ავტორი: თამაზ გაბისონია
იქნებ პედაგოგი რომ ვარ, იმიტომ მგონია, რომ ამ „დედა-ენის“ კრიზისმა ყველა მკაფიოდ გამოკვეთა ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური ფენები? შეიძლება ვაზვიადებ კიდეც...
ამ ხნის კაცს კვლავ მიკვირს, რა ადვილად ხდება ადამიანი დაუკვირვებელი და ემოციების მსახური, როდესაც უეცრად რაღაც მნიშვნელოვანის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგება („დააბრუნეთ დედა ენა!“).
და - რა მარაზმამდე მიდის ამ სიტუაციაში სამთავრობო სტრუქტურების უვიცობა და მავნებლობა, როდესაც, ხალხის საამებლად, პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
ამიტომ მოთხოვნილება გამიჩნდა, ამ „დედა ენის მცველთა“ მრისხანე პოზიციის მეგობრებს ავუხსნა, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე.
რატომ - მე? იმიტომ, რომ მეც პედაგოგი ვარ და ამ თემაზე ბევრი მიფიქრია.ზოგიერთი რამ წამიკითხავს კიდეც.
ასე რომ, გთხოვთ, ხმალი ქარქაშში ჩააგოთ და ბოლომდე წაიკითხოთ.
1. დაწყებითი სწავლების მეთოდიკა პედაგოგიკის, როგორც მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულებაა, მეცნიერული დისციპლინაა. დღესაც იკვლევენ, თუ რა და როგორ სჯობს, ასწავლო ბავშვს.
2. მეცნიერული კვლევის მეთოდი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი მოსაზრება, თუნდაც ძალიან დამაჯერებელი, შეიძლება გადამოწმდეს. ეს ბიბლია არაა, რომლისაც უნდა ირწმუნო, როგორც ზეგარდამო მოცემულისა. ეს უნდა გადაამოწმო. ვერიფიკაციას ეძახიან ამას.
3. სრულიად ბუნებრივია, გადამოწმდეს ხოლმე ანბანის სწავლების მეთოდიკაც (საერთოდ, ძიების მოთხოვნილება მეცნიერის ერთ-ერთი ძირითადი უნარია). მისი მრავალი მეცნიერული თეორია (და პრაქტიკა) არსებობს მსოფლიოში, რომლებიც სხვადასხვა დროს შემუშავდა და მის დახვეწაზე დღემდე მუშაობენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „რაღაც ვერ იპოვეს“. უბრალოდ მეცნიერება შეცდომებზე სწავლობს და ასე მიიწევს წინ (ხოლო რელიგია თუ შეცდა, არც ყოფილა რელიგია).
4. ამგვარი კვლევის ფონზე წარმოუდგენელია, რომელიმე ერთ ქვეყანაში პედაგოგიკის სპეციალისტმა მეცნიერებმა რაიმე ადგილობრივი თეორია, თუნდაც „ძეგლის“ სტატუსისა (რომელიც თავისთავად მაშინდელი მეთოდების კომპილაციაა ძირითადად), მთავრობის კარნახით მიიღონ ბიბლიად, უცდომელად, და საუკუნენახევრის განმავლობაში არ ეძიონ ახალი მიდგომები, ან - არ მოსინჯონ უცხოელი კოლეგების უფრო თანამედროვე და აპრობირებული განსხვავებული მეთოდები.
5. განსაკუთრებით წარმოუდგენელია ასეთი თვალისდახუჭვა იმ ფონზე, რომ თავად იაკობ გოგებაშვილი რამდენიმე გამოცემაში ცვლიდა და ავითარებდა თავის მეთოდიკას და ერთ-ერთ ბოლო წერილში მიიჩნევს, რომ მისი ანალიზური მეთოდი დროის მოთხოვნისადმი დათმობაა, თორემ უკეთესიც შეიძლება არსებობდეს, და რომლის გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს ა ც წერა-კითხვის საზოგადოებას უტოვებს.
6. რა თქმა უნდა, „დედა ენა“ ქართველი ერის სიამაყეა. და ეს მოვლენა ჩვენთვის სასიქადულო დარჩება იმ შემთხვევაშიც, თუნდაც აღმოჩნდეს, რომ დღეს არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც მას სრულად ჩაანაცვლებს. დედა ენის სიდიადე არ არის მის უ ც ვ ლ ე ლ ო ბ ა შ ი. თუ ამ უკანასკნელს ვაღიარებთ, გამოგვივა, რომ ბავშვების აღზრდის ხერხები რწმენის და ტრადიციის სფეროა მხოლოდ და არა - მეცნიერებისა.
7. ამასთან, „დედა ენა“ არსად წასულა, რომ მისი მობრუნება გახდეს საჭირო. იგი უკვე გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან თანდათან იცვლებოდა - ძირითადი მეთოდის შენარჩუნებით. და ამ მხრივ, მგონი, რეკორდიც აქვს დამყარებული მსოფლიო მასშტაბით. სახელმძღვანელოთა ბოლო გრიფირებაზეც იყო ორი მიმართულება: ახალი მეთოდის სახელმძღვანელოებიც და „დედა ენის“ პრინციპისაც. იაკობის მასალებს და, მინიმუმ, ზოგიერთ მეთოდს ყველა იყენებს.
8. უპირობო მინდობა იმ აზრისა, რომ დღეს ამ სფეროში მომუშავე ასობით მეცნიერი, რომლებიც უცხოურ მიღწევებსაც ითვალისწინებენ, იაკობის საუკუნენახევრის წინანდელი გენიის წინაშე უსუსურები არიან და ვერაფერ ახალს ვერ შექმნიან, რბილად რომ ვთქვათ, მიამიტურია და, გარკვეულწილად, ქართველი საზოგადოებრიობის შეურაცხმყოფელიც. იაკობ გოგებაშვილი, რომლის მთავარი ღვაწლი, გარდა პირადი ნიჭისა, რომელიც შეიძლება გენიადაც შეფასდეს, იყო ნოვატორობა საქართველოს სივრცეში და იმ დროს უკვე არსებული უცხოური გამოცდილების გაზიარება. ცარიელ ადგილას გენიოსები არ ჩნდებიან. და ამასთან, გენიოსები მაშინ ჩანან, როდესაც ირგვლივ მსგავსი არავინაა. თორემ საქართველოში ნიჭიერი ხალხი მუდამ იყო და არის.
9. თუ ამ ბოლო პუნქტმა კვლავ გაგიღვივათ წინააღმდეგობის გრძნობა იაკობის გენიალურობაში „ეჭვისშემტანთა“ მიმართ და „გლობალისტების“, „ლიბერალების“ და ეროვნულ ღირებულებათა „გადამფასებლების“ მიმართ, გთხოვთ, გადაიკითხოთ პირველი 7 პუნქტი.