საზღვარგარეთის პასპორტების წარდგენას უკავშირდებოდა, ქართული მხარე საოკუპაციო ზოლის გადაკვეთას მხოლოდ პირადობის მოწმობით ითხოვდა.

მაგრამ, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თბილისში, 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თითქოს ეს საკითხი უკვე მოგვარდა და შეთანხმებაც მიღწეულია.

  • აფხაზური მხარე რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ უკვე მზადდება სივრცე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად - „ენგურის ხიდის შემდეგ, საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე“ .
  • „ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ შევეცდებით, რომ ამ ფორმატში პრეტენზიები მოვაგვაროთ... დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, - განაცხადა ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ.
  • ოკუპირებულ აფხაზეთში ლაპარაკობენ მდინარე ენგურის მიმდებარედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე კარვებში შეხვედრების გამართვის შესახებაც.

შეხვედრების განახლების საკითხზე საუბრისას, ფილიამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სიმპათიებიც გამოხატა. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა „იძლევა სიგნალს იმის შესახებ, რომ მას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგი“.

რატომ ახლა?

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 2012-2014 წლებში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ - გალის ფორმატი აღდგება, რადგან რუსეთი აფხაზეთს დათმობას აიძულებს - ქართულ საზოგადოებაში ილუზიების შესაქმნელად და ეს საკითხი მომავალ არჩევნებსაც უკავშირდება.

„ხდება კოჭის გაგორება ქართული მხარისთვის, რათა "ქართული ოცნების" ამომრჩეველს ან ნეიტრალურ ამომრჩეველს შეუქმნას ილუზია, განცდა, რომ რუსეთია ერთადერთი, რომელმაც შეიძლება ხელი შეგვიწყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებაში. ეს არის ბლეფი, ფეიკი, მაგრამ ამაზე ბევრი წამოეგება“, - ეუბნება ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებას. მიმდინარე მოვლენებს ის ადარებს წინა არჩევნების პერიოდის ცნობილ კამპანიას „გარეჯი საქართველოა“, რომელიც არჩევნების ჩავლის შემდეგ მალევე დასრულდება და „ამიტომ აფხაზები მონაწილეობენ ამ სპექტაკლში, რა პრობლემაა“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ვარაუდობს, რომ გალის მიმართულებით შეხვედრების აღდგენა, მათ შორის - უკავშირდება რთულ ვითარებას, რომელშიც რუსეთი საერთაშორისო სანქციების გამო აღმოჩნდა.

„სანქციების პირობებში რუსეთი კიდევ უფრო დაინტერესებულია, რომ საქართველოს გავლით ტვირთისთვის არსებობდეს სხვა დერეფანი - ლარსის პარალელურად. აქვს ინტერესი აფხაზეთის მიმართულებიდან ტვირთის მოძრაობის აღდგენის, მათ შორის - რკინიგზით. არ გამოვრიცხავ, რომ ამანაც შეუწყო ხელი გალის შეხვედრებს აღდგენის თემის გააქტიურებას“, - ეუბნება ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.

წლების წინ დაბლოკილი ფორმატის კვლავ განახლებაზე ლაპარაკი აფხაზურმა მხარემ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო და თანდათან სულ უფრო გააქტიურდა. მანამდე ეს ფორმატი არაერთხელ შეწყდა და ეფექტიანად თითქმის არასდროს უმუშავია.

  • 2018 წლის 27 ივნისს, როცა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა იმართებოდა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების ფაქტი გააპროტესტეს და გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ფაქტის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. ეს იყო IPRM-ის ბოლო შეხვედრა აფხაზეთის მიმართულებით.
  • მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ გალის ფორმატის შეხვედრებზე უარი 2012 წლის აპრილში განაცხადა. ეს უარი თავდაპირველად უკავშირდებოდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს, რომელსაც სოხუმი მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ანჯეი ტიშკევიჩი „არასასურველ პირად“ გამოაცხადეს. მართალია, 2013 წელს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას უკვე სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, მაგრამ გალის შეხვედრების აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა.
  • ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრა 2016 წლის 27 მაისს გაიმართა.

პირდაპირი დიალოგი

გალის მიმართულებით IPRM-ის შეხვედრების პარალელურად, ბოლო პერიოდის აქტიური განხილვის თემაა ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგის წარმართვის საკითხი. ამ კუთხით შეკითხვები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ დისტანციური შეხვედრა გამართეს. მათ შეკითხვებს შეხვედრის ორგანიზატორი - ვანო ჩოკორაია უსვამდა.

ამ შეხვედრაზე შამბამ განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა გააჩნია; ხოლო ყოლბაიამ აღნიშნა, რომ თბილისი საუბრის მომხრეა.

ხელისუფლების ოპონენტებს გაუჩნდათ შეკითხვები - რატომ მოხდა იმგვარი დიალოგის ფორმატების გააქტიურება პოლიტიკოსებს შორის, რაც მანამდე არ იყო დაშვებული? ხომ არ შეცვალა ხელისუფლებამ პოზიცია?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განმარტა, რომ დიალოგის ერთადერთ ფორმატად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება. „მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯემალ გამახარიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო სოხუმიდან თანამდებობის პირის დიალოგზე დათანხმება. მისი განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე საუბრის შესაძლებლობაზე ლაპარაკი არ არის, თუმცა შესაძლოა - იყოს ეკონომიკაზე

პაატა ზაქრეიშვილი ამბობს, რომ, კარგ შემთხვევაში, ხელისუფლება აქტიურად უნდა ზრუნავდეს ეფექტიანი, თუნდაც არაფორმალური კავშირების დამყარებაზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან; ქვეყნისთვის აუცილებელი მიზნების მისაღწევად. თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს ასე არ არის.

ხოლო რაც შეეხება, მაგალითად, შამბასა და ყოლბაიას დიალოგის აფიშირებას, პაატა ზაქარეიშვილი კვლავ რუსეთის „კოჭის გაგორებისა“ და „ილუზიის შექმნის“ გეგმის ნაწილად თვლის.

„დიალოგის ფარგლებში ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს “მტრის ხატის“ მსხვრევას, ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას, ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებას საზოგადოებების სამომავლო კეთილდღეობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“, - წერია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. ხელმომწერებს შორის არის უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.

ნანუაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ საგანმანათლებლო პრობლემებზე აუცილებელი საუბარი თუნდაც პოლიტიკოსებს შორის და პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი, „რაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ“.

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი დიალოგის განვითარების ახალი ფორმატების შექმნისა და დიალოგის გააქტიურების აუცილებლობას ხედავენ.

დიალოგს ეჭვით უყურებენ სოხუმში.

7 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. როგორც თავად აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა - USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში .

„ამ პროექტის პრაქტიკული რეალიზებისას გამოვლინდა მცდელობა - შეიქმნას დიალოგის მოედნები ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში - პირდაპირი კონტაქტების დამყარების მიზნით აფხაზეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის - დევნილებს შორის“, - წერია არძინბას განცხადებაში.

ინალ არძინბას გადაწყვეტილებით, 2022 წლის მაისში დაიხურა საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტი. არძინბამ მაშინაც თქვა, რომ მიუღებელია ყველა პროექტი, რომლიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, იქნება ეს ექსპერტებისა თუ ახალგაზრდობის ჩართულობით.

მეორე მხრივ, აფხაზეთში აღიარებენ იმ ფაქტს, რომ - ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფოს მკვიდრთაგან უკვე „ბევრს აქვს საქართველოს მოქალაქეობა“ და მათ შორის - „აფხაზეთის ზოგიერთ გმირსაც კი“. ამ საკითხზე ლაპარაკი დაიწყო იმ ფონზე - როცა ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ დაიწყეს მსჯელობა „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის უფლებაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG