Accessibility links

შტორმისას ზღვაში შესვლის აკრძალვის დარღვევა საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა


შავი ზღვის სანაპირო ბათუმში

„წესების დარღვევა არ არის კარგი ტიპობა, ეს უნდა იცოდეს ყველამ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუმის პლაჟზე მყოფმა გოგონამ. ის კიდევ ბევრ დამსვენებელთან ერთად 19 აგვისტოს დაემორჩილა მაშველების გაფრთხილებას და შტორმის გამო ზღვაში არ შესულა.

4 ბალიანი შტორმის გამო, მაშველებმა აჭარის სანაპიროზე დილიდანვე წითელი ალმები გამოფინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ჩასვლა სახიფათოა და შესაბამისად, იკრძალება. უამინდობის მიუხედავად, ნაპირზე ხალხმრავლობა იყო. მაშველები დამსვენებლებს სიტყვიერადაც აფრთხილებდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე საათში ექვსჯერ მოუწიათ ზღვაში ადამიანების გადასარჩენად შესვლა.

„მაშველი ძალიან ბევრჯერ მოვიდა და აფრთხილებდა, რომ შესვლა არ შეიძლება. ადამიანი გეუბნება, რომ შენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნუ შეხვალ. თუ არ უჯერებ, შენ თავს უნდა დააბრალო“ - გვითხრა ბათუმის პლაჟზე დამსვენებელმა ახალგაზრდა ქალმა. „მომინდა, რომ დამეტუქსა ეს ხალხი. ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ბავშვთან ერთად ვარ და მაგათზე უფრო ვნერვიულობ“ - დასძინა მეორემ.

შტორმის დროს ზღვაში შესვლის აკრძალვისადმი დაუმორჩილებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ, მაშველები ურჩ მოქალაქეებს ნაპირზე დარაჯობენ და საჭიროების შემთხვევაში, მათ გადასარჩენად ზღვაში შედიან. 19 აგვისტოსაც ექვსი ადამიანი გადაარჩინეს წყლის სამაშველო ტექნიკის და სპეციალური დრონის გამოყენებით. მაშველები პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ აკრძალვას ძირითადად, არ ემორჩილებიან ნასვამი, ან საკუთარ ძალებში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანები.

„ეგეთი ხალხი უნდა დააჯარიმო. იქნებ, ჭკუა ისწავლონ. თავის თავსაც საფრთხეში იგდებს, ოჯახსაც რა მდგომარეობაში აყენებს და შეიძლება გადასარჩენად შესული მაშველიც საფრთხეში ჩააგდოს და ისიც გადასარჩენი გახდეს“ - გვეუბნება პლაჟზე მყოფი შუახნის მამაკაცი.

შტორმის დროს, სამაშველო სამსახური მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმით მუშაობს. მობილიზებულია 182-ვე სეზონური მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ჯუმბერ ბათაძე გვეუბნება, რომ შტორმის დროს მაშველები აკრძალვის შესახებ დამსვენებლებს სამ ენაზე აფრთხილებენ - ქართულად, ინგლისურად და რუსულად: „მოქალაქეები სამწუხაროდ, არ ემორჩილებიან ჩვენს მაშველებს. ზოგი ნასვამ მდგომარეობაშია, ზოგიც თავს უფლებას აძლევს, რომ ზღვაში შევიდეს და საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავსაც და მაშველებსაც. ამჟამად მაშველების რაოდენობა საკმარისია. ყველა ზოლზე არიან, ყველას აფრთხილებენ, მაგრამ საკმარისია მაშველი შეტრიალდეს და ამით წამიერად სარგებლობენ. ზუსტად ასეთი შემთხვევები გვქონდა დღეს გონიოში. როგორც კი დაინახავდნენ, რომ მაშველი სხვა მიმართულებით მიდის, მაშინვე წყალში შედიოდნენ.“

სავარაუდოა, რომ შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი 20 აგვისტოსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, ისევ გამოფენილი იქნება წითელი ალმები და ზღვაში ბანაობა აიკრძალება. სახიფათო სიტუაციის ამოწურვას დამსვენებლებს თეთრი ალმებით შეატყობინებენ.

აჭარაში, წლევანდელ სეზონზე ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. მაშველებმა 70 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 35 უცხოელის. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა მხოლოდ შტორმის დროს არ მომხდარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პერიოდულად სოციალური ქსელებითაც ავრცელებს მოწოდებას, რომ დამსვენებლები დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ნაბახუსევზე და არ გაცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG