Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძალიან ბევრი ცუდი დღე მქონდა, კარგი კი - თითზე ჩამოსათვლელი“


ანა დოლიძემ აზარტული თამაშების წინააღმდეგ სახალხო კამპანია წამოიწყო. აქტივისტებს ამ ეტაპზე ორი მოთხოვნა აქვთ: შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამა და შეიქმნას მექანიზმი, რომელიც არასრულწლოვნებს საშუალებას არ მისცემს, აზარტულ თამაშებში ჩაებან.

დათომ, რომელიც ახლა 38 წლისაა, თამაში 17 წლიდან დაიწყო. მაშინ სლოტკლუბები არ არსებობდა, კაზინოში შესვლას უფროსი ძმის პირადობის მოწმობით ახერხებდა, ერთმანეთს ჰგავდნენ. ის 21 წელიწადი, რომელიც თამაშს შეალია, ტყუილად ჩავლილად მიაჩნია, რადგან არა მხოლოდ დრო და ქონება დაკარგა, არამედ განვითარების შესაძლებლობაც:

„ძალიან დიდ ვალებში აღმოვჩნდი. დავკარგე ბინა, მანქანები. შემდეგ მივაგენი მეთოდებს, რითაც კაზინოებს სტაბილურად ვუგებდი თანხას, სრულიად ლეგალურად. რადგან მხოლოდ გამქონდა ფული, ყველა კაზინომ ერთმანეთის მიყოლებით „გამაშავა“. მოტყუებულად ჩავთვალე თავი და გადავწყვიტე, მებრძოლა. ახლა სრულიად რეაბილიტირებულად ვგრძნობ თავს... ამ 21 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი დღეები მქონდა, კარგი კი - თითზე ჩამოსათვლელი“.

ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა, რომელიც კამპანიის ერთ-ერთი მონაწილეა, აპრილში კვლევა ჩაატარა. თბილისში 500 ბავშვი გამოკითხეს. გაირკვა, რომ მათ 48 პროცენტს აზარტულ თამაშებთან აქვს შეხება, კერძოდ,14 წლის ასაკში - 28 %-ს, 15 წლის ასაკში - 52 %-ს, 16 წლის ასაკში - 63 %-ს, 17 წლის ასაკში - 62 %-ს, 18 წლის ასაკში კი - 90 %-ს. გოგონებისა და ბიჭების ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის თანაბარია.

საბოლოოდ, ადამიანი რჩება საკუთარი ტყუილების გარემოცვაში - ყველასთვის რაღაც ისტორია აქვს მოფიქრებული იმისთვის, რომ ადამიანებისგან მაქსიმალური დივიდენდი მიიღოს
გუგა ბესელია


ცენტრის წარმომადგენელი გუგა ბესელია ამბობს, რომ ადრეულ ასაკში აზარტული თამაშებით გატაცება, შესაძლოა, შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებად ჩამოყალიბდეს, რაც საქართველოს პირობებში ძნელად განსაკურნებელია, რადგან არც საკმარისი ინფორმაციაა საზოგადოებაში და არც ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო ცენტრები. აღსანიშნავია, რომ ფასიანი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს ფული უკვე აღარ რჩება.

„ლუდომანია ადამიანის ფსიქიკაში პარალელურ სამყაროს შობს. ეს სამყარო, შესაძლოა, იმიტომ იქმნება, რომ მას პრობლემა აქვს ოჯახთან ან საზოგადოებასთან, აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც 5-6 წლის ასაკიდან ყალიბდება. შემდეგ გემბლინგზე იქნება ეს ადამიანი დამოკიდებული, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე თუ სხვა რამეზე, ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია - შეიძლება რამდენიმე მათგანზეც იყოს. საბოლოოდ, ადამიანი რჩება როგორც გამოწურული ლიმონი, საკუთარი ტყუილების გარემოცვაში - ყველასთვის რაღაც ისტორია აქვს მოფიქრებული იმისთვის, რომ ადამიანებისგან მაქსიმალური დივიდენდი მიიღოს“, - ამბობს ის.

კამპანიაში ასევე ჩართული არიან ორგანიზაციები: „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი“, „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ და „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. ანა დოლიძე ჰყვება, რომ ამ კამპანიის წამოწყების იდეა სწორედ ამ უკანასკნელი ორგანიზაციისგან წამოვიდა.

„ისინი, დიდი ხანია, იბრძვიან, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ცალ-ცალკე შედეგს ვერ აღწევენ. მთავრობას აქვს კანონმდებლობა, რომელიც თაროზეა შემოდებული, რადგან „ქართულ ოცნებას“ მისი განხორციელების თავი არ ჰქონდა. უამრავი მექანიზმის ამოქმედება შეიძლება, მათ შორის იმის, რომ კანონის აღსრულება დაიწყოს. წერია, რომ სლოტკლუბებში ბავშვები არ უნდა იყვნენ, მაგრამ გაიარეთ, რა ხდება - სავსეა კლუბები 18 წლამდე მოზარდებით“, - ამბობს ანა დოლიძე.

იმისთვის, რომ მოზარდმა სახლიდან თამაში ვერ შეძლოს, გუგა ბესელია ფიქრობს, რომ რეგისტრაციის გამკაცრებაა საჭირო. მისი თქმით, სამოქალაქო რეესტრი მზადაამ თავისი სერვისები ჩართოს სამორინეებში. რეესტრს აქვს ყველა ადამიანის - მათ შორის არასრულწლოვანთა - მონაცემები. შესაბამისად, თუ ეს მექანიზმი ამოქმედდა, პირადი ნომრის ჩაწერისას მოთამაშის ასაკი გამოჩნდება.

„სხვა პირის პირადობის მოწმობითაც ვერ დარეგისტრირდება, ფოტოს გადაღებაც მოუწევს. ასაკობრივმა ზღვარმაც თუ აიწია, მინიმუმ 21 წლამდე, ამ პრობლემის დიდ წილს მოვაგვარებთ“, - ამბობს ის.

კამპანიის წევრებმა მიმართეს სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებს, რათა მათ ამ საკითხების ერთობლივი განხილვა დაგეგმონ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG