Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში რუსეთს „არანაირი“ როლი არ შეუსრულებია


გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებული ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში არანაირი როლი არ შეუსრულებია რუსეთის ფედერაციას. როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფორმულა ჩიხში შესული პროცესის გასაგრძელებლად შემუშავდა.

BBC-ის კორესპონდენტმა გერმანიის პრეზიდენტს ჰკითხა - რა როლი შეასრულა რუსეთმა და ჰქონდა თუ არა მას ზეგავლენა „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილი იმ გეგმის შემუშავებაზე, რომელსაც უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კრემლში დაწერილი უწოდა და რომელმაც უკრაინაში ბოლო პერიოდში დიდი ვნებათა გამოიწვია.

„არანაირი“ - განაცხადა შტაინმაიერმა, თუმცა შემდეგ დაამატა ისიც, რომ - ვერ გაიგო ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის შინაარსი. გერმანიის პრეზიდენტს უფრო ვრცელ პასუხში რუსეთი არ უხსენებია.

„სამი წლის წინ პარიზში, „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მოლაპარაკებების პროცესი წინ არ მიდიოდა ... ეს იყო პროექტები, რომლებიც მინსკის შეთანხმების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ნაბიჯები ძალიან დიდი იყო ორივე მხარისთვის...

ამიტომ ფორმულა წარმოადგენს მხოლოდ იმის მცდელობას, რომ უფრო პატარა ნაბიჯებად გარდაქმნილიყო ის დიდი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც კონფლიქტის არცერთ მხარეს არ სურდა. უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები თანმიმდევრულად და შინაარსობრივად. უკრაინაში გამოვლენილი დაპირისპირება ცოტათი მაოცებს, რადგან ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

უკრაინაში ცხარე დებატები და მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ გეგმაზე.

ოპონენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციას „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში ადანაშაულებენ - 1 და 6 ოქტომბერს კიევში მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. BBC-ის ცნობით, ხალხი ხელისუფლებისგან „შტაინმაიერის ფორმულის“ დეტალურ განმარტებას ითხოვს და ზელენსკის „ცხელ შემოდგომას“ ჰპირდება.

ევროკომისია კი შეთანხმებას „მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს. ითქვა,რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ საბოლოო შეთანხმებით მოიხსნა ის ბარიერი, რაც ხელს უშლიდა „ნორმანდიის ოთხეულის“ (უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი) მომდევნო შეხვედრის ჩატარებას პარიზში - რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით.

„ნორმანდიული ოთხეული“ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური ფორმატია.

რას გულისხმობს „შტაინმაიერის ფორმულა“?

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2016 წელს შეთავაზებული ფორმულით გათვალისწინებულია შემდეგი:

  • კანონში ასახული განსაკუთრებული სტატუსი ძალაში შედის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე;
  • პროცესი მიმდინარეობს უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე, უკრაინის იმ სპეციალური კანონის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს არჩევნების ჩატარებას ხსენებულ რეგიონებში;
  • კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ იმოქმედებს დროებით, ეუთოს (OSCE) ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მიერ არჩევნების შემაჯამებელი დასკვნის გამოქვეყნებამდე;
  • განსაკუთრებულ სტატუსთან დაკავშირებული კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის რეიტინგიც კი შემცირდა „შტაინმაიერის ფორმულაზე“ დათანხმების კვალდაკვალ, 2 ოქტომბერს პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები არ "ჩატარდება ავტომატის ქვეშ" და არ მოხდება „წითელი ხაზების“ გადაკვეთა და კაპიტულაცია უკრაინის ინტერესების საზიანოდ.

რუსეთის გარდა, „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმებაზე ხელმოწერას კიევისგან დაჟინებით ითხოვდა ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყანა - გერმანია და საფრანგეთი („ნორმანდიულ ოთხეულში“ შემავალი ქვეყნები).

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ (ამჟამად დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრმა) Associated Press-თან ინტერვიუში გამოთქვა შიში, რომ უკრაინის ხელისუფლებას „ძალიან გაუჭირდებოდა“ გაეძლო გერმანიისა და საფრანგეთის ზეწოლისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG