ჟუნგვენი 2018 წლიდან მუშაობს ამ პოსტზე და ხელმძღვანელობს სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით ინტერნეტზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოვლისმომცველი კონტროლის აღსრულებაზე.
რუსეთის „როსკომნადზორმა“ 2019 წელს სწორედ მის ადმინისტრაციასთან გააფორმა შეთანხმება „აკრძალული ინფორმაციის“ გავრცელებაზე.
თბილისსა და ბაქოში იგი სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე მინისტრებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს. ვიზიტის აქცენტები იყო:
- თბილისში: თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის განვითარებასა და კიბერუსაფრთხოებაში; ხელოვნური ინტელექტი (AI) და „მონაცემთა ცენტრები“.
- ბაქოში: თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებაში, ასევე Deep Fake-ებთან ბრძოლაში.
საქართველოს ჩინეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ აკავშირებს, აზერბაიჯანს კი - „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“.
ჟუნგვენი და ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია
65 წლის ჭუანგ ჟუნგვენი, გარდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ წამყვანი პოზიციისა, მაღალ თანამდებობებზეა პარტიულ ინფრასტრუქტურაშიც. კერძოდ, ის არის:
- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საჯაროობის დეპარტამენტის (იგივე „ცენტრალური პროპაგანდის დეპარტამენტის“) ხელმძღვანელის მოადგილე;
- CAC-ის „მშობელი“ უწყების, კომუნისტური პარტიის კიბერსივრცის საკითხების ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი.
ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია (CAC), - რომლის დირექტორიც არის ჟუნგვენი, - არ არის უბრალოდ ინტერნეტის მარეგულირებელი ორგანო.
საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF), ცნობით, CAC არის პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ კონტროლირებადი უწყება:
- მას გამოყენებული აქვს ფართო სპექტრი ზომებისა, რომლებიც „პირდაპირ მიმართულია ჩინეთში 989 მილიონი ინტერნეტმომხმარებლის ცენზურისკენ“;
- „ცენზორების არმიითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რეჟიმი აკონტროლებს ინფორმაციის მიმოქცევას ვებსაიტების დახურვით, IP მისამართებზე წვდომის დაბლოკვით, ვებგვერდების ფილტრაციითა და სოციალურ მედიაში საკვანძო სიტყვების დაბლოკვით“, - წერს ორგანიზაცია;
- ამავე წყაროს თანახმად, მსგავსი ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენებოდა რეჟიმის მიერ 2020 წელს Covid-19-ის პანდემიის აფეთქების შემდეგ კრიტიკის შესაჩერებლად;
- ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ინტერნეტის ცენზურის ინფრასტრუქტურაში 2013 წლისთვის 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
შეხვედრები თბილისში
21 აპრილს ჭუანგ ჟუნგვენს უმასპინძლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამ შეხვედრაზე, ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა „ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე“.
„ხაზი გაესვა პროგრესს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა სამთავრობო და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებამ“, - დაწერა სამინისტროს პრესცენტრმა.
ამავე წყაროს თანახმად, „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ურთიერთობებზე კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას“. ასევე:
- ქვრივიშვილმა ჩინელ სტუმარს „საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები გააცნო“;
- ხაზი გაუსვა საქართველოს მიზანს, „მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრულ-სატრანზიტო ჰაბის“.
„მონაცემთა ცენტრები“
ამავე შეხვედრაზე ითქვა, რომ „საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასშტაბური მონაცემთა ცენტრების [ე.წ. Data-ცენტრების] განვითარება“.
ეს, სამინისტროს პრესცენტრის თქმით, „ქვეყანას რეგიონულ ციფრულ კვანძად აქცევს“.
„მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს“, - წერია სამინისტროს პრესრელიზში. უფრო დეტალურად არაფერია ნათქვამი.
ასევე წერია, რომ „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებს შორის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარიამ ქვრივიშვილის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
ჩინურ მხარეს თან ახლდა ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი.
შეხვედრის მეორე დღეს, 22 აპრილს, მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში გაემგზავრა და დღემდე მართავს შეხვედრებს სახელმწიფო უწყებებთან და კომპანიებთან.
„AI, ციფრული იდენტობა“ - შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან
21 აპრილს ჭუანგ ჟუნგვენთან შეხვედრა გამართა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამაც.
მათ საქართველო-ჩინეთს შორის „ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები“ განიხილეს.
იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია“ და „თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში“.
ჩინეთის კიბერსივრცის მართვის მინისტრს (ასე მოიხსენიებს მას იუსტიციის სამინისტრო) პაატა სალიამ გააცნო „კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის პრინციპები“.
„საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის (Digital ID) პროექტებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე წყაროს თანახმად, პაატა სალიამ ჩინელი კოლეგა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელსაც თბილისი მიმდინარე, 2026 წლის 23-25 ივნისს უმასპინძლებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ:
- მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი;
- მოადგილე თამარ ზოდელავა;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი.
შეხვედრები აზერბაიჯანში
ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი თბილისის შემდეგ ბაქოს სტუმრობდა.
ის შეხვდა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს და ილჰამ ალიევის მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში.
23 აპრილს ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან მისი შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
სამინისტროს თანახმადვე:
- მათ გაცვალეს მოსაზრებები „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით“;
- ასევე განიხილეს „კიბერუსაფრთხოების, კვლევის, სპეციალისტთა მომზადებისა და სხვა შესაბამის სფეროებში ერთობლივი ინიციატივების განხორციელება“;
- ამავე სფეროებში „მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი განვითარება“.
Deep Fake-ებთან ბრძოლა
ჭუანგ ჟუნგვენი მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა.
ჰიკმეთ ჰაჯიევის თქმით, შეხვედრა შედგა აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე.
„ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის მინისტრთან, ბატონ ჭუანგ ჟუნგვენთან ერთად განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ციფრული განვითარების, სოციალური მედიის და დეზინფორმაციისა და Deep Fake-ების („დიპ ფეიკების“) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“, - დაწერა მან X-ზე.
Deep Fake-ი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეალისტური ვიდეო- ან აუდიოჩანაწერია, რომელშიც კონკრეტული ადამიანი აკეთებს ან ამბობს იმას, რაც სინამდვილეში არასდროს გაუკეთებია ან უთქვამს.
ჭუანგ ჟუნგვენს ბაქოში ასევე უმასპინძლა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერმა, საჰიბა გაფაროვამ.
გაფაროვამ სტუმარს გააცნო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციირებული „ციფრული ტრანსფორმაციის პოლიტიკა“, რომლის სახელწოდებაა „აზერბაიჯანის ახალი ციფრული არქიტექტურა“.
ჟუნგვენი მოსკოვში
სწორედ ჭუანგ ჟუნგვენის ხელმძღვანელობით გამართა 2019 წელს ჩინეთის კიბერადმინისტრაციამ შეხვედრები რუსეთის „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელობასთან.
უწყებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი დახურული შეხვედრა გაიმართა 2019 წლის 17 ივლისს მოსკოვში - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ.
- სწორედ ამ ვიზიტის დროს განაცხადეს მხარეებმა „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების“ შესახებ კიბერუსაფრთხოებისა და ინტერნეტის განვითარების სფეროებში.
- პრესრელიზში "როსკომნადზორმა" განაცხადა, რომ დელეგაციებმა განიხილეს „ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო რეგულირების გამოყენების შესახებ“.
- თუმცა დოკუმენტებში, რომლებიც 2023 წელს რადიო თავისუფლების გამომძიებელთა გუნდმა „სისტემამ“ შეისწავლა, მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საკითხები აინტერესებდა "როსკომნადზორს".
კერძოდ, "როსკომნადზორის" წარმომადგენლებმა იკითხეს, თუ როგორ ეწინააღმდეგება ჩინეთი რესურსებს, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ბლოკირებას.
ნიმუშად რუსეთის წარმომადგენელმა მოიტანა Telegram-მესენჯერი, რომლის დაბლოკვაც სააგენტომ წარუმატებლად სცადა 2018 წელს.
"როსკომნადზორი" ასევე დაინტერესდა, იყენებს თუ არა ჩინეთი ხელოვნურ ინტელექტს „აკრძალული კონტენტის“ როგორც იდენტიფიცირებისთვის, ასევე დასაბლოკად.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში, "როსკომნადზორმა" და ჩინეთის კიბერადმინისტრაციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „აკრძალული ინფორმაციის“ გავრცელების ხელის შეშლის შესახებ.
ჩინეთი კავკასიაში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონს ბოლო წლებია აქტიურად უყურებს, განსაკუთრებით 2022 წლის (რუსეთის უკრაინაში შეჭრის) შემდეგ.
მის უპირველეს გაცხადებულ ინტერესს წარმოადგენს ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოება.
პეკინი ცდილობს, გააძლიეროს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო კავშირებში საკუთარი როლი; განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება „ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს“ - რასაც სხვაგვარად „შუა დერეფანს“ უწოდებენ;
„შუა დერეფანი“ ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და ცენტრალური აზიის გავლით.
ჩინეთმა კავკასიის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა სამივე ქვეყანასთან - საქართველოსთან 2023 წელს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან კი - 2025 წელს.
- საქართველოსა და ჩინეთის მიღებულ დეკლარაციას ჰქვია „საერთო განცხადება ... სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“;
- აზერბაიჯანისა და ჩინეთის მიღებულ დეკლარაციას კი - „საერთო განცხადება სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“;
- სომხეთისა და ჩინეთის მიღებული დეკლარაცია, სინო-ქართული დეკლარაციის მსგავსად, არის "საერთო განცხადება ... სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ".
ფორუმი