Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს ცხინვალის იზოლატორში მოინახულებს


ფოტოარქივი: წითელი ჯვრის ავტომობილი საოკუპაციო ხაზთან.
ფოტოარქივი: წითელი ჯვრის ავტომობილი საოკუპაციო ხაზთან.

ზაზა გახელაძის ოჯახში ელოდებიან, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულებენ. საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ორ კვირაზე მეტია, გახელაძეების ოჯახმა არაფერი იცის ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ყოველდღე ეკონტაქტებიან და ეუბნებიან, რომ ზაზას მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ოჯახში მაინც წითელი ჯვრის პასუხს ელოდებიან. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციამ დაკავებულს წერილი უნდა გადასცეს და ცხინვალიდანაც მისი ბარათი უნდა გამოიტანოს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ორჯერ სთხოვა დე ფაქტო ხელისუფლებას ზაზა გახელაძის საკარანტინო ზონაში მონახულებისა და მისთვის ოჯახის წერილის გადაცემის ნებართვა. ორგანიზაციამ პირველად ეს ზაზა გახელაძის დაკავების მეორე დღესვე გააკეთა: ბიბილოვის ხელისუფლებას დაკავებულის მონახულების ნებართვაზე თხოვნა ოფიციალურად წერილობით გაუგზავნა, თუმცა ეს თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ამის შემდეგ, 22 ივლისს, საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა, კარმენ ეჩეზარეტამ, ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს, ვალერი ვალიევს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს დაჭრილი მოქალაქის მონახულება ცხინვალის საავადმყოფოში მაინც ვერ შეძლეს. ახლა ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და წითელ ჯვარს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ მას შეხვდეს. როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაცია დაკავებულების მონახულებას წინასწარი დაკავების ადგილებში და ციხეში შედარებით დაუბრკოლებლად ახერხებს ხოლმე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლია გიგაური, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების საკითხს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ინტენსიური კავშირი აქვს იმ პარტნიორებთან, ვისაც გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია პროცესებზე.

"ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ, 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში შეხვედრა. მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კარანტინით. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება, არის ასევე დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, სულ იყო 6 ადამიანი ბოლო პერიოდში. 3 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია 3 სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მიმართულია იქით, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს, და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, - არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის".

25 ივლისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები მალხაზ ლეჟავა სოფლის განაპირას, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონელს მწყემსავდა. საღამოს ერთი ძროხა ვეღარ იპოვა და თანასოფლელთან ერთად ოკუპირებული სოფელ ღრომის სიახლოვეს მისი ძებნა დაიწყო. ბუჩქებში ჩასაფრებულმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლეჟავა დააკავეს, მისმა მეგობარმა კი გამოქცევა შეძლო. დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეები ფიქრობდნენ, გადაეყვანათ თუ არა ლეჟავა ჯერ საკარანტინო ზონაში და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამასობაში საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. ლეჟავა გაათავისუფლეს, თუმცა იგი ქართველმა სამართალდამცავებმა ერთ-ერთი კლინიკის საკარანტინო ზონაში მაინც გადაიყვანეს. მალხაზ ლეჟავას დედა, ციური ლეჟავა, ამბობს, რომ შვილის დაკავებისა და გათავისუფლების ამბავი პოლიციელებისგან შეიტყო.

30 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ოჯახების წევრები ამ შეხვედრაზე დიდ იმედს ამყარებენ, ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას უპირობოდ ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG