Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ზღვის კრიზისი: რატომაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გვგონია


შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში მეამბოხეთა ბაზები დაბომბეს.
შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში მეამბოხეთა ბაზები დაბომბეს.

თითქმის ორი თვეა, საერთაშორისო ვაჭრობა დიდი გამოწვევის წინაშეა. გემებს გადაადგილება უჭირთ წითელ ზღვაში, რომელიც სუეცის არხის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს.

პრობლემის გამომწვევი ჰუთების მოძრაობაა - იემენური შიიტური დაჯგუფება, რომელიც სამოქალაქო ომის შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს დაეპატრონა, მათ შორის, წითელი ზღვის სანაპიროს.

ნოემბრის შემდეგ, ისინი თავს ესხმიან წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს და ჯერჯერობით, ვითარება ვერც აშშ-ს სამხედრო ინტერვენციამ შეცვალა.

წითელი ზღვა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერიაა. ჩვეულებრივ დროს, იქ გლობალური საზღვაო ტვირთის 15% და კონტეინერული გადაზიდვების 30% გაედინება.

ახლა კი მსოფლიოს უდიდესმა გადამზიდავებმა, მაერსკმა, ჰაპაგ-ლოიდმა და MSC-მა წითელი ზღვით ცურვა შეწყვიტეს.

ბუნებრივია, რომ ვითარების ამგვარად გაგრძელებას თავისი ფასი აქვს.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა ხდება წითელ ზღვაში და რა გავლენა ექნება იქ მიმდინარე მოვლენებს დანარჩენ მსოფლიოზე, საქართველოს ჩათვლით.

ვინ არიან და რა უნდათ ჰუთებს?

„ღმერთი დიდია, სიკვდილი აშშ-ს, სიკვდილი ისრაელს, წყეულიმც იყვნენ ებრაელები, გამარჯვება ისლამს“, - ასეთია ჰუთების დევიზი.

ჰუთები იემენის შიიტური სექტის, ზაიდების წარმომადგენელი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 20 წლის წინ დაარსდა.

იემენის მთავრობამ მოძრაობის მოშორება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. 2004 წელს იემენის არმიამ მოკლა მოძრაობის დამაარსებელი, ჰუსეინ ალ-ჰუთი - დაჯგუფება სწორედ მის სახელს ატარებს. ჰუსეინ ალ-ჰუთი ამჟამინდელმა ლიდერმა, აბდულ მალიქ ალ-ჰუთიმ ჩაანაცვლა, რომელიც იმხანად 25 წლის იყო.

2014 წელს ჰუთები იემენის მთავრობის წინააღმდეგ ამხედრდნენ. მომდევნო რვა წლის განმავლობაში, იემენის სამოქალაქო ომს 300 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰუთებმა ომის შედეგად დაიკავეს ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი სანა და წითელ ზღვაზე გასასვლელი, ბაბ-ელ-მანდების სრუტის იემენური სანაპიროს ჩათვლით.

სწორედ ბაბ-ელ-მანდებთან ესხმიან ისინი თავს სატვირთო გემებს.

შემოდგომაზე, როცა ისრაელსა და ჰამასს შორის ომი დაიწყო, ჰუთებმა გამოაცხადეს, რომ ჰამასის მხარდაჭერის ნიშნად, ისრაელისკენ მიმავალ გემებს ამოიღებდნენ მიზანში.

„ჩვენ არცერთი ქვეყნისთვის არ წარმოვადგენთ საფრთხეს. ჩვენ მიზანში გვყავს მხოლოდ ისრაელური ან ისრაელის პორტისაკენ მიმავალი გემები“, - ვკითხულობთ ჰუთების 19 დეკემბრის განცხადებაში.

მართლაც, ნოემბერში ჰუთებმა დაატყვევეს სატვირთო გემი, რომელიც, მათი თქმით, ისრაელს ეკუთვნოდა. ისრაელის განცხადებით, გემი ბრიტანელებს ეკუთვნოდათ და იაპონიის დროშის ქვეშ ცურავდა. მოგვიანებით იაპონიის მთავრობამაც დაადასტურა, რომ გემს იაპონური კომპანია უწევდა ოპერირებას.

ჰუთებმა თავად გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჯდება ვერტმფრენი გემზე, საიდანაც შეიარაღებული მებრძოლები გადმოდიან და ეკიპაჟი მძევლად აჰყავთ, ბოლოს კი გემზე იემენისა და პალესტინის დროშებს აღმართავენ.

ჰუთი მებრძოლები წითელ ზღვაში სავაჭრო გემს იპყრობენ, 2023 წლის 20 ნოემბერი
ჰუთი მებრძოლები წითელ ზღვაში სავაჭრო გემს იპყრობენ, 2023 წლის 20 ნოემბერი

მას შემდეგ ჰუთები რამდენჯერმე დაესხნენ თავს ისეთ სატვირთო გემებს, რომლებსაც ისრაელთან არაფერი აკავშირებდა.

5 იანვარს კი ჰუთების უზენაესი რევოლუციური კომიტეტის ლიდერმა, მუჰამედ ალი ალ ჰუთიმ გამოაცხადა, რომ ჰუთები მიზანში ამოიღებდნენ მათ წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო კოალიციის გემებს.

ამ ყველაფერის შედეგად, უმსხვილესმა საზღვაო გადაზიდვის კომპანიებმა ტვირთის წითელი ზღვის გავლით გადატანა შეაჩერეს.

ოპერაცია "კეთილდღეობის მცველი"

12 იანვარს, გამთენიისას ამერიკელებმა და ბრიტანელებმა ჰუთების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში. მათ დაბომბეს ჰუთების სამხედრო ბაზები და საწყობები.

ეს მოჰყვა 9 იანვრის საღამოს ჰუთების მიერ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას, როცა საერთაშორისო კოალიციამ მათ მიერ ნასროლი 21 დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოყარა.

“კეთილდღეობის მცველი” - ჰუთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მულტინაციონალურმა კოალიციამ 18 დეკემბერს ამ სახელით და აშშ-ის ლიდერობით დაიწყო.

ამერიკელებთან ერთად, კოალიცია მოიცავს ბრიტანეთს, ბაჰრეინს, კანადას, საფრანგეთს, იტალიას, ნიდერლანდს, ნორვეგიას, სეიშელებსა და ესპანეთს.

დეკემბრის ბოლოს, ამერიკელებმა გაანადგურეს ჰუთების მცირე ზომის გემები, რომელთა მეშვეობითაც ისინი დანიური გადამზიდავის, მაერსკის გემს თავს ესხმოდნენ. ამერიკელებმა 10 ჰუთი მებრძოლი მოკლეს.

ჰუთებისთვის ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. მათი თავდასხმები კვლავ გაგრძელდა, ამერიკელების თავდაპირველი განცხადებით დამშვიდებულმა გადამზიდავებმა კი ისევ უარი თქვეს წითელ ზღვაში შესვლაზე.

ჰუთებს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ისინი უმეტეს შემთხვევებში თავდასხმებისთვის იყენებენ იაფფასიან დრონებს, რომელთა დაკარგვაც მათ დიდ ფინანსურ ზიანს არ აყენებს.

თავის მხრივ, ის აღჭურვილობა, რომელსაც აშშ და მისი პარტნიორები იყენებენ, გაცილებით ძვირი ჯდება.

კოალიცია თავდაპირველად თავს იკავებდა იემენის ტერიტორიაზე ჰუთებისთვის შეტევისგან, რაც 12 იანვრის დილით შეიცვალა.

თუმცა ჰუთები ჯერ ისევ აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ.

“ამ მუხანათური აგრესიით სისულელე ჩაიდინეს და შეცდნენ, თუ ეგონათ, რომ იემენს პალესტინისა და ღაზის მხარდაჭერისგან შეაკავებდნენ”, - წერს თავის განცხადებაში ჰუთების წარმომადგენელი მუჰამედ აბდულსალამი.

დიდი ძმა - ირანის როლი

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ჰუთებს ზურგს უმაგრებს რეგიონის მთავარი შიიტური მოთამაშე, ირანი.

აშშ-ს მიერ ჰუთების გემების ჩაძირვიდან რამდენიმე საათში, წითელ ზღვაში გამოჩნდა ირანული საბრძოლო ხომალდი ალბორზი.

ამ ეტაპზე, ირანელებს მეტი არაფერი მოუმოქმედებიათ, თუმცა ასეთ დროს საბრძოლო ხომალდის გაგზავნა შემთხვევითი სულაც არაა.

აშშ და ისრაელი კი ირანს ღიად ადანაშაულებენ წითელი ზღვის მიმდინარე კრიზისში.

„ვიცით, რომ ირანი ღრმად იყო ჩართული წითელ ზღვაში კომერციული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა.

ირანი უარყოფს საკუთარ ჩართულობას ჰუთების მიერ წითელ ზღვაში განხორციელებულ უკანასკნელ ოპერაციებში, თუმცა ამისგან დამოუკიდებლად, მათ ჰუთებთან ხანგრძლივი კავშირი აქვთ.

სწორედ ირანის დახმარებით გახდა ჰუთების არმია ანგარიშგასაწევი ძალა. ირანისგან იღებენ ჰუთები იმ რაკეტებსა თუ დრონებს, რომლებსაც ახლა საერთაშორისო ვაჭრობის შესაფერხებლად იყენებენ.

თავის მხრივ, იემენის სამოქალაქო ომი ახლო აღმოსავლეთის პროქსი-ომის ნაწილი იყო - მაშინ, როცა საუდის არაბეთი სამთავრობო ძალებს ეხმარებოდა, ირანი ჰუთებს უმაგრებდა ზურგს.

რა ფასის გადახდა გვიწევს ჩვენ?

დეკემბრის ბოლო კვირის მონაცემებით, წითელ ზღვაში დღეში საშუალოდ 315 ხომალდი დაცურავდა. ერთი წლის წინ, ზუსტად იმავე დროს, ეს რიცხვი 385-ს აღწევდა, ერთი თვით ადრე კი - 386-ს.

გამოდის, რომ 20%-იანი კლების მიუხედავად, გემების უმეტესობა მაინც რისკავს წითელ ზღვაში შესვლას.

თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ამგვარი კლებაც საკმარისია საიმისოდ, რომ ამა თუ იმ პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდოს ფასები.

გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც განვითარებული მოვლენების გამო უარს ამბობენ წითელ ზღვაში შესვლაზე, გზას იგრძელებენ და კეთილი იმედის კონცხის გავლით აფრიკას უვლიან ევროპამდე მისაღწევად.

ბუნებრივია, ამ მარშრუტის გავლას გაცილებით მეტი დრო სჭირდება და გადამზიდავებს მეტი ხარჯის გაწევაც უწევთ. პარალელურად, იზრდება დაზღვევის ხარჯებიც.

მაგალითისთვის, ფრანგულმა CMA CGM-მა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე გადამზიდავია, გამოაცხადა, რომ აზიიდან ევროპისკენ გადაზიდვის ფასებს აორმაგებს.

ბრიტანული ორგანიზაციის, ექსპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ინსტიტუტის დირექტორი, მარკო ფორჯონე ამბობს, რომ წითელი ზღვის კრიზისი საქონლის ფასებზე რამდენიმე კვირაში აისახება.

იქონიებს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას საქართველოზე? გლობალურ ინფლაციას ვერც საქართველო გაექცევა. მათ შორის იმიტომაც, რომ საქართველოს სასაქონლო იმპორტის დაახლოებით 15% შორეული აზიის სხვადასხვა ქვეყანაზე მოდის, პირველ ყოვლისა, ჩინეთზე. ამ რეგიონიდან შავ ზღვამდე მომავალი უმოკლესი გზა სწორედ წითელ ზღვასა და სუეცის არხზე გადის.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ვაჭრობის შეფერხების გავლენა გლობალური მიწოდების ჯაჭვზე. შეიძლება, გარკვეული პროდუქტი საქართველოში ერთი ქვეყნიდან შემოდიოდეს, მაგრამ მის საწარმოებლად საჭირო პროდუქტი იმ ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან ხვდებოდეს. ბუნებრივია, ეს ზრდის ფასების მატებისა და შეფერხებების რისკს.

„მცირე დაგვიანებებსაც შეუძლია, რომ დომინოს ეფექტი გამოიწვიოს წარმოების გეგმებისთვის. გლობალური მიწოდების ჯაჭვი „ზუსტად დროზე“ მიწოდების პრინციპით მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, ყველა ელემენტი მაშინ ჩამოვიდეს, როცა წარმოების ხაზში უნდა ჩაებას. ნებისმიერი დაგვიანება გავლენას იქონიებს წარმოების ჯაჭვის ყოველ მომდევნო ეტაპზე, რაც კიდევ უფრო მეტ დაგვიანებას გამოიწვევს“, - ამბობს მარკო ფორჯონე.

ამდენად, თუ მომდევნო კვირებში ამანათი დააგვიანებს, ან შეატყობთ, რომ პროდუქტები ძვირდება, არ არის გამორიცხული, ჰუთების ბრალი იყოს.

XS
SM
MD
LG