Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალში დაკავებულთა ნათესავები ჟენევის დისკუსიის მოლოდინში


ერგნეთი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 63 წლის მირიან თაზიაშვილი 11 დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. ამ დროის განმავლობაში მისმა ოჯახმა არ იცის, დე ფაქტო ხელისუფლება მას რას ედავება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თაზიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი ცოლი, ცისანა თაზიაშვილი, ყოველდღე ცდილობს ცხინვალიდან დამატებითი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. მას მხოლოდ ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციას აწვდიან.

„დამატებითი ინფორმაცია არა მაქვს. პოლიცია მოდის ყოველდღე. ალბათ, ცხელი ხაზის მეშვეობით გაიგეს, რომ ჯანმრთელობა კარგად აქვს და გვეუბნებიან, რომ არ იდარდოთო. როგორ არ ვიდარდო! ვდარდობ, რა თქმა უნდა. მეტი სიახლე არ მაქვს. ჩემი მოთხოვნა ის არის, ხომ უნდა ვიცოდე, რატომ არის ამდენი ხანი იქ? ვიცი, რომ ყოფილა შემთხვევები, გადასულან ადამიანები, ჯარიმა გადაუხდიათ და 2-3 დღეში გამოუშვიათ და ჩემი ქმრის თავს ისეთი რა ხდება, რომ ამდენ ხანს გააჩერეს, რა დანაშაული აქვს ისეთი? ალბათ, გადაკვეთა „საზღვარი“ და წაიყვანეს, მაგრამ მაგას სხვა დანაშაული არაფერი არა აქვს. მოთხოვნა ის მაქვს, რომ სახელმწიფო დამეხმაროს და გაარკვიოს რატომ არის ამდენ ხანს დაჭერილი. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირს და ჩვენ ჯარიმის თანხასაც ვერ გადავიხდით“, - ამბობს ცისანა თაზიაშვილი.

მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიაანთკარის განაპირას, მეზობელ ოსურ სოფელ ხელჩუას სიახლოვეს დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს, თუმცა ამ ბრალდებით აქამდე საქართველოს მოქალაქეებს 2-3 დღეში, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ათავისუფლებდნენ ხოლმე, თაზიაშვილის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დაკავებული მოქალაქეები გარკვეული პერიოდით ჯერ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ და ამის შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ათავსებენ, სადაც სასამართლო სხდომის მოლოდინში კიდევ რამდენიმე დღეს ამყოფებენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულ სახლში დაბრუნდნენ მირიან და ცისანა თაზიაშვილებიც. მირიანი ტაქსაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.

ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელში ერთი წლის წინ, 21 ნოემბერს, გენადი ბესტაევიც დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.

ხუთი თვე გადის, რაც ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ზის და დე ფაქტო სასამართლოს განაჩენს ელოდება. ოჯახს სახაზინო ადვოკატი ცხინვალიდან პერიოდულად ეკონტაქტება. 23 ნოემბერს პირველი სხდომაც ჩანიშნული იყო, მაგრამ გადაიდო. ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ გამოძიებას ჯერ ჩვენებებიც არა აქვს შეგროვებული:

„ადვოკატისგან ის ვიცით, რომ 23 ნოემბერს გაიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მტკიცებულებები სრულად არ არისო. ვინც დააკავა, იმათი ჩვენებები არ არისო საქმეში. ამის გამო გადადეს სასამართლო პროცესი. ახლა ამბობენ, რომ დეკემბერში გაიმართებაო სასამართლო. პირველივე დღიდანვე ვითხოვდით ზაზას გამოშვებას, მაგრამ 5 თვე გადის უკვე და არ ვიცით, რა იქნება“.

ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, იმედით ელოდება ჟენევის დისკუსიის გამართვას, რომლის ჩატარებაც 10-11 დეკემბერს არის დაგეგმილი. ჟენევის დისკუსია მიმდინარე წელს რამდენჯერმე ჩაიშალა, მათ შორის რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების უარის გამო. გასულ კვირას ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები კიდევ ერთხელ ჩავიდნენ და ბიბილოვის ხელისუფლებისგან შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა მიიღეს. ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ შესაძლოა ჟენევის დისკუსიის შემდეგ ზაზა გახელაძის საქმის განხილვა ცხინვალში დაჩქარდეს:

„იმის შესახებ ვიცი, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში იყვნენ და შეხვედრა, დიდი ალბათობით, ჩატარდება. ერგნეთის შეხვედრები ჩაშლილია და ახლა იმედს ჟენევის ფორმატზე ვამყარებთ. სასამართლო ცხინვალში 24 დეკემბრამდე გადადეს. მიზეზად ის დაასახელეს, რომ მასალები ბოლომდე არა აქვთ შეკრებილი და რუსებსაც ვერ გააცნეს. იმედია, ამას მალე გააკეთებენ და ახლა მხოლოდ ჟენევის იმედს ვებღაუჭები. ხელისუფლებიდან მპირდებიან, რომ ამ საკითხს ჟენევაში აუცილებლად დააყენებენ და იქნებ ახალ წლამდე ზაზას გათავისუფლებაც მოხერხდეს“.

საქართველოს ხელისუფლებამ ჟენევის დისკუსიის დღის წესრიგში საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი უკვე შეიტანა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ თბილისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო. განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის. საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია მოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები, სამწუხაროდ, აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა ჟენევის დისკუსიისა და სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG