Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხადი პოზიცია გვაქვს ტაივანზე, დინამიური ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან - დარჩიაშვილი


ფოტომონტაჟი: საქართველოსა და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილი (მარცხნივ) და ჯოსეფ ვუ
ფოტომონტაჟი: საქართველოსა და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილი (მარცხნივ) და ჯოსეფ ვუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „ძალიან ცალსახა პოზიცია აქვს იმ საკითხებზე, რაც ეხება ჩინეთს, ტაივანს“ და „გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“.

ასე უპასუხა მინისტრმა დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდების შემდეგ, შეიძლება თუ არა საქართველომ განიხილოს ტაივანელებისათვის ქვეყანაში შეშვების გამარტივება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს ურთიერთობები დაიწყო არა დღეს და გუშინ, არამედ რამდენიმე წლის წინ. ამის მთავარი მიზეზი იყო, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოგვეხდინა ჩვენი საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება და ეს კონკრეტული შედეგი დაიდო: საქართველომ წარმატებით მოახდინა საექსპორტო პროდუქციის გატანა ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა მინისტრმა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ამ ურთიერთობის განვითარების შედეგად „ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ვაჭრობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“.

„ეს ურთიერთობები გრძელდება. კარგად თუ ადევნებთ თვალყურს, ახლახან განვაცხადეთ დეკლარირებულად, რომ ურთიერთობებს ახალ სივრცეში ავიყვანთ. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, განვითარდეს შუა დერეფანი, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული როლი და ფუნქცია, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ აზია და ევროპა ერთმანეთს. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარ პირობებში აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც არის დიდი მონაპოვარი ჩვენი ევროინტეგრაციის და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა 26 დეკემბერს „ელჩების კონფერენციაზე“ რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაამარტივოს ტაივანელი მოქალაქეებისათვის საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურა.

ახლა, ჩვეულ ვითარებაში, ტაივანელებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ.

ჰენლის პასპორტების ინდექსის გლობალურ რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პასპორტების სიძლიერეს ზომავს, ტაივანი 33-ე ადგილს იკავებს. ტაივანის მოქალაქეებს მოგზაურობა 143 ქვეყანაში შეუძლიათ - როგორც უვიზო რეჟიმით, ასევე ელექტრონული ვიზით ან საზღვარზე ვიზის გაცემით.

„გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ საქართველოს, იფიქროს თავისუფალ, დემოკრატიულ ტაივანზე, რომელიც ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში.

საქართველოს მიერ ტაივანის არაღიარების (მათ შორის პასპორტების არაღიარების) პოლიტიკა ეფუძნება ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკას არაღიარებულ რეჟიმებთან; ასევე - ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტ სუვერენულ ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას.

ანალიტიკოსების თანახმად, ტაივანის მიმართ ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკის საწარმოებლად დამატებითი ფაქტორია ჩინეთთან მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

XS
SM
MD
LG