Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის ცუდი ამბები - ომი, თავდასხმები, რეპრესიები


doomscrolling - ასე ეძახიან ცუდი ამბების დაუსრულებლად კითხვას ინტერნეტში და ის პანდემიის პერიოდში დამკვიდრდა ინტერნეტმომხმარებლების სამეტყველო ენაში. ამ სტატიაში გავაერთიანეთ ის მოვლენები, რომლებიც 2023 წლის doomscrolling-ის დროს ახალი ამბების ლენტას ქმნიდა და ვისურვებდით რომ წარსულში დაგვეტოვებინა.

უკრაინის ომი გრძელდება

2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომი არ დასრულებულა. 2023 წლის მონაცემებით უკრაინაში 10 ათასამდე მშვიდობიანი ადამიანია დაღუპული.

2024 წლის დამდეგს გრძელ ფრონტის ხაზზე უკრაინას ამ ზამთარს ცოცხალი ძალის და საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვს. ევროკავშირისა და აშშ-ის შემდგომი დახმარების პაკეტი კი კარგ შემთხვევაში ახალ წლამდე იგვიანებს.

წლის დასაწყისში უკრაინას ჰქონდა კონტრშეტევაც, თუმცა რაიმე გადამწყვეტი შედეგი მას ომის ბედში არ უთამაშია. უკრაინამ მაინც მოახერხა რამდენიმე სტრატეგიული გამარჯვების მიღწევა, მაგალითად ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. თანამედროვე საზღვაო დრონებით რუსეთის ფლოტზე იერიშებმაც შედეგი გამოიღო. სატელიტური ფოტოების მიხედვით ოქტომბერში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ყირიმის ნახევარკუნძულიდან უკან დაიხია, შედარებით უსაფრთხო წყლებში.

2023 წლის 22 სექტემბერს სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე
2023 წლის 22 სექტემბერს სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე

ეს გამარჯვება ომის ეკონომიკას ნამდვილად წაადგება მარცვლეულის ექსპორტის მხრივ. 19 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის BBC-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ უკრაინა ომის წაგებას იწყებს. ზელენსკიმ უპასუხა: „არა!“

ისრაელი-ჰამასის ომი

ოქტომბერში მსოფლიოს მეორე ცხელი წერტილი დაემატა და უკრაინაში ომიც დიდწილად გადაფარა. 7 ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი ოქტომბერში რადიკალურად გამწვავდა.

ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და თავს დაესხა ღაზის სექტორთან საზღვრისპირა დასახელებებს. ამ ტერორისტული აქტის შედეგად 1200 ადამიანი დაიღუპა, 240 მძევლად გაიტაცეს.

ჰამასის მებრძოლები შეიჭრნენ მუსიკალურ ფესტივალზეც, სადაც 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია და იერიშები დაიწყო ღაზის სექტორზე. ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში დაიღუპა 19 000-მდე ადამიანი.

ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში და რამდენიმე დასახლებაში შეიჭრა
ისრაელმა ღაზის სექტორზე შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში და რამდენიმე დასახლებაში შეიჭრა

სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერომ ისრაელი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია.

ისრაელის მთავრობა კი ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ ჰამასი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს. ისრაელის მედია წერს, რომ ამჟამად ღაზის სექტორში 129 გატაცებული მძევალი რჩება, თუმცა მათგან რამდენია ისევ ცოცხალი, უცნობია.

კიდევ უფრო მეტი სისასტიკე ირანელი ქალების წინააღმდეგ

ირანში მორალის პოლიციამ კიდევ უფრო სასტიკად დაიყო ქალების დასჯა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო. ივნისში რეპრესიები გამწვავდა, მაშინ როდესაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავი მოახლოვდა.

ზაფხულში მასობრივად აკავებდნენ ქალ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. გაეროს მონაცემებით მხოლოდ პირველ შვიდ თვეში სიკვდილით დაისაჯა 400-ზე მეტი ადამიანი. Amnesty International-ის ცნობით სიკვდილით დასჯის მაჩვენებლით ირანს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს.

ზეწოლასა და რეპრესიებს ქალები საპროტესტო ტალღას უპირისპირებდნენ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ. 2024 წლის დამდეგს ირანის ციხეში 15 აქტივისტი ქალი შიმშილობს. მათ შორისაა 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი მშვიდობის დარგში ირანელი უფლებადამცავი ნარგეს მოჰამადი. ის საპატიმროშია „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით.

ნარგეს მოჰამადი
ნარგეს მოჰამადი

ავღანელების დეპორტაცია

2023 წელს ირანმა, პაკისტანმა და თურქეთმა თალიბანის სისასტიკესა და დამანგრეველ მიწისძვრას გამოქცეული მილიონობით ლტოლვილი ავღანელის დეპორტაციის შესახებ გამოაცხადა.

პაკისტანიდან დეპორტირებულთა შორის არიან ქალები და გოგოები, რომლებმაც მეზობელ ქვეყანაში შეძლეს სწავლის გაგრძელება, დეპორტაციის შემდეგ კი შეწყვეტა მოუხდათ, რადგან ავღანეთში ქალებს სწავლა და მუშაობა ფაქტობრივად ეკრძალებათ.

ავღანელი ლტოლვილები პაკისტანიდან გაქცევის შემდეგ პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მახლობლად ავღანეთში, თორხამში. 4 ნოემბერი, 2023 წელი
ავღანელი ლტოლვილები პაკისტანიდან გაქცევის შემდეგ პაკისტან-ავღანეთის საზღვრის მახლობლად ავღანეთში, თორხამში. 4 ნოემბერი, 2023 წელი

ორ თვეში მხოლოდ პაკისტანიდან ავღანეთში ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი იძულებით დაბრუნდა. ისინი კი ვინც თურქეთში ჯერ კიდევ ელიან დეპორტაციას, იმედოვნებენ, რომ მათ მესამე ქვეყანაში გაუშვებენ.

ყარაბაღის ლტოლვილთა კრიზისი

ახალ წელს სამხრეთ კავკასია ახალი გეო-პოლიტიკური რეალობით ხვდება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არცახი 1 იანვრიდან აღარ იარსებებს. ამგვარ ბრძანებას 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი.

19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული ერთ დღიანი „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხური ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

რეგიონში ისევ დაიწყო ლტოლვილთა კრიზისი. მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინათ.

მთიანი ყარაბაღიდან დევნილების ავტომობილი
მთიანი ყარაბაღიდან დევნილების ავტომობილი

5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობდა აზერბაიჯანის არმიის 19 სექტემბრის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებდნენ, სომხების მასობრივ წასვლას რეგიონიდან კი ეთნიკურ წმენდას ადარებდნენ.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

2023 წელს გარდაცვლილი ვარსკვლავები

2023 წელს სიტკომების მაყურებლებმა საუკეთესო მეგობარი დაკარგეს გამორჩეული სარკასტული იუმორით. 29 ოქტომბერს გარდაიცვალა სატელევიზიო შოუს Friends-ის („მეგობრები“) მსახიობი, 54 წლის მეთიუ პერი. ის სერიალში ჩენდლერ ბინგის როლს ასრულებდა. გარდაცვალების მიზეზად კეტამინი დასახელდა, რომლის კვალსაც მის სისხლში ორი თვის თავზე მიაგნეს.

ფანების მიერ მიტანილი ყვავილები და ფოტოები მეთიუ პერის სახლის კართან
ფანების მიერ მიტანილი ყვავილები და ფოტოები მეთიუ პერის სახლის კართან

შვეიცარიაში გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი, ის 83 წლის იყო. ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. მას მიღებული აქვს რვა „გრემის“ ჯილდო, ის ატარებდა „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალურ ტიტულს.

ჰარი პოტერის ფანები წელს ალბუს დამბლდორს დაემშვიდობნენ. მისი როლის შემსრულებელი მსახიობი მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა. გემბონს 60 წლიანი კინო და სატელევიზიო კარიერა ჰქონდა.

56 წლის ასაკში გარდაიცვალა ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი შინეიდ ო’კონორი. მას წლების განმავლობაში ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. 18 თვით ადრე მისი 17 წლის ვაჟი დაიღუპა. შვილის სიკვდილის შემდეგ მომღერალი საავადმყოფოში მოხვდა - მაშინ მომღერალი ამბობდა, რომ სუიციდური აზრები ჰქონდა და დახმარება ჭირდებოდა. შინეიდ ო'კონორმა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს ჩაწერა, განსაკუთრებით ცნობილი კი გახდა პრინცის მიერ თავისი ბენდისთვის 1985 წელს დაწერილი სიმღერის, Nothing Compares 2 U, ქავერით.

ანტარქტიდაში ყველაზე დიდი აისბერგი დაიძრა

გასულ წელს ადგილიდან დაიძრა მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, რომელიც, ფართობით, ნიუ-იორკს თითქმის 3-ჯერ აღემატება. ანტარქტიდის აისბერგის - A23a-ის ფართობი თითქმის 4000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

1989 წლიდან, როდესაც A23a ფილჩნერ-რონის ყინულის შელფს მოსწყდა, აისბერგი, რომელზეც ერთ დროს საბჭოთა კავშირის კვლევის სადგური იყო განთავსებული მეჩეჩს წამოედო და მოძრაობა შეაჩერა.

აისბერგი A23A
აისბერგი A23A

ახლა მეცნიერები მის ტრაექტორიას აკვირდებიან, რადგან შესაძლოა, ის კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG