Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ცუდი იყო თუ კარგი, თქვენ გადაწყვიტეთ


რადიო თავისუფლებამ 2022 წლის ისეთი ამბები შეკრიბა, რომლებიც შესაძლოა ორგვარად ფასდებოდეს - დადებითად და უარყოფითად.

ევროპა რუსული გაზის გარეშე

2022 წელს უკრაინაში წამოწყებული ომის გამო დასავლეთმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა. ომის დაწყების დღიდან დაიწყო ევროკავშირმა რუსული გაზის ალტერნატიული გზების ძებნაც.

სექტემბერში ბალტიის ზღვის ფსკერზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მარშრუტის დაზიანებების გამო , ევროპა ზამთრის დადგომამდე დარჩა რუსული გაზის გარეშე. თუმცა 2022 წელს, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ ევროპამ შეძლო რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება, რაც მოსკოვის მძლავრი შანტაჟის იარაღი იყო.

ევროკავშირმა მაისში წარადგინა გეგმა სახელწოდებით REPowerEU რომელიც რუსულ წიაღისეულზე დამოკიდებულების კლებას გულისხმობდა, ენერგიის დაზოგვის, წყაროების დივერსიფიკაციისა და განახლებადი ენერგიის ხარჯზე.

ცვლილებები ევროპას ევროპას ერთი მხრივ, საკმაოდ ძვირი - 300 მილიარდი ევრო უჯდება, მეორე მხრივ კი საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება რეკორდულად მცირე დროში გახდა საჭირო.

თუმცა დიდ ხარჯებს მოსახლეობის ერთსულოვნება უმყარებდა ზურგს. გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული ევრობარომეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 85% ეთანხმებოდა იმ აზრს რომ ევროკავშირს უნდა შეემცირებინა რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

ამრიგად, ზამთრის დადგომამდე, 1 ნოემბრის მდგომარეობით ევროკავშირის გაზის მარაგები 83%-ით შევსებული იყო.

ნატოს გაფართოება - რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად

მაისში ფინეთმა და მისმა მეზობელმა შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები შეიტანეს როგორც პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს ისინი ალიანსში.

ფინეთმა და შვედეთმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. 5 ივლისს ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოქმებს მოაწერეს ხელი.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ცნობით ამჟამად ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ მოახდინა ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაცია. თურქეთისა და უნგრეთის მიერ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა.

პლანეტის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

2022 წლის 15 ნოემბერს გაერომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს მიაღწია. ეს რეკორდული რიცხვია.

დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა 7 მილიარდიდან 8 მილიარდამდე 12 წელიწადში გაიზარდა. თუმცა მომდევნო წლებში შესაძლოა პროცესი შენელდეს. გაეროს გათვლებით მომდევნო ერთმილიარდიანი ზრდას 15 წელიწადი დასჭირდება.

ზრდის დაახლოებით 70% მოდის დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე. გაეროს პროგნოზით აზიისა და აფრიკის ქვეყნებში დაიბადება ყველაზე მეტი ბავშვი მომდევნო წლების განმავლობაშიც. მოსალოდნელია, რომ ჩინეთს მოსახლეობის რაოდენობით გადაუსწრებს ინდოეთი.

გაერო განმარტავს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობითაა განპირობებული, რაც თავის მხრივ გამოწვეულია უკეთესი საზოგადოებრივი ჯანმრთელობით, კვებით, ჰიგიენის დაცვითა და სამედიცინო მიღწევებით.

გამოიწვევს თუ არა პლანეტის მოსახლეობის 8 მილიარდამდე ზრდა გლობალური დათბობის დაჩქარებასაც? მეცნიერები ამბობენ, რომ არა. რადგან გამონაბოლქვის დონე მაღალია მდიდარ ქვეყნებში, მოსახლეობის მატება კი საშუალო და ღარიბ ქვეყნებში ხდება. თუმცა მეტი ადამიანი პლანეტაზე ნიშნავს მეტი ცხოველისა და ფრინველის დახოცვას.

COVID-19-ის პანდემია არ დასრულებულა?

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პანდემია თითქმის აღარავის ახსოვდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაინც შეახსენებს ქვეყნებს, რომ კორონავირუსს ჯერ კიდევ პანდემიის სტატუსი აქვს.

თითქმის ორ წლიანი საგანგებო ზომების შემდეგ მსოფლიომ დაიწყო კოვიდ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. მოსახლეობამ არაერთ ქვეყანაში მოიხსნა პირბადე და დაიწყო თავისუფლად მიმოსვლა. ნაკლებად აგრესიული გახდა ვირუსი და შემცირდა კოვიდ გარდაცვალების მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში, ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 იანვარს დაასრულოს კოვიდ კარანტინს და გახსნის ქვეყნის საზღვრებს.

მუნდიალი კატარში

2022 წლის მსოფლიოო ჩემპიონატი ფეხბურთში კატარში ჩატარდა. ეს იყო ისტორიაში პირველი მუნდიალი, რომელიც ზამთარში გაიმართა, რადგან ზაფხულში კატარში ძალიან ცხელა.

ეს იყო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ჩემპიონატიც, რაშიც კატარმა 220 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ჩემპიონატზე იყო კიდევ ერთი პრეცედენტი, კაცების მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმსაჯა ქალმა, 38 წლის ფრანგმა სტეფანი ფრაპარტმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილი იყო კატარისთვის, რომელიც უკიდურესად კონსერვატორი მუსლიმი ქვეყანაა.

კატარში ჩემპიონატის ჩატარება მას შემდეგ გახდა კრიტიკის საგანი, რაც 2010 წელს ამის შესახებ ფიფამ პირველად გამოაცხადა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ქვეყანაში სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

ნავთობითა და გაზით მდიდარ კატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის 7 ახალი სტადიონი ააშენეს. ეს კი მიგრანტების მძიმე და არაადამიანური შრომის ფასად მოხდა. მაგალითად, 2016 წელს AI-მა დაწერა, რომ სტადიონების, სასტუმროებისა და გზების მშენებლობებზე გაუსაძლის პირობებსა და 40-გრადუსიან სიცხეში მუშაობდნენ. დღეში 14-18 საათს, დასვენების გარეშე. მუშების საშუალო ხელფასი თვეში 220 დოლარი იყო.

წლებია, კატარში სისტემურად ირღვევა ლგბტ ადამიანების უფლებებიც. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2019-2022 წლებში პოლიციელებმა სცემეს 6 ადამიანს და სექსუალურად იძალადეს 5-ზე.

ჰომოსექსუალობა ქვეყანაში კრიმინალიზებულია. ამის გამო ჩემპიონატზე აკრძალული იყო ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სიმბოლიკის გამოყენება.

დეპი ჰერდის წინააღმდეგ

1 ივნისს აშშ-ში, ვირჯინიაში გამართულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი ემბერ ჰერდი ერთხმად ცნეს დამნაშავედ თავისი ყოფილი ქმრის, მსახიობ ჯონი დეპის რეპუტაციის შებღალვაში.

გახმაურებული საქმე სასამართლოში თითქმის ორი თვე განიხილებოდა და ამან ამერიკის საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის შესახებ დისკუსიების ახალი ტალღა წარმოშვა.

ჰერდი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ყველა პუნქტში. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ქმრის შესახებ მისი განცხადებები ძალადობის თაობაზე ყალბი იყო.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ #Metoo კამპანია შეირყა.

თუმცა, თავად მოძრაობამ ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება სადაც ამბობდა, რომ დეპი-ჰერდის სასამართლო პროცესი გახდა სამაგალითო საქმე იმისა, თუ როგორ შეიძლება სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობები იარაღად აქციონ იმ ადამიანებმა, ვისთვისაც ეს მოძრაობები შეიქმნა.

#Metoo-მ ასევე განაცხადა, რომ მოძრაობა ცოცხალია და ის ჰეშთეგზე უფრო მეტია ბევრი ქალისთვის.

ილონ მასკმა ტვიტერი იყიდა

27 ოქტომბერს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად იყიდა.

ყიდვისთანავე მასკმა 7500-მდე თანამშრომელი, ანუ დასაქმებულთა თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაუშვა, რაც იმით განმარტა, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან კომპანია დღეში 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა.

შეამცირეს ის თანამშრომლების რაოდენობაც, ვინც ტვიტერზე დეზინფორმაციას ებრძოდა.

მასკმა ტვიტერის ანგარიში აღუდგინა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. რომელიც დაიბლოკა 2021 წლის იანვარში კონგრესზე მისი მხარდამჭერების თავდასხმის შემდეგ “ძალადობის შემდგომი გამწვავების” თავიდან ასარიდებლად.

მასკის გადაწყვეტილებების მიმართ კრიტიკის ფონზე მილიარდერმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ გადადგება კომპანია Twitter Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან, როცა თავის შემცვლელს იპოვის, თუმცა კვლავ უხელმძღვანელებს სოციალური მედიის ამ პლატფორმის მნიშვნელოვან დანაყოფებს.

ეს განცხადება მოჰყვა ტვიტერის მომხმარებელთა გამოკითხვას, მასკის ინიციატივით, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს მის გადადგომას.

"მე გადავდგები აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან მაშინვე, როგორც კი ვიპოვი პირს, რომელიც საკმარისად სულელი იქნება იმისთვის, რომ დათანხმდეს ამ თანამდებობაზე მუშაობას! ამის შემდეგ მე ვუხელმძღვანელებ სოფტვერის და სერვერების გუნდებს", - დაწერა მასკმა ტვიტერზე.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG