Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ზოგი გვიყურებს, როგორც მოსამსახურეებს” - ძიძებმა კონტრაქტების გაფორმება დაიწყეს


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ძიძების უმეტესობა საქართველოში ზეპირი შეთანხმებით მუშაობს. ახლა ნაწილმა შექმნა ხელშეკრულება, რომლითაც ცდილობენ შრომითი კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება.

49 წლის ხათუნა ხიჯაკაძემ, მხოლოდ ახლახან, ძიძად მუშაობის მე-19 წელს შეიტყო, რომ წელიწადში 24 დასვენების დღე ეკუთვნის. ბოლო დრომდე არც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება მოუთხოვია. “აზრადაც არ მომსვლია, რომ პროტესტი გამომეხატა”, - ამბობს იგი და იხსენებს, რომ რამდენიმე ოჯახი მისი დუმილით ბოროტად სარგებლობდა.

საქართველოში ძიძებს ხშირად უწევთ ისეთი საქმის კეთება, რომელიც ბავშვის მოვლასთან პირდაპირ კავშირში არაა: სახლის დალაგება, ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა. ბევრი ამას საკუთარი ნებითაც აკეთებს - დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ შრომაში ოჯახი ფულს არ იხდის, დროთა განმავლობაში კი მოხალისეობა ვალდებულებად იქცევა.

ხათუნა ხიჯაკაძე
ხათუნა ხიჯაკაძე

“თავიდანვე უნდა შეეცადო, ეს რომ არ გააკეთო. მერე უარის თქმა რთულია”, - ხსნის ხათუნა, რომელიც ორგანიზაცია “საქართველოს ძიძების ასოციაციის” წევრია.

მათ 8-გვერდიან შრომით ხელშეკრულებაში აღწერილია როგორც ძიძების, ისე დამსაქმებლების უფლებები და მოვალეობები. ბავშვის “კვების, პირადი ჰიგიენის, უსაფრთხოების, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე” ზრუნვის სანაცვლოდ, ძიძები ითხოვენ ყველა იმ უფლებას, რომელიც ეკუთვნით საქართველოს შრომის კოდექსით.

“დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათის განმავლობაში”, - წერია ხელშეკრულების მეხუთე მუხლში. ხათუნას ეს ძალიან მოსწონს. ამბობს, რომ “მშობელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ძიძა შაბათ-კვირას დაისვენებს თუ არა”.

ამავე კვლევისას, ოჯახებში დასაქმებულთა 65%-მა თქვა, რომ რეგულარულად მუშაობს შაბათობით.
ამავე კვლევისას, ოჯახებში დასაქმებულთა 65%-მა თქვა, რომ რეგულარულად მუშაობს შაბათობით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში თითქმის 16 ათასი ადამიანი მუშაობდა ძიძად. საოჯახო მშრომელი (ის ვინც ხელფასს სხვის ოჯახში მუშაობის სანაცვლოდ იღებს) კი სულ 18 ათასი იყო.

"არ ვალაგებ სახლს"

ერთ-ერთი სახიფათო შეცდომა, რომელსაც ძიძები უშვებენ, ოჯახზე ან ბავშვზე მიჯაჭვულობა და, შედეგად, საკუთარი ცხოვრების დაკარგვაა, - ამბობს 45 წლის თამარ ურიგაშვილი, რომელიც 12 წელია, ძიძად მუშაობს. “ძიძას ხშირად ჰგონია, რომ ოჯახის წევრია”, - ამბობს ის. ამ დროს “ზოგი უყურებს, როგორც მოსამსახურეს”.

თამარ ურიგაშვილი
თამარ ურიგაშვილი

თამარისთვის აუცილებელია, ოჯახში “თავს ადამიანად გრძნობდეს”. იგი ამბობს, რომ ძიძები დაბალ ხელფასზე მუშაობენ, მაგრამ ამას კიდევ არა უშავს იმასთან შედარებით, რისი ატანაც მის ბევრ კოლეგას უწევს ხოლმე.

როცა თამარს ქმარი გარდაეცვალა და ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, პირველად იფიქრა ძიძობაზე. მაშინ 350-ლარიან ხელფასს დათანხმდა, ახლა თვეში 900 ლარს უხდიან.

თვეზე მეტია, თამარი და კიდევ რამდენიმე ძიძა თავ-თავიანთ უბნებში ხელშეკრულების ქსეროასლებს არიგებენ. უკვე ბევრი დაითანხმეს, რომ დოკუმენტი დამსაქმებლებს წააკითხონ. თუმცა ზოგს მაინც ეუხერხულება.

არადა, თამარს მიაჩნია, რომ ძიძების შრომის ფორმალიზებით მშობლებიც უფრო მშვიდად იქნებიან, რადგან “[ძიძობა] ბავშვის სიცოცხლეს ეხება”.

ასე მშობლებს მეტი გარანტია ექნებათ, რომ ძიძა მოვალეობებს თავს გაართმევს და ბევრი უკეთაც მიხვდება, რა ევალებათ ძიძებს, - ამბობს 57 წლის კესო ბურჭულაძე. უკვე თითქმის 5 წელია ძიძად მუშაობს და ცოტა ხნის წინ თავადაც ეძებდა ძიძას თავისი შვილიშვილისთვის.

კესო ბურჭულაძე
კესო ბურჭულაძე

მისი აზრით, მშობლების მსგავსად, ძიძებიც მეტისმეტად მიეჩვივნენ იმას, რომ საშინაო საქმეების კეთება უწევთ და ეს შესაცვლელია.

“მე არ ვალაგებ სახლს, არ გიკეთებთ სადილს, არ გირეცხავთ და არ გიუთოებთ. პასუხისმგებელი ვარ [მხოლოდ] იმაზე, რომ თქვენი ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება”, - ამბობს კესო. ბავშვის კვება, “დარეცხვა და დაუთოება ეხება ძიძას. მაგრამ არაფერი იმის იქით”.

გამოსავალი - სესხები

მაგრამ, ჯერჯერობით, მშობლების უმეტესობა არც კის ამბობს და არც არას, - ჰყვება “ძიძების ასოციაციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, 35 წლის ინა ჩარკვიანი.

ინა ჩარკვიანი
ინა ჩარკვიანი

ბევრი ძიძა მიეჩვია, რომ “მეგობრული და არაშემაწუხებელი იყოს”. ამიტომ ზოგს დამსაქმებელთან ხელშეკრულების მისატანად მიზეზი სჭირდება.

მიზეზი გამოიძებნა. იქიდან გამომდინარე, რომ შრომითი ხელშეკრულება არ აქვთ, ბანკები ძიძებს არ უმტკიცებდნენ სესხებს. იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად დასაქმებულები არიან, ბანკის ოფიცერი ურეკავს ძიძებს ვიდეოზარით და ათვალიერებს მათ სამუშაო ადგილს, ანუ დამსაქმებლის ბინას.

ბევრ დამსაქმებელს “არ უნდა, რომ საბანკო ფაილებში ინახებოდეს მისი პირადი სივრცის ამსახველი დოკუმენტაცია”, - ამბობს ინა. “თუ ბანკი აღიარებს ხელშეკრულებას მტკიცებულების ფორმად, ეს გაუმარტივებს ძიძებს მშობლებთან მისვლას და ხელმოწერის მოთხოვნას”.

"დომინოს ეფექტი"

ყოყმანის კიდევ ერთი მიზეზი საშემოსავლო გადასახადის გადახდაა. მაგრამ ინა ჩარკვიანი ამბობს, რომ ძიძებს შეუძლიათ, კონტრაქტი გააფორმონ და არ დარეგისტრიდნენ გადასახადების გადამხდელად, რადგან სახელმწიფოს ჯერაც არ უღიარებია ძიძობა და ზოგადად, ოჯახში შრომა დასაქმების ფორმად.

ინა იხსენებს, რომ დედამისიც ძიძად მუშაობდა და ქალთა შრომით მათ შორის ამიტომაც დაინტერესდა. 2020 წელს ძიძების შრომითი და უფლებრივი მდგომარეობა იკვლია. მაშინ დარწმუნდა, რომ ძიძების უმეტესობა მზად იყო პროფკავშირის შესაქმნელად. ამიტომ “ძიძების ასოციაცია” თავისი არსით პროფკავშირს ჰგავს. თუმცა ამასთანავე ცდილობს დედების დახმარებასაც.

“ქალებს ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა და თან საოჯახო საქმის კეთება, რომელიც არ შეგვიმცირებია, იმისდა მიუხედავად, რომ სახლს გარეთაც ისევე ვშრომობთ, როგორც კაცები”, - განმარტავს იგი.

ინამ დაითვალა, რომ შრომითი ხელშეკრულება ბოლო ერთ თვეში ხუთასზე მეტ ძიძას დაურიგეს. რამდენმა მოაწერა ხელი, ჯერ არ დაუთვლიათ. “ეს საწყისი ეტაპია”, - ამბობს ინა. ამჟამად მისთვის ხელმოწერაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ დამსაქმებლებმა ხელშეკრულება წაიკითხონ და იმაზე დაფიქრდნენ, რა შრომითი უფლებები აქვთ ძიძებს.

იმედი აქვს, რომ ამას “დომინოს ეფექტი ექნება”. ანუ შემდეგ ძიძების დამსაქმებლებიც მოსთხოვენ თავიანთ დამსაქმებლებს უკეთეს სამუშაო პირობებს. მაგალითად, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას და დეკრეტულ შვებულებას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საოჯახო მშრომელთა 96% ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, 82% კი კვირაში 40 საათზე მეტს. მათი თითქმის 99% ქალია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG