Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა, უუფლებობა, ჩაგვრა – მთავარი თემები ომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშიდან


რეკომენდაციები, რომლებიც არ გაიზიარეს, ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად გაცემული დავალებები, რომლებიც არ შესრულდა, და გასულ წელს დარღვეული უფლებები - სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მთავარი თემებია. დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 250 რეკომენდაცია გაიზიარა, 60 კი უყურადღებოდ დატოვა.

„რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო უცხო ქვეყნისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვა, ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სექსუალური, რეპროდუქციული განათლების უზრუნველყოფა“.

სახელმწიფო უწყებებმა გაზიარებული რეკომენდაციების შედეგად გაცემული დავალებების მხოლოდ 20 % შეასრულეს სრულად, ნაწილობრივ კი - 18 %.

„სახელმწიფო უწყებების მიერ საპარლამენტო დავალებების შესრულების ხარისხი, გასული წლების მსგავსად, არადამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ფსიქიკურ დაწესებულებებში პრობლემები ისევ რჩება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2019 წელსაც შეუსრულებელია სისტემური რეკომენდაციები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის. გასულ წელს ამ დაწესებულებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 19 რეკომენდაციიდან მხოლოდ 7 გაითვალისწინეს და მათგან მხოლოდ რამდენიმე შესრულდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრში პერსონალი პაციენტებს უხეშად ეპყრობა, რასაც დირექტორიც ადასტურებს. მონიტორინგის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ კლინიკაში პაციენტების შრომითი ექსპლუატაციაც ხდება.

„პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი ულუფის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე იყენებს პაციენტების/ბენეფიციარების შრომას. ზოგიერთი პაციენტი/ბენეფიციარი ასუფთავებს ტუალეტს, ეზოს, ეხმარება პერსონალს სხვა პაციენტის მოვლაში, ასევე აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში და საჭმელი მიაქვს სამზარეულოდან განყოფილებაში“.

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა შემთხვევები, როცა პაციენტს ერთდროულად რამდენიმე ანტიფსიქოზური მედიკამენტი ჰქონდა დანიშნული.

„პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით (არათერაპიული მიზნით), ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს“.

ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები ფიზიკური ჯანმრთელობის მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილი. კლინიკებში არ ხდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზის აღრიცხვა, უმეტესწილად კი „უეცარი გარდაცვალება“ და „გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა“ სახელდება.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული რამდენიმე პირი ტუბერკულოზის დიაგნოზით ისე გარდაიცვალა, რომ ცენტრის სამედიცინო ბარათები აღნიშნული დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც კი შეიცავდა.

„გარემოებები ნათლად წარმოაჩენს არსებული დაწესებულების ნაკლოვანებებს, რაც თავსებადი არ არის სიცოცხლის უფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტებთან“.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება უნდა განახლდეს. საუბარია გამოძიების დროს არსებულ ხარვეზებზეც - რაციის ჩანაწერების არმოძიებაზე.

„იმის დასადგენად, იყო თუ არა სპეციალური ოპერაციების თანამშრომლების მიერ ლეტალური იარაღის გამოყენება განპირობებული აბსოლუტური აუცილებლობით, საჭიროა შეფასდეს თავად სპეციალური ოპერაციის (მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, დაკავების ოპერაციის) გეგმა და ოპერაციის მსვლელობაზე განხორციელებული კონტროლი“.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში არ არის მოძიებული ზედამხედველი პირების სატელეფონო კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების შესახებ ინფორმაცია.

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება.

20-21 ივნისის მოვლენები

20 ივნისის მოვლენებიდან 9 თვის შემდეგ სახალხო დამცველის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ დაკითხვისას ყოფილმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, და მისმა მაშინდელმა მოადგილეებმა უარყვეს აქციის რეზინის ტყვიებით დაშლის შესახებ ბრძანების გაცემა. მათი განმარტებით, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე გასცეს თანხმობა.

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში უთითებს, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე.

ომბუდსმენი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან მას ევალებოდა აღეკვეთა მის დაქვემდებარებაში მყოფთა მოქმედებები. საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ის პირები, ვინც დემონსტრანტებს ტყვიები ესროლეს, აცხადებენ, რომ არალეტალურ იარაღს სიტუაციის მიხედვით იყენებდნენ. მათი განმარტებით, თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის. ისინი აღნიშნავენ, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა შეჩერებაზე ბრძანება არ მიუღიათ.

პატიმრებზე ძალადობა

სახალხო დამცველი პატიმრების მონათხრობზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში თანამშრომლები მსჯავრდებულებზე იშვიათად, მაგრამ ძალადობენ. თუმცა პატიმრები, ამავდროულად, ლაპარაკობენ არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე.

ანგარიშის მიხედვით, ციხეებში დეესკალაციის ოთახები და სამარტოო საკნები შეიძლება გამოიყენებოდეს არაფორმალური დასჯის მექანიზმად. ამ შემთხვევაში პატიმრებს ეზღუდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, ასევე წვდომა საკუთარ ტანსაცმელზე; პატიმრებს უმეტესად არ აქვთ შხაპის მიღებისა და გასეირნების საშუალება, შეზღუდული აქვთ მაღაზიით, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით სარგებლობის უფლებაც.

„პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკნებში, ფაქტობრივად, უწყვეტად, ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობაა“.

უსაფრთხოების პრობლემები ციხეში

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებაში კადრები საკმარისი არ არის. შესაბამისად, რისკის ქვეშ დგება როგორც პატიმართა, ისე თანამშრომელთა უსაფრთხოება.

„არის შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი ვერ ახერხებს პატიმართა შორის კონფლიქტის დროულად განმუხტვას, რადგან დახმარებისთვის საკმაოდ დიდხანს უცდის კოლეგას. დაყოვნებამ კი, შესაძლოა, პატიმრების ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე წარმოშვას“.

​არაფორმალური ​მმართველობა ციხეში

ციხეებში არაფორმალური მმართველობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის ამ ანგარიშშიც მოხვდა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ, კრიმინალური სუბკულტურის გავლენით, პატიმრები არაფორმალურად არიან დაყოფილი.

„პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით არაფორმალურად მართავს სიტუაციას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან“.

ანგარიშში მოხვდა პატიმრის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის #2 დაწესებულების შესახებ მონაყოლიც. მსჯავრდებულის თქმით, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები ციხის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, აგროვებენ ე.წ. საერთოს, შედიან საკნებში და „ურჩ“ პატიმრებს უსწორდებიან.

„ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, იმათ სოციუმიდან რიყავენ და სხვა კორპუსში გადაჰყავთ, პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს“.

ციხეში ფსიქიკური ჯანდაცვა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ფსიქიატრი სამედიცინო შტატში მხოლოდ #8 დაწესებულებაში ირიცხება. ამ დაწესებულების მსგავსად, #2 დაწესებულებაშიც დიაგნოსტირება კითხვარის ერთჯერადად შევსებით შემოიფარგლება.

გარდა ამისა, ოჯახის ექიმებს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შესაბამისი ინსტრუმენტი არ გააჩნიათ.

„დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ ფსიქიატრის ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება, ფსიქიატრიული შემთხვევის მულტიდისციპლინური შეფასება და მართვა არ ხდება“.

ანგარიშიდან ჩანს, რომ ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის უნარებსა და დეესკალაციის ვერბალურ მეთოდებს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი არ ფლობენ.

„რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული შემთხვევების მართვა დეესკალაციის ოთახში მოთავსებით შემოიფარგლება, რაც ხშირად განმეორებად და პერმანენტულ ხასიათს ატარებს“.

პატიმართა უფლებები ციხეში

სახალხო დამცველმა გასული წლის საქმეების შესწავლის დროს გამოავლინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ნაწილს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება შეეზღუდა. აპარატის მიერ შესწავლილი 56 საქმიდან სასამართლომ მხოლოდ ბაჟის გადაუხდელობის გამო არ იმსჯელა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების 16 საქმეზე.

„სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოში გაასაჩივროს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად მათზე დაკისრებული სანქცია ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის სასამართლო წესით შემოწმება მოითხოვოს“.

გარდა ამისა, ოთხი პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ პატიმრებს მოთხოვნისა და საჩივრის უფლების გამოყენების დროს პრობლემები ექმნებათ.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა არაერთი შეტყობინება მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ დაწერილი კონფიდენციალური საჩივრების ცენზურის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საჩივრები ადრესატებთან არც იგზავნება, ხშირად ადმინისტრაცია პატიმარს არ უზრუნველყოფს კონფიდენციალური კონვერტებით“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტს თავად მისი წარმომადგენლებიც შეესწრნენ.

ძალის გადამეტება და ფსიქოლოგიური ძალადობა დაკავების დროს

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად გაცემული რეკომენდაციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წინა წლების მსგავსად, არც 2019 წელს შეასრულა.

გასულ წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პოლიციელების მიერ დაკავებისას ძალის გადამეტებით გამოყენებისა და დაკავების შემდეგ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ ინფორმაცია 38 გამოკითხული პირისგან 13 შემთხვევაში მიიღეს.

„სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები და დაკავებული პირების გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე, სხეულის დაზიანებების და ძალის გამოყენების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება“.

გარდა ამისა, ომბუდსმენი აცხადებს, რომ ადვოკატების უმრავლესობამ მათთან საუბარში თქვა, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავებულ პირებს ურჩევენ არ მიმართონ ადვოკატს, ვინაიდან არ საჭიროებენ და ეს დიდ ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული.

„არწმუნებენ, რომ თუ მათთან ითანამშრომლებენ, დათანხმდებიან ე.წ. აღიარებითი ჩვენების მიცემას და საპროცესო შეთანხმების გზას აირჩევენ, მათ საქმეში, სავალდებულო დაცვის წესით, უფასოდ ჩაერთვება საზოგადოებრივი ადვოკატი“.

ძალადობის მსხვერპლი ქალები

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ რჩება ჯანდაცვის სერვისებზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლება ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე. თუ ნაყოფი 12 კვირაზე მეტი ხნის ჩასახულია, აბორტის უფლების გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი გააუპატიურეს.

„სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება კი ხშირ შემთხვევაში იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებული უნდა იყოს სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის ფსიქოემოციური მდგომარეობა.

გამოხატვის თავისუფლებად შეფასებული ლგბტ+ პირების მიმართ საფრთხე

სახალხო დამცველის შეფასებით, ის კონკრეტული ჯგუფის მიერ ლგბტ+ ადამიანების მიმართ გამოვლენილ საფრთხის შემცველ ქმედებებს გამოხატვის თავისუფლების ჭრილში განიხილავს. ანგარიშში მსგავსი რამდენიმე შემთხვევაა მოყვანილი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 2018 წლის 9 სექტემბერს „დინამო არენაზე“ გურამ კაშიას მხარდასაჭერად ლგბტ+ სიმბოლიკის აკრძალვა 2019 წელს თემის გამოხატვის თავისუფლების ჯაჭვური შეზღუდვების საწყისი წერტილი გახდა.

„ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ უმჯობესდება. მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო უმოქმედო რჩება და პოზიტიურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს“.

ომბუდსმენის ანგარიში სრულად

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG