Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება დაუმთავრებელ სახლებში: ვინ აგებს პასუხს?


ულიფტო შახტები, უმოაჯირო კიბეები, უსახურავო სხვენები, უსახური ფასადები - ახალაშენებული სახლები თბილისში ხშირად ძალიან ძველში აგერევათ. დაუმთავრებელ და ექსპლუატაციაში არმიღებულ სახლებში ხალხი მაინც ცხოვრობს და ხშირად - დიდი რისკის ფასადაც.

ეს იყო საშინელება

სახლი შენდებოდა და სოფო კანდელაკის ოჯახი ახალ ბინას ელოდებოდა. მშენებლობა 7 წლის მანძილზე გაიწელა და ოჯახს 2015 წელს მაინც დაუმთავრებელ, ექსპლუატაციაში არმიღებულ შენობაში მოუწია შესახლება.​

თბილისი, ფოთის ქუჩა
თბილისი, ფოთის ქუჩა

ეს ყველაფერი თბილისში, დიდუბეში, ფოთის ქუჩის #12/14-ში ხდებოდა:

  • 11-სართულიან სახლს არ ჰქონდა სახურავი;
  • არ იყო დამონტაჟებული ლიფტი, ხოლო ლიფტის შახტი ღიად იყო დატოვებული, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნიდა ბავშვებისთვის;
  • სადარბაზო დანგრეული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მოპირკეთებაზე;
  • შენობაში მრავლად იყო ჩასავარდნ-გადასავარდნი;
  • ელექტროგაყვანილობის კაბელები ეზოში ერთმანეთში ისე იყო გადახლართული, თავს და ბოლოს ვერავინ გაუგებდა;
  • ბინებში შუქი ითიშებოდა მაშინვე, როგორცკი, მაგალითად, ვინმე ელექტროგამათბობელს ჩართავდა;
  • ონკანში არ მოდიოდა წყალი, თუკი თითს სპეციალური საქაჩის ღილაკს არ დააჭერდი (არავინ იცის, საიდან იქაჩებოდა წყალი).

როგორც სოფო კანდელაკი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მშენებელმა ყველა პრობლემა მათ გადაულოცა და თვითონ უკვალოდ გაქრა. შემდეგ კი, უკვე ყველაფერი მეზობლების მონდომებაზე და შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული.

„ყოჩაღი მეზობლები მყავს და თანდათან ყველაფერი მოვაწესრიგეთ. სამი სადარბაზოდან პირველი ჩვენი სადარბაზო იყო, სადაც ლიფტი დამონტაჟდა... მაგრამ ის, რაც 2015 წელს ამ შენობაში დაგვხვდა, ეს იყო ნამდვილი საშინელება“ - ამბობს სოფო კანდელაკი. ეს საშინელება თბილისში მრავალ ოჯახს აქვს გამოვლილი.

ცხოვრება ექსპლუატაციაში არმიღებულ შენობებში

თუკი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოვუსმენთ, ამჟამად თბილისში ექსპლუატაციაში არმიღებული ათასობით შენობისა და ამ შენობებში მცხოვრები ათიათასობით ოჯახის დათვლაა შესაძლებელი.

სხვა სიტყვებით ეს ამდენივე უკმაყოფილო, შიშგამოვლილ ანდა რისკების გამო, კვლავაც შეშინებულ ოჯახს ნიშნავს.

კახა კალაძე ექსპლუატაციაში არმიღებულ სახლებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00

შენობების ექსპლუატაციაში მიღების თემა აქტუალური გახდა 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ. მერი აქტიურად ცდილობს განმარტოს, რომ გაზის გაყვანილობას კავშირი არა აქვს შენობის ექსპლუატაციაში მიღება-არმიღების საკითხთან. თუმცა ამით სიმწვავეს არ კარგავს ექსპლუატაციაში არმიღებულ შენობებში ცხოვრების პრობლემა.

18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ ყველაფერი ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას დააბრალა. მისი თქმით:

თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა
თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა

კახა კალაძე ამბობს იმასაც, რომ ხსენებული კანონის მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა მისი მმართველობის დროს და მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმების მასშტაბი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჯერ ისევ ძველებურად მოქმედებს ექსპლუატაციაში არმიღებულ ბინებში ცხოვრებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

დედაქალაქის ამჟამინდელ მერს, ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ უპასუხა. მისი ინფორმაციით, 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ.

​„თქვენ ამბობთ, რომ კანონს... ექსპლუატაციამიუღებელ შენობაში ადამიანი გაჭირვებისგან ცხოვრობს და იმას კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო, ანუ ღარიბი კიდევ უფრო გააღარიბო. თან ვიცით, რომ ეს ადამიანები ჯარიმას ვერ გადაიხდიან“, - თქვა უგულავამ.

ექსპლუატაცია, სინდისი და კონკურენცია

შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება.

  • სამშენებლო ნებართვას გასცემს მერიის არქიტექტურის სამსახური;
  • ექსპლუატაციაში მიღება-არმიღების საკითხი კი წყდება მას შემდეგ, რაც უკვე აშენებულ ობიექტს მშენებლობის ნებართვასთან შესაბამისობას შეუმოწმებს მერიის ზედამხედველობის სამსახური.

როგორც არქიტექტორი ირაკლი ჟვანია წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ის ხშირად ხვდება ადამიანებს, რომლებიც სერიოზული საკითხების მიმართ გულგრილობას ავლენენ და ამას არაფრად თვლიან. არადა გულგრილობამ შესაძლოა საზოგადოება სავალალო შედეგებამდეც მიიყვანოს.

როგორც დეველოპერულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კიდევ ერთმა არქიტექტორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ბევრი რამ სწორედ მშენებლების სინდისზეა დამოკიდებული და სინდისიერთათვის არაკონკურენტული გარემო იქმნება - „რადგან სინდისიერებს მშენებლობა უფრო ძვირი უჯდებათ“.

  • „სინდისიერ მშენებლებს აქვთ პასუხისმგებლობა დაასრულონ შენობა, ბოლომდე მიიყვანონ საქმე, შენობა ექსპლუატაციაშიც ჩააბარონ და კმაყოფილი დატოვონ მყიდველები“;
  • „უსინდისოთა საქმე კი უფრო იოლად არის. ექსპლუატაციაში ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გაყიდონ ბინები და ამიტომ ბევრი აღარც შენობების დასრულებაზე იწუხებს თავს“.
თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა
თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა

არქიტექტორი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წლების განმავლობაში მთელი რიგი კომპანიები ექსპლუატაციაში ჩაბარების პროცედურას ძირითადად ორი მიზეზით არიდებდნენ თავს: 1. კოეფიციენტთან (შენობის გაბარიტებთან) დაკავშირებით დაწესებული გადასახდების არგადახდა და 2. სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG