Accessibility links

ცვლილებები “რუსთავი 2”-ზე: რას აპირებენ ჟურნალისტები?


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” აღარ იყიდება, თუმცა არხზე ცვლილებებია. არხიდან დაითხოვენ: საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს, პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს, ტოკ-შოუს წამყვანებს ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს ტელეარხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა მათ ნაწილთან სამართლებრივი დავაც დაიწყოს. გათავისუფლებული თანამშრომლები მზად არიან პოზიციები დაიცვან.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთი თვის თავზე “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, რომელიც არხისთვის 4 წელი იბრძოდა, განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდდა. მიზეზად 70 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დავალიანება დაასახელა. მათ შორის 28 მილიონი ლარი სახელმწიფოს მიმართ. მისი თქმით, არხს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვა ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წამგებიანი მენეჯმენტი. არხის გასაყიდად გამოტანიდან ერთი კვირის თავზე კი ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ “რუსთავი 2” ვერ გაიყიდა, რადგან მყიდველი არ გამოჩნდა.

ამ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს კი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. საუბარი დაიწყო იმით, რომ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებაა “არხი არ გაკოტრდეს, ის იყოს წარმატებული და პოპულარული, რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული”.

ამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც იტყობინებოდა, რომ ის, ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია სამსახურიდან გაუშვეს.

რა საფუძვლით ათავისუფლებდნენ ჟურნალისტებს, - ამ თემაზე პაატა სალიამ “რუსთავი 2”-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ველის გასუფთავება” თუ გარდაუვალი აუცილებლობა?

პაატა სალიამ თქვა, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა, გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

“ვინც კონფლიქტშია არხის მფლობელის ინტერესებთან, ვეცდებით, რომ ის ხალხი აღარ იყოს ამ არხზე. ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს "რუსთავი 2". ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს "რუსთავი 2"-შიც და „მთავარ არხზეც“? მე მასთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი“, - თქვა პაატა სალიამ.

პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა გარკვეულ ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მათი კავშირი. მისი თქმით, საქმე ეხება ოთხი წლის წინ თანხების საეჭვო გადანაწილებას.

“ჩვენი შეფასებებით დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანია “ინტერმედია +”თან, საიდანაც მოგება, რომელიც 2015 წელს უნდა მიეღო “რუსთავი 2”-ს, ეს მოგება მოხვდა სხვა კომპანიაში. სხვა კომპანიიდან მოხდა ამ თანხის გატანა, როგორც დივიდენდი და შემდეგ მოხდა მათი დარიგება თანამშრომლებზე საჩუქრის სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება. ასეთ ვითარებაში, როცა არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როცა არიან ადამიანები, რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ისინი ვერ იქნებიან არხის ერთგული”, - თქვა პაატა სალიამ.

არხის გენერალურმა დირექტორმა “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებსაც მიმართა. მისი თქმით, დარჩენის ან წასვლის გადაწყვეტილება ახლა ყველა ჟურნალისტმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და თანამშრომლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

შეკითხვაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს საინფორმაციო სამსახურს, მას მერე, რაც ნოდარ მელაძემ საინფორმაციო პროგრამა “კურიერი” დატოვა, პაატა სალიამ უპასუხა, რომ ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მისი თქმით, განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის დაადასტურა, რომ ერთ-ერთია ნინო შუბლაძე - ტელეწამყვანი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი “რუსთავი 2”-ში 2014 წლამდე.

შუბლაძის წასვლას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის, შესახებ რომ ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის კაბინეტებში ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა ხორციელდებოდა. ამის მერე შუბლაძემ საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაგრძო.

ამ დრომდე არ არის ცნობილი სექტემბრიდან რის ხარჯზე აპირებს ტელეარხი კონკურენცია გასწიოს სატელევიზიო ბაზარზე. უკვე ცნობილია, რომ “რუსთავი 2” დატოვა “ფორმულა კრეატივის” ჯგუფმა, ახლა კი არხიდან წასულების სიას საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და პროდიუსერები შეუერთდნენ.

რას ამბობენ გათავისუფლებული თანამშრომლები?

პაატა სალიას ბრიფინგის დასრულებისთანავე მედიასთან კომენტარი გააკეთეს ნოდარ მელაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა. მელაძემ თქვა, რომ არხზე “წმენდის” გადაწყვეტილება შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს.

„ორი კვირის წინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ არ სურდათ "რუსთავი 2"-სგან „იმედის“ გაკეთება და „კურიერში“კრიტიკის რაღაც დოზა დარჩებოდა. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას, უბრალოდ, მე ურთიერთობა უნდა მქონოდა მათ წარმომადგენელთან. ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას. ის იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული საკითხები ამ ადამიანის კონსულტაციისა და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გაგვეშუქებინა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, ისინი იტყოდნენ, რომ მე ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ და სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა. თუმცა, ვახდენ მათ ციტირებას, „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“, - უთხრა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით საზოგადოება მალე იხილავს, თუ რას ნიშნავს “ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი “კურიერი”.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ მას იმ პრემიას ედავებიან, რომელიც წინა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოუწერა და რომელშიც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. მელაძე აპირებს საკუთარი უფლებების დაცვას, თუ საქმე სასამართლომდე მივა.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით კი, მის მიმართ არხის ამჟამინდელ მფლობელს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან არ მოსწონდა ტელეწამყვანის მიერ გამოხატული სიმპათიები მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

„დღეს პაატა სალიამ აქ დაადასტურა, რომ ელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა იმ "კურიერს," რომელიც არ მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. პაატა სალიამ დღეს დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება წამყვან პოზიციაზე იმ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან და საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე. და მე მივხვდი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოგწონთ, “რუსთავი 2”-ში პრობლემა აღარ გაქვთ, მომავალში აღარ გექნებათ. თუ მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ, თქვენი კარი დაკეტილია“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანმაც და მელაძემაც თქვეს, რომ მათი სამომავლო გეგმები ისევ მედიას უკავშირდება და მათ აქვთ შემოთავაზებები.

არხის თანამშრომლების გათავისუფლებას “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და ჟურნალისტები იმ ტელეკომპანიაში მიიწვია, რომელიც 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

“გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”, - დაწერა მან ფეისბუკზე.

მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელი არხზე ისევ იმ ხალხის დაბრუნებას აპირებს, ვინც 2012 წლამდე მის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა.

“[2012 წელს] ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ჰქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად იყვნენ გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ. მალე გავიგებთ “ქართული ოცნება” ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს. მაშინ ვინც ყველაზე ოდიოზური და სალაპარაკო იყო, იმათ გადაიბარებენ სწორედ. ასე ქნეს სასამართლოში, ასე იზამენ მედიაშიც”,- წერს გვარამია.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” ხელმძღვანელი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ მისთვის მოსალოდნელი იყო “რუსთავი 2”-ზე ასეთი ცვლილებები.

"ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება და პაატა სალიას დაპირება, რომ არაფერი იგეგმებოდა ამ მიმართულებით წარსულში დარჩა. სექტემბრიდან მივიღებთ განახლებულ “რუსთავი 2”-ს და ეს შეეხება პირველ რიგში საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემების შინაარსის ცვლილებას. სამწუხაროდ მივიღებთ ხელისუფლების პოლიტიკისადმი ლოიალურ არხს. ლოგიკურად მიმაჩნია ნოდარ მელაძის ვარაუდი, რომ მათ უნდათ არა ხელისუფლების ძალიან მაქებარი “რუსთავი 2”, არამედ არხისა, სადაც იქნება კრიტიკული სიუჟეტებიც, თუმცა გარკვეულ თემებს არ შეეხებიან. ამას გვიჩვენებს მედიამონიტორინგი და ის დაკვირვება, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ და გვექნება ანგარიშები და სტატიები. ყველაზე კარგად ეს 2020 წლის არჩევნებისთვის გამოჩნდება", - ამბობს ნატა ძველიშვილი.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. ტელევიზიის საკუთრებაში გადაცემიდან ერთი თვის თავზე კომპანიიდან ტელესახეები და პროდიუსერები გაუშვეს. მანამდე თანამდებობიდან “რუსთავი 2”-ის ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG