Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩინეთი და ევრაზია“ - რას მივადევნოთ თვალყური 2024 წელს?


ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური, სი ძინპინი საახალწლო გამოსვლისას. 2024 წელი.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური, სი ძინპინი საახალწლო გამოსვლისას. 2024 წელი.

ჩინეთის ახლო მომავალზე როცა ვიწყებთ საუბარს, თუ რას მოელის ეს ქვეყანა 2024 წელს, არაერთი თემაა გამოსაყოფი, მათ შორის, არჩევნები ტაივანში, რუსეთისა და ჩინეთის ახლო ურთიერთობა და ჩინური წარმოების ელექტრომობილების პოპულარობის ზრდა.

პირველ რიგში განსახილველია ორი მთავარი საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს ჩინეთისთვის წლევანდელ, 2024 წელს: ესენია ეკონომიკური კრიზისი და ტაივანი.

2023 წელი ჩინეთის ეკონომიკისთვის, ძირითადად, კარგი არ ყოფილა.

ვერა და ვერ დაიწყეს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა. ამას დაერთო კრიზისი უძრავი ქონების სფეროში, რის შედეგადაც ბაზრის გოლიათები ლამის კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდნენ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სახიფათო სისწრაფით მცირდება, ხოლო მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული იმედგაცრუება იმის გამო, რომ ეკონომიკური ბუმის და სწრაფი ზრდის ეპოქა დასრულდა.

წინასაახალწლო გამოსვლაში ქვეყნის მმართველის, სი ძინპინის მხრიდან იშვიათი აღიარება იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია.

როცა ლაპარაკობდა ეკონომიკის „შემხვედრ ქარებზე“, რომლებმაც ქვეყანას წინსვლაში ხელი შეუშალეს, სიმ სატელევიზიო გამოსვლაში ასევე აღიარა, რომ „ზოგიერთ საწარმოს რთული დრო უდგას, მოქალაქეთა ნაწილს უჭირს სამუშაოს შოვნა და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება“.

„ეს ყველაფერი ჩემი ყურადღების ცენტრში რჩება“, თქვა მან თავის გამოსვლაში, რომელიც ფართოდ გავრცელდა მედიის მიერ და დასძინა: „გავერთიანდებით და გავაძლიერებთ ეკონომიკის აღდგენის იმპულსს“.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სიმ 2013 წლიდან დაწყებულ საახალწლო მიმართვაში ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკა.

ის შეეხო ასევე ტაივანის თემას, რომელიც, პეკინის აზრით, უნდა შეუერთდეს კონტინენტის ჩინეთს იდეალურ შემთხვევაში მშვიდობიანი გზით, თუმცა არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას.

ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ ტაივანი „აუცილებლად შეუერთდება“ ჩინეთს. სი თვლის, რომ ის არის ძირითად სახელმწიფოსთან ერთად „ერთი ოჯახის“ ნაწილი.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი: ეს მოსაზრებები იმეორებს სის ადრე გამოთქმულ პოზიციას, მაგრამ ახლა, ტაივანში 13 იანვრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ისინი ახალ წონას იძენს.

ტაივანის ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ცინდე, რომელიც ახლა პრეზიდენტ ცაი ინვენს ექვემდებარება, დემოკრატიული პროგრესული პარტიის წევრია და გამოკითხვებით, მცირე უპირატესობით ლიდერობს.

მისმა არჩევამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა. ლაი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ღია მოწინააღმდეგეა, და თუმცა ოფიციალურად არასოდეს გამოსულა მოწოდებით ტაივანის დამოუკიდებლობისკენ, ამბობს, რომ ტაივანის სუვერენიტეტი „ფაქტია“.

სწორედ ამიტომაა, რომ ჩინეთი მას მკაცრად აკრიტიკებს, როგორც გამოყოფის მომხრეს.

პეკინმა თავისი რიტორიკა გააძლიერა ტაივანის არჩევნების წინ და ლაის გამარჯვება, პეკინის მხრიდან გამოიწვევს აგრესიულ მოქმედებას, როგორიცაა სამხედრო-საზღვაო მანევრები და ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევა.

იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება პეკინს, დამოკიდებულია ეკონომიკის მდგომარეობა და აშშ-თან მისი ურთიერთობაც.

სის და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სამიტმა ნოემბერში ურთიერთობის გაცივება გამოიწვია და ახალმა კრიზისმა შეიძლება სწრაფად დაძაბოს ვითარება.

ერთი კვლევითი ცენტრის ვარაუდით, საშინაო სირთულეების გათვალისწინებით, სი ალბათ შეეცდება არ შეიქმნას ახალი პრობლემები.

სის იმედი აქვს, რომ შემცირდება ტექნოლოგიების ექსპორტზე ამერიკული შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკას ზარალს აყენებს. პეკინს კი ამ დროს იერიში მიაქვს ევროპაზე, რომ ისარგებლოს ევროპელების შიშით ტრამპის მოსალოდნელი პრეზიდენტობის მიმართ.

ტაივანში არჩევნების გამო გამოწვეულმა მცირე კრიზისმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამ პროცესში ჩინეთის ნებისმიერი სახის კეთილ ნებას.

მაგრამ ტაივანი ჩინეთისთვის არსებითი პრობლემაა და სიმ შეიძლება იფიქროს, რომ სხვა გზა არ აქვს, გარდა გადაჭრით ჩარევისა, რათა მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს.

ევრაზიის კიდევ სამი ამბავი

ჩინეთის ევრაზიული იმპულსი

2023 წელი მოჰყვა 2022-ს, როგორც რუსეთსა და ჩინეთს შორის პარტნიორობის გამტკიცების კიდევ ერთი წელიწადი და 2024, ჩანს, ვითარებას კიდევ უფრო შეცვლის, რადგან ჩინეთიდან ექსპორტს შეუძლია რუსეთის ეკონომიკა ასაზრდოოს, ხოლო ორივე ქვეყნის ურთიერთობა შუა აზიის სახელმწიფოებთან ახალ ერას იწყებს.

1. ჩინეთის პოზიცია სულ უფრო დომინირებს

პეკინმა თავი წარმოადგინა საერთაშორისო არენაზე როგორც რუსეთის უმნიშვნელოვანესმა პარტნიორმა, ხოლო ჩინეთმა დააკმაყოფილა იმპორტზე რუსეთის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება მას მერე, რაც ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა ზურგი შეაქცია მას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მოიცავს სამოქალაქო პროდუქციას, რომელსაც აქვს მეორადი სამხედრო დანიშნულება, და ასევე სამომხმარებლო საქონელს, რამაც ჩინეთს შესაძლებლობა მისცა დაიკავოს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები.

გამორჩეული მაგალითია ჩინური ავტომობილების ექსპორტის გაფართოება რუსეთში. მკვეთრად გაიზარდა როგორც ძვირადღირებულ, ისევე შედარებით იაფფასიანი ჩინური მანქანების გაყიდვა.

GlobalData Automotive-ის მონაცემებით, ჩინური წარმოების მანქანებს უჭირავთ რუსეთის ბაზრის 55%, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 8% პროცენტს უდრიდა.

ეს იმპულსს აძლევს ჩინეთს, კიდევ უფრო დიდი ძალა გახდეს ევრაზიაში, განსაკუთრებით შუა აზიაში, სადაც 2023 წელს რეგიონის ლიდერების სამიტი ჩატარდა.

ჩანს, რომ ნელ-ნელა ძლიერდება ტენდენცია, რომელსაც ხელი შეუწყო უკრაინაში ომმა, - რომ ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა იზრდება რეგიონში.

ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია რეგიონში ვაჭრობის სფეროში წამყვანი ძალაა და ეს ტენდენცია არ იცვლება. ყაზახეთის სახელმწიფოს სტატისტიკის ბიუროს შეფასებით, ამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის 22% ჩინეთზე მოდის, ხოლო რუსეთზე - 19%-მდეა.

2. რუსეთს ჯერ ნუ გამორიცხავთ

ჩინეთის ეკონომიკური დომინირება და რუსეთის წილის შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი შეავიწროვეს და შუა აზიამ ერთი დამოკიდებულება მეორით შეცვალა.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ უკრაინასთან ომმა მოითხოვა რუსეთის რესურსების იქით გადასროლა და შეზღუდა ქვეყნის შესაძლებლობა, მთელ ცენტრალურ აზიაზე გაევრცელებინა თავისი ძალა.

ცენტრალური აზიის ხუთმა ქვეყანამ, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა, თურქმენეთმა და მათთან ერთად ყაზახეთმა, დიპლომატიური თვალსაზრისით იხელთეს დრო და ჩაებნენ დასავლეთის ქვეყნებთან შეხვედრებში, გააღრმავეს კავშირები სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა თურქეთი.

რუსეთიც კვლავ ახერხებდა 2023 წელს შეთანხმებების გაფორმებას უზბეკეთთან და მოელიან, რომ მოსკოვი კონკურენტუნარიანი იქნება გაიმარჯვოს 2024 წლისთვის დაგეგმილ ტენდერში უზბეკეთსა და ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურების აგების შესახებ.

ამასთან, ყირგიზეთმა და ყაზახეთმა, საერთოდ შუა აზიამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რომ რუსეთს დახმარებოდნენ დასავლეთის სანქციების დაძლევაში.

ჩინეთის და რუსეთის გავლენა შუა აზიაში არ ისახავს მიზნად ერთმანეთის დამარცხებას, პეკინი და მოსკოვი, ორივე, ერთმანეთს უჩვენებენ ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისთვის მზადყოფნას, როცა საქმე ამ რეგიონს ეხება.

ეს იმდენად ჩინეთის აღზევებასა და რუსეთის გავლენის შემცირებაზე არ მეტყველებს, რამდენადაც იმაზე, რომ შუა აზია ორივე სახელმწიფოსთან თავისი ურთიერთობის გადაწყობით არის დაკავებული და ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება.

3. პეკინის ელექტრომობილების ბუმი

ჩინეთმა ელექტრომობილების (EV) ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა მწარმოებელმა: ამ ქვეყნის დომინანტურმა ავტომწარმოებელმა BYD-მა, შარშან სამი მილიონი ავტომობილი გაყიდა და მათ შორის 1,6 მილიონი მთლიანად ბატარეებზე მომუშავე მანქანებია.

2024 წლისთვის ევრაზია, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჩინეთის მიერ ელექტრომობილების ბაზარზე მოწინავე პოზიციის დაკავებისკენ მისწრაფებაში.

რას ნიშნავს ეს: ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის თანახმად, ჩინეთის ავტომწარმოებლებმა 2023 წელს გაყიდეს დაახლოებით 9,4 მილიონი ელექტრომობილი და ჰიბრიდი, ხოლო 2022 წელს - 6,9 მილიონი. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს კვლავ მოსალოდნელია გაყიდვების გაზრდა - 11,5 მილიონამდე.

ჩინეთი მართავს ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების მიწოდების ჯაჭვს და აქტიურად აფართოებს თავის ქარხნებს მთელ მსოფლიოში. დეკემბერში BYD-მ განაცხადა, რომ ააშენებს ქარხანას უნგრეთში, - თავის პირველ, ბატარეებზე მომუშავე ავტომობილების ქარხანას ევროპაში.

უზბეკეთში, დეკემბრის დასაწყისში, ჩინურმა „ჰენან სუდამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან, 2033 წლისთვის ელექტრომობილების 50 000-ზე მეტი დამტენი სადგურის აშენების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც ჩანს, ასევე გაიზრდება გლობალური კონკურენცია ელექტრომობილების ბაზარზე, რადგან ბრიუსელი იკვლევს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნის კომპანიების სუბსიდირების საკითხს. ამას შესაძლოა ევროპის კავშირის მხრიდან გადასახადის დაწესება მოჰყვეს.

თვალი გადავავლოთ სუპერკონტინენტს

თავდაცვის ახალი მინისტრი

29 დეკემბერს, პეკინმა განაცხადა, რომ ადმირალი დუნ ძიუნი, სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, რომელსაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამსახურის გამოცდილება აქვს, თავდაცვის ახალი მინისტრი გახდება.

ის დანიშნეს 2023 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლი შანფუს გაუჩინარებისა და თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ, ისევე როგორც სარაკეტო ძალების ორი უმაღლესი მეთაურისა, რომლებიც ჩინეთის ბირთვულ რაკეტებს აკონტროლებენ.

მოძრაობა, რომელიც პარტიად გარდაიქმნება

ყაზახეთი თავისებური ფანჯარაა, საიდანაც მოჩანს პეკინის მიერ სინიანის რეგიონში მოწყობილი რეპრესიები მას შემდეგ, რაც 2017 წელს უიღურებით დასახლებულ ამ პროვინციაში ბანაკების სისტემა დამკვიდრდა.

ჩემი კოლეგა, კრის რიკლტონი, საუბრობს „ატაჟურტზე“, სამოქალაქო ჯგუფზე ყაზახეთში, რომელიც ლობირებს ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების უფლებებს და ცდილობს გადაიქცეს პოლიტიკურ პარტიად ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში.

უკრაინა და ღაზის სექტორი

უკრაინაში რუსეთის ომის თითქმის ორი წლის განმავლობაში, პეკინი ცდილობდა საზოგადოებრივ მშვიდობისმყოფელად წარმოეჩინა თავი მაშინ, როცა არადასავლური სამყაროს ხმას წარმოადგენდა გლობალურ სამხრეთში.

აი, ჩემი სტატია იმის შესახებ, თუ როგორ მისცა მას ღაზაში ომმა კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ტაშკენტისა და პეკინის ამბავი

ჩინეთი უზბეკეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა და რუსული გავლენის ალტერნატივა ხდება

თემურ უმაროვი, „კარნეგის რუსულ-ევრაზიული ცენტრის“ თანამშრომელი, თვალს ადევნებს, როგორ ვითარდებოდა პეკინთან ურთიერთობები წლების განმავლობაში და სად არის დღეს ჩინეთი, როგორც ქვეყნის მთავარი ინვესტორი, თავისი მზარდი გავლენით უზბეკეთის მედიის, განათლებისა და იარაღით ვაჭრობის სფეროებში.

ერთი რამ, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება

ჩინეთი ასევე წინ გაიჭრა მზის ენერგიის მსოფლიო ბაზარზე.

საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჩინეთის მიერ მზის ენერგიის შიდა გამოყენება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე შეერთებული შტატების და ევროპის კავშირისა ერთად. ამჟამად, ეს ქვეყანა ფლობს მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრის 80%-ს. ხოლო 2050 წლისთვის მსოფლიო ელექტრომომარაგების ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოვა.

XS
SM
MD
LG