Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს იკვლევს იმ საპატრულო ეკიპაჟის მოქმედებას, რომელიც 13 წლის მოზარდის მკვლელობამდე გამოიძახეს


შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს იმ საპატრულო ეკიპაჟის მოქმედებას, რომელიც რუსთავში 13 წლის მოზარდის მოსალოდნელი მკვლელობის დროს გამოიძახეს.

13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, 10 თებერვალს, დილით, მისივე ბინაში დანით მოკლეს. მკვლელობა მოზარდის 29 წლის ბიძას ბრალდება. გარდაცვლილი პირველად ნახეს პატრულის თანამშრომლებმა, რომლებიც მეზობლებმა გამოიძახეს.

შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელმა მაია ფელიშვილმა განაცხადა, რომ „ამ მართლაც მძიმე ფაქტთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს „მასშტაბური გამოძიება“.

მაია ფელიშვილმა ეს განაცხადა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გენდერული ძალადობის თემაზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, როცა ქალთა ოთახის თანამშრომელმა ლელა დევრისაშვილმა პრეტენზია გამოთქვა ბავშვის მკვლელობის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მისი სიტყვებით, პატრული გამოძახებიდან მალევე მოვიდა, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა „40 წუთის განმავლობაში არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ და როგორ გაენეიტრალებინათ მოძალადე ბიძა“.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ჯერ არც ვიცით, იქ რეალურად რა მოხდა. მე, ჩემი სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის მჯერა გამოძიების და ვინ რას ამბობს და როგორ აფასებს ეკიპაჟის მოქმედებას, გამოძიებას ამაზეც ექნება პასუხი...
მაია ფელიშვილი

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ საიდან ფლობს ამგვარ ინფორმაციას, ქალთა ოთახის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ამაზე ლაპარაკობენ ტრაგედიის თვითმხილველები.
„ამას ამბობს მთელი სამეზობლოც“, დასძინა ლელა დევრისაშვილმა

პასუხად შს სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელმა მაია ფელიშვილმა თქვა, გამოძიება დაადგენს, რამდენად პროფესიულად მოქმედებდა საპატრულო ეკიპაჟი ტრაგედიის დროსო:

„გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ჯერ არც ვიცით, იქ რეალურად რა მოხდა. მე, ჩემი სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის მჯერა გამოძიების და ვინ რას ამბობს და როგორ აფასებს ეკიპაჟის მოქმედებას, გამოძიებას ამაზეც ექნება პასუხი... შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი პოლიციელი მუშაობს. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ყველა ფრთიანი ანგელოზია“.

სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ უკვე დაასრულა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ბიძის ფსიქიკური გამოკვლევა. რადიო თავისუფლებას ქვემო ქართლის პროკურატურაში განუცხადეს, რომ ელოდებიან ექსპერტიზის შედეგებს.

ბრალდებული ამ დრომდე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კლინიკაში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გამოძიების ჩვენებებში ბრალდებულის მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ მოზარდის ბიძა მკვლელობის წინა დღეებში არაადეკვატურად იქცეოდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG