Accessibility links

შვილო, შუბლი გაქვს ცხელი...


არ არის აუცილებელი საგნების გეომეტრიული პარამეტრებისა და ქიმიური შემადგენლობის ცოდნა იმისათვის, რომ ვამტკიცოთ, ზევით ასროლილი ქვა, ჯოხი თუ ბურთი - ყველა დედამიწაზე დაეცემა.

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მოგვცა სერ ისააკ ნიუტონმა თავის უმთავრეს ნაშრომში - „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, რომელშიც „ადამიანთა მოდგმის მშვენებამ“ მსოფლიო მიზიდულობა აღწერა.

დიახ, გრავიტაციის გავლენით სხეულები ერთმანეთს იზიდავენ და, შესაბამისად, არავის უკვირს, რომ ზევით ასროლილი სხეულები (როგორი ფორმისა და ბუნებისაც უნდა იყვნენ) უზარმაზარი მასის დედამიწაზე ეცემიან. ზუსტად ასევე, არაა აუცილებელი „რუსთავი ორის“, ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“, ვატო წერეთლის, მამუკა ხაზარაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ბეჟან ლორთქიფანიძის და სხვათა და სხვათა საქმეების დეტალური ცოდნა იმისათვის, რომ ვამტკიცოთ: ყველა ამ საქმეს ქართული პოლიტიკის გრავიტაციის ცენტრი - ბიძინა ივანიშვილი და მისი მიზიდულობის ძალა ამოძრავებს. მეტიც, თუ თავისუფალ ვარდნას ვაცლით, ადრე თუ გვიან, ყველა მათგანი ბიძინა ივანიშვილის ფეხებთან მოადენს ზღართანს.

„დაჰაკეს ტელევიზია“ - ნიუტონობა არაა საჭირო იმასათვის, რომ გამოვიცნოთ, კრიტიკულია თუ არა ეს ტელევიზია ხელისუფლების მიმართ ან „დააკავეს პოლიტიკოსი“ - მარტივია გამოცნობა, მმართველი პარტიის წევრია ეს პოლიტიკოსი თუ ოპოზიციისა... ცხადია, ასევე რთული არ არის ამ სიის გაგრძელება, რადგან წლიდან წლამდე იზრდება გრავიტაციულ წნეხში მოყოლილი ადამიანებისა და ორგანიზაციების რაოდენობა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა, ხელისუფლებისათვის ბრძოლის პირველ თვეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერი მხოლოდ შუას გაკრეფას სჯერდებოდა. დღეს ბევრად მეტია გასაკრეფი და გასამარგლი, რადგან რეიტინგის კლების პარალელურად, გაიზარდა რეალური და პოტენციური ოპონენტების რიცხვი, რომლებსაც განეიტრალება სჭირდებათ. ჩინელი ხალხის დიდ ბელადს, მაო ძედუნს რომ დავესესხოთ, მტერი თავისით არ გაქრება. შესაბამისად, საჭიროა მოქმედება ანუ რეალური თუ პოტენციური ოპონენტების განეიტრალება.

„გრავიტაციის ცენტრს“ ამგვარი მოქმედებისკენ უბიძგებს ძალაუფლების დაკარგვის შიში, რომელიც, უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სულაც არ არის არარეალური. ძალაუფლების დაკარგვამ კი, რა გასაკვირია, რომ, სულ ცოტა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილ ქმედებათა ტოლი უკუქმედება გამოიწვიოს? ერთგვარი ნიუტონის მესამე კანონია: პოლიტიკურად დევნიდი? გდევნიან შენც! დაიჭირე? შენც დაგიჭერენ!

თუ აწ განსვენებულ თემურ ქორიძეს - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ პოლიტიკოსსა და შესანიშნავ ლიტერატორს დავესესხებით, იმთავითვე შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ „სიმდიდრის ცუდი ფორმა“ საქართველოს კარგ შედეგამდე არ მიიყვანდა.

„ჩვენში არსებული სოციალური პოლარიზაცია არავითარ დემოკრატიულ ჩარჩოში არ თავსდება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უმწვავესად იგრძნობა იმ ფაქტორის აქტივიზირება, რასაც შარლ მონტესკიე „სიმდიდრის ცუდ ფორმას“ უწოდებდა: „სიმდიდრის ცუდი ფორმაა ის, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც ხალხის ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მიწათმოქმედებაზე“. სამწუხაროდ, სიმდიდრის ასეთი ცუდი ფორმა ჩვენში, ჯერჯერობით, მხოლოდ დადებით მოვლენად აღიქმება და ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ ამ ფაქტორის მავნე გავლენაზე“, - წერდა თემურ ქორიძე ჯერ კიდევ 2015 წელს.

„სიმდიდრის ცუდ ფორმას“, ცხადია, საფრთხეს ვერ უქმნის ვერც ეკონომიკის განვითარების ნელი ტემპი, ვერც ლარის კურსის ვარდნა, ვერც უმუშევრობა და ვერც სიღარიბის დაბალი დონე. ერთადერთი, რაც მას შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს და აღელვებდეს, ძალაუფლებაა, რომლის შენარჩუნების სურვილიც უბიძგებს გაკრიფოს და გამარგლოს არა მხოლოდ შუა, არამედ მთელი ტერიტორია - შორეულიც და მახლობელიც. სწორედ ამ გამარგლის ნაწილი იყო წმენდა თავისივე კოალიციის შიგნით, რომელიც ჯერ შეეხო „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებს“, შემდეგ ცალკეულ ლიდერებსაც (მაგ. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს და ა.შ.) და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიის შიგნით არავინ დარჩა ისეთი, ვინც ლიდერსა და გრავიტაციის მთავარ წყაროს პირუთვნელად მოახსენებდა გაუარესებული (პოლიტიკური) ჯანმრთელობის შესახებ, არავინ დარჩა ისეთი, ვინც - გალაკტიონს რომ დავესესხოთ, შუბლზე ხელს დაადებდა და ეტყოდა:

„შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, შვილო!“

XS
SM
MD
LG