Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი - მთავარი აქცენტი ხოჯევანიშვილის ოჯახიშვილობაზე


სოზარ სუბარი და გიორგი ხოჯევანიშვილი
სოზარ სუბარი და გიორგი ხოჯევანიშვილი

შიდა ქართლს ახალი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ჰყავს. გიორგი ხოჯევანიშვილი სახელმწიფო სამსახურში კერძო სექტორიდან დაბრუნდა. დღეს ის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და მედიასთან მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარადგინა. ბოლო წლების განმავლობაში პირველად, რეგიონის გუბერნატორად ადგილობრივი კადრი დაინიშნა. მანამდე მისი წინამორბედები ძირითადად დედაქალაქიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე. ხოჯევანიშვილის წარდგენისას სუბარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მხრიდანაც ხაზი მის ოჯახიშვილობას გაესვა - იმას, რომ ხოჯევანიშვილის პაპას და მამას კარგად იცნობდნენ, რომ დედა გორის უნივერსიტეტის ლექტორია და ძმა - გენერალური ინსპექციის უფროსი. მოკლედ, ოჯახსა და გორელობაზე ხაზგასმა ამ წარდგენის მთავარი აქცენტი იყო. წინა გუბერნატორების მიმართ თვითმმართველობის წევრების მხრიდან ხშირი იყო პრეტენზიები, რომ ისინი აქტიურად ერეოდნენ საკრებულოებისა და მერების საქმიანობაში. რადიო თავისუფლების კითხვას, რა პოზიცია ექნება პრემიერის ახალ წარმომადგენელს რეგიონში, სოზარ სუბარი უპასუხებს, რომ ის უფრო მაკოორდინირებელი იქნება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის.

რაც შეეხება ახალი გუბერნატორის პრიორიტეტებს, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლების ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება მისი მთავარი საზრუნავი.

გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მისი საქმიანობა გამჭვირვალე იქნება. რაც შეეხება კერძო კომპანიებში არსებულ მის წილებს, არ მალავს, რომ აქვს საოჯახო ბიზნესები და მედიისთვის ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. ხოჯევანიშვილის დანიშვნას გორში უკვე მოჰყვა პირველი რეაქციები. ზოგი 2011 წელს მის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობას ნეგატიურად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხოჯევანიშვილის ბიოგრაფიაში ლაქები არ არსებობს. ისიც ცნობილია მისი ბიზნესსაქმიანობიდან, რომ ერთბაშად რვა კომპანიის წარმომადგენელია და აქედან ორის ხელმძღვანელად ახლაც ფიქსირდება. ახალი გუბერნატორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აქცენტს ძალოვანი უწყებებიდან გამოსულ კადრებზე აკეთებს და ეს მათი აგონიის მანიშნებელია.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ბაგრი კი მიიჩნევს, რომ ვერც ყოფილი და ვერც ახალი გუბერნატორები ვერაფერს შეცვლიან, რადგან ხელისუფლებაში ამის ნება არ არსებობს.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ გოგინაშვილი კი ამბობს, რომ მოლოდინი ახალი გუბერნატორის მიმართ დიდია და მას პარტიული მხარდაჭერაც ექნება რეგიონის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

ახლო მომავალში გიორგი ხოჯევანიშვილი სოზარ სუბართან ერთად საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს მოივლის, მოუსმენს ადგილობრივ მოქალაქეებს და სამოქმედო გეგმასაც დასახავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG