Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის აღიარებაზე ხელს აწერინებენ


მიხეილ პეტრემღვდლიშვილი დღეს გაათავისუფლეს
მიხეილ პეტრემღვდლიშვილი დღეს გაათავისუფლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები მიხეილ პეტრემღვდლიშვილი დღეს ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მანამდე ცხინვალში სასამართლო პროცესი გაიმართა და დაკავებულის ოჯახის წევრებმა 2 000-რუბლიანი ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადეს.

პეტრემღვდლიშვილი კვირას სოფელ ახალუბნის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იმ დროს დააკავეს, როცა საქონელს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერის სიახლოვეს მწყემსავდა. მას ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს, ჯერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალში წაიყვანეს, სადაც წინასწარი დაკავების იზოლატორში სამი დღე გააჩერეს.

რაზე აწერინებენ ხელს საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალში?

  • ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულების თანახმად, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალში ხელს აწერინებენ ჩვენებაზე, რომ მან "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია".
  • ზოგიერთი გათავისუფლებული მოქალაქისგან ცნობილი ხდება, რომ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მათ თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
  • ინფორმაცია უნდა ეხებოდეს საპოლიციო საგუშაგოების განლაგებას, პოლიციელთა პატრულირებასა და კონფლიქტის ზონაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთების ყოფნას.
  • საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა პოლიციისგან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების გაძლიერებას ითხოვს.

პეტრემღვდლიშვილთან ერთად ორი თანასოფლელიც იმყოფებოდა, რომლებმაც თავს გაქცევით უშველეს. ახალუბნელი მწყემსი ამბობს, რომ ბანერიდანდაახლოებით სამას მეტრში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კი ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებულები.

საქართველოს მოქალაქეებს რომ საოკუპაციო გამყოფი ხაზი დარღვეული არ ჰქონიათ, ამას კვირასვე ახალუბნის მცხოვრებლებიც ადასტურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის განაპირას მავთულხლართები და ღობეები არ არსებობს და გამყოფი ხაზის დადგენა მხოლოდ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით ხდება, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ბანერებთან მიახლოებასაც ერიდება. ამიტომ, ახალუბნელების მტკიცებით, მწყემსები ხაზს მიღმა არ გადავიდოდნენ.

მიხეილ პეტრემღვდლიშვილი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ რაღაც საბუთებზე ხელი მოაწერინეს. მსგავს ისტორიებს სხვა გათავისუფლებულებიც ჰყვებიან. როგორც რადიო თავისუფლებამ დაადგინა, ეს არის საქართველოს მოქალაქის აღიარება, რომ მან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. მსგავს მოთხოვნას ორი კვირის წინ დაკავებულ დირბის ეკლესიის წინამძღვარს, იოანე ოხანაშვილსაც უყენებდნენ, თუმცა მან საბუთების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ზოგიერთი გათავისუფლებული მოქალაქისგან ისიც ცნობილი ხდება, რომ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი მათ თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. ეს ინფორმაციო საპოლიციო საგუშაგოების განლაგებას, პოლიციელთა პატრულირებასა და კონფლიქტის ზონაში თავდაცვის სამინისტროს შენაერთების ყოფნას უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს შენაერთები კონფლიქტის ზონაში ვერ შევლენ, რადგან მონიტორინგში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩართულია და, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა 12 აგვისტოს შეთანხმებით კონფლიქტის ზონა დატოვეს, რასაც რუსული მხარე აქამდე არ ასრულებს. რაც შეეხება საგუშაგოების განლაგებას, ესეც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეთანხმების საგანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ოსური უშიშროება საქართველოს მოქალაქეებს ჯაშუშობას მაინც სთავაზობს.

საოკუპაციო ზოლი
საოკუპაციო ზოლი

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა პოლიციისგან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების გაძლიერებას ითხოვს. ბოლო წლებში პოლიციის საგუშაგოები სოფლების შესასვლელებთან განთავსდა, საიდანაც გამყოფი ხაზი მოშორებითაა. ადგილობრივების თქმით, ასეთ პირობებში პოლიციელთა პატრულირება არაეფექტურია და დაკავებების რაოდენობაც ამიტომ იზრდება. მათი აზრით, პოლიციელები საოკუპაციო ხაზთან უფრო ახლოს უნდა მივიდნენ, რათა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად შემოსვლა და ჩასაფრება ვერ მოახერხონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG