Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძაბირაძე: საეჭვოა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა უგულავას დაპატიმრება სამართლებრივ გადაწყვეტილებად აღიქვან


ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება დასავლელი პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის. როგორც ძაბირაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საარჩევნო წელს ძველი საქმის გახსენება სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

„როდესაც პროცესი გრძელდება ფაქტიურად 7 წელი და არჩევნების წინ ღებულობ გადაწყვეტილებას (დაპატიმრების შესახებ), სამართლებრივად როგორი გამართულიც არ უნდა იყოს, მას მაინც ექნება პოლიტიკური შეფერილობა.

მე არ ვარ ჩახედული ამ საქმეში, არ ვიცი სამართლებრივი თვალსაზრისით რა ხდება, მაგრამ ის, რომ გიგი უგულავას აპატიმრებენ დღეს, როდესაც ოპოზიცია იწყებს საქმიანობას, როდესაც პრობლემაა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნების წელია - ყველაფერი ეს ჯამურად, მიუთითებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მიღებულია პოლიტიკური და არა სამართლებრივი განზომილებით.

ძალიან საეჭვოა, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ეს აღიქვან როგორც წმინდა სამართლებრივი პროცესი და მასში ვერ დაინახონ პოლიტიკური შემადგენელი“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ გამოხატული თავიანთი კრიტიკული დამოკიდებულება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საეჭვო პროცესთან დაკავშირებით და მათ უყურადღებოდ არც ის ფაქტი დარჩებათ, რომ უგულავას საქმე უზენაეს სასამართლოში ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა განიხილა.

„საყურადღებოა, რომ შალვა თადუმაძის დროს გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში ეს საქმე, ხოლო ახლა, დაპატიმრების გადაწყვეტილებაც მანვე (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) მიიღო უზენაეს სასამართლოში“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, 10 თებერვლის გადაწყვეტილება შესაძლოა სამომავლოდ იმავე დასავლელი პარტნიორების წინაშე იმის მტკიცე არგუმენტადაც გამოდგეს, თუ რატომ აღარ უნდა დარჩნენ თავიან პოსტებზე უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

ბოლო პერიოდში, ევროპიდან თუ შეერთებული შტატებიდან "ქართული ოცნების" მისამართით გამოგზავნილ მესიჯებში გამოკვეთილი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საეჭვო გასამართლებას შეეხება.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 2 თვით. სისხლის სამართლის პალატამ უგულავას საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

შალვა თადუმაძე სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ 2019 წლის დეკემბერში აირჩიეს. პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი. ამ მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს, საზოგადოებრივი პროტესტი ფონზე დაუჭირა მხარი.

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილება "ბიძინა ივანიშვილის შეკვეთას" წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში 2019 წლის იანვარში გაასაჩივრა. მანამდე, 2018 წელს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელითაც გიგი უგულავას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად შეფასდა.

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში.

XS
SM
MD
LG