Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გრან სლემის ჩემპიონი გახდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დღეს, დიუსელდორფის გრან სლემზე ორი მედალი მოიპოვა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამში კი ბექა ღვინიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი პრესტიჟულ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. ფინალის გზაზე უზბეკი, ტაჯიკი, სამხრეთკორეელი და ბრაზილიელი მეტოქეები იპონებით დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი გერმანელ იოჰანეს ფრეის 46 წამში მოუგო და სამდღიანი შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით დაასრულა.

ბექა ღვინიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში წაგებით დაკარგა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს აჯობა.

საქართველოს ნაკრებმა დიუსელდორფის გრან სლემზე სულ ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა 115 ქვეყნის ნაკრებს შორის. გუშინწინ, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლს დაეუფლა, გუშინ კი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩემპიონი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG