Accessibility links

„ჩერნობილის მომენტი“ ირანში?


ავტორი: ჰანა ქავიანი, სპეციალურად ქართული სამსახურისთვის

სიახლე არაა, რომ ირანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ბოლო, თითქმის ორი კვირაა, ცნობები ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ თითქმის შოკის მომგვრელია.

12 წელია, რაც ირანის გარშემო მიწევს წერა და მაუწყებლობა და არ მახსენდება პერიოდი, როცა ასე მოკლე დროში ამდენი რამ მომხდარიყო. და ამ მოვლენებში ჩართულია არა მხოლოდ ამ ქვეყნის 80-მილიონიანი მოსახლეობა, არამედ კიდევ მილიონობით ადამიანი რეგიონსა და მსოფლიოში.

არ არის იოლი, განსაზღვრო, როდის დაიწყო ეს, ბოლო ეტაპი, თუმცა ასე გამოიყურება მოკლე მიმოხილვა მოვლენათა განვითარების სწრაფი სპირალისა, რომელმაც დღევანდელ ვითარებამდე მიგვიყვანა:

მოვლენათა განვითარება ირანში

  • 27 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის უწყების კონტრაქტორი მოკლეს „ქათაებ ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული თავდასხმისას. ამ ჯგუფს ირანი უჭერს მხარს.
  • 29 დეკემბერს აშშ-მა განახორციელა საჰაერო თავდასხმები „ქათაებ ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში. ჯგუფის თანახმად, ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებს.
  • 31 დეკემბერს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში ბაღდადში, მწვანე ზონაში. მათ შორის იყვნენ ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული ჯგუფის ცნობილი მეთაურები. მათ 24-საათიანი აქცია მოაწყვეს აშშ-ის საელჩოსთან და დააზიანეს ობიექტები საელჩოს პერიმეტრზე.
  • 3 იანვარს ირანის რევოლუციურ გვარდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთაური, ყასემ სოლეიმანი მოკლეს აშშ-ის უპრეცედენტო თავდასხმისას. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლებმა ეს ქმედება ახსნეს იმით, რომ სოლეიმანი გეგმავდა „გარდაუვალ“ თავდასხმებს აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ.
  • 17 იანვარს საპასუხოდ, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის ბაზებზე ერაყში, ბალისტიკური რაკეტებით. დასავლეთის ოფიციალური პირების თანახმად, მსხვერპლი ამ თავდასხმებს არ მოჰყოლია. რამდენიმე საათში გავრცელდა ცნობა, რომ კატასტროფა განიცადა უკრაინის სამოქალაქო თვითმფრინავმა, რომელშიც 176 ადამიანი იმყოფებოდა.
  • 11 იანვარს, რამდენიმედღიანია სპეკულაციისა და მოგვიანებით დასავლეთია ოფიციალური პირების დასტურის შემდეგ, რომ თვითმფრინავს ესროლეს, თეირანმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ თვითმფრინავი რაკეტის სამიზნე შეცდომით გახდა.

ყოველივე ამას სხვადასხვანაირი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც კატასტროფის დროს თანაკურსელები დაკარგეს, სწრაფად გაერთიანდნენ და ქუჩაში გავიდნენ. გაბრაზებული მოქალაქეები მალევე შეუერთდნენ მათ თეირანის ერთ-ერთ მთავარ უნივერსიტეტთან და ირანის სხვა ქალაქებშიც. მრავალმა ხელოვანმა გამოხატა უკმაყოფილება და უარი თქვა კინოს, თეატრისა და მუსიკის თებერვლისთვის დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობაზე. და, ამავე დროს, ეწყობა ბევრი სხვა დიდი თუ პატარა აქცია და კეთდება განცხადებები.

ირანის მოსახლეობა მრავალფეროვანია. მათი იდეალები და სურვილები მცირე ტექსტში ვერ ჩაეტევა, მაგრამ მჯერა, ვერავინ გახდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ცვლილებას ითხოვს. ერთნი თვლიან, რომ ამის მიღწევა ნელ-ნელა, თანამიმდევრული ცვლილებებითაა შესაძლებელი, სხვების აზრით, ეს სისტემა ვერ გაუმჯობესდება და მას ბოლო უნდა მოეღოს.

საპროტესტო გამოსვლები სიახლე არაა. ირანის ქუჩებს ახსოვთ მასობრივი გამოსვლები, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში. აშშ-მა სანქციები ირანს 2018 წლის მაისში აღუდგინა და ამას კვლავაც ზედ დაერთო ირანში ღრმად ფესვგამდგარი უნიათო მართვა და ოფიციალურ პირთა კორუფცია, რასაც ეკონომიკური ვითარების უკიდურესი დამძიმება მოჰყვა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვაშუქებდით მუშების, მასწავლებლების, მძღოლების თუ სხვათა დიდ და მცირე საპროტესტო დემონსტრაციებს

საპროტესტო გამოსვლების ამ ტალღას სისტემა ახშობდა ქუჩაში, იჭერდნენ დემონსტრანტებს, ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს არაერთს. ერთმა მოვლენამ, საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია ირანის ათობით ქალაქში. 2019 წლის ნოემბერში, საწვავის ფასის მოულოდნელად ავარდნამ მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით პროვინციებში, ქუჩაში გაიყვანა. ამ აქციებს ხელისუფლების მხრიდან დღემდე უნახავი დარბევები მოჰყვა. აქციების ჩახშობისას დახოცილთა რიცხვის შესახებ სხვადასხვა ცნობა გავრცელდა: 300-დან 1500-მდე და ხანდახან ათასობით მოკლულზე იყო საუბარი. ათასობით ადამიანი დაიჭირეს. მთავრობამ თითქმის მთლიანად შეუწყვიტა მოსახლეობას ინტერნეტთან კავშირი რამდენიმე დღის განმავლობაში, ინფორმაცია რომ არ გავრცელებულიყო.

და რასაც ახლა, უკვე 2020 წლის იანვარში ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ აქციებში ჩართულია საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები. უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებამ განარისხა საშუალო კლასის წარმომადგენლები.

მე პირადად მყავს ერთი კოლეგა, არაერთი მეგობარი და რამდენიმე ოჯახის წევრიც, ვისი ნაცნობი თუ ახლობელი იმ თვითმფრინავში იჯდა. დაღუპულთაგან ბევრი კანადელი ირანელი იყო, ვინც მოახერხა სამშობლოში ჩასულიყო ახალი წლის არდადეგებზე. მათ შორის იყო რამდენიმე ახლად დაქორწინებული წყვილიც.

შეიძლება იდეალები განსხვავებულია, მაგრამ პროტესტი მიმართულია იმავე ფენომენის და იმავე პირის წინააღმდეგ - 2019 წლის ნოემბერშიც და 2020 წლის იანვარშიც, ირანელებმა კარგად უწყიან, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.

ამ დღეებში მათი ლოზუნგები მიმართულია არა იმ პირების წინააღმდეგ, ვინც რაკეტა გაისროლა და სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო, არამედ უფრო ირანის უზენაესი ლიდერისა და რევოლუციური გვარდიის კორპუსის წინააღმდეგ.

შეიძლება ნაადრევია იმის ვარაუდი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ ყოველი შემდეგი დღე გვიჩვენებს, რომ ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმურობა ირყევა და ხალხი მის მიმართ ნდობას კარგავს.

რამდენიმე მიმომხილველმა აღნიშნა, რომ სისტემას თავისი „ჩერნობილის მომენტი“ დაუდგა. შეკითხვა, რომელიც ამ დღეებში გაისმის, არის არა ის, „მიაღწევს თუ არა ისლამური რესპუბლიკა კრიტიკულ მომენტს - გარდაიქმნება ან განადგურდება?“, არამედ უფრო ის, თუ როდის მოხდება ეს. ეს დრო შეიძლება დადგეს, როცა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეძლებენ ხიდის გადებას მათსა და 2019 წლის აქციების მონაწილეებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG