Accessibility links

წინასაარჩევნო გარემო, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები


რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების შეფასებით, წლევანდელი წინასაარჩევნო პერიოდი სხვა არჩევნებისგან დიდად არ განსხვავდება და კვლავ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მწვავე დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, რომ უცვლელია ე.წ. ფარული ჩანაწერებით ბრძოლის პრაქტიკაც. არჩევნების შედეგზე მსგავსი ჩანაწერების გავლენის შესახებ გამოკითხულთა აზრი ორად იყოფა:

„არ მიაქცევს ხალხი ყურადღებას ამ ლაპარაკს, არა მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევნებისთვის ჩანაწერების გამოქვეყნებას“;

„მოვისმინე რაღაცები, მაგრამ ეგ არის ჭორი“;

„პირველი არ არის ე. წ. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და რომ ვუსმენ, მგონია, რომ ძალიან დიდი გავლენა ექნება არჩევნებზე. მე მგონი, ხალხი ჭკუას მოიკრებს. მე არ მიმაჩნია სწორად ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელება“.

„აზრი არ აქვს. მე მგონი, ვისაც ჰყავს ამორჩეული თავისი კანდიდატურა, იმას მისცემს ხმას მაინც“.

ზოგი ამბობს, რომ არ წავა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს, ეს არ არის სწორი. უნდა წავიდეთ და მივცეთ ხმა სასურველ კანდიდატს.

რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები მათთვის სასურველ წინასაარჩევნო გარემოსა და პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მოთხოვნებზეც ლაპარაკობენ:

„ლანძღვა-გინება გამორიცხულია, არ უნდა იყოს“;

„რასაც ტელეეთერით ვუყურებ ლანძღვა-გინებას, არ მომწონს. ბოლოს და ბოლოს, ბრძოლა არის პრეზიდენტის სკამის დასაკავებლად. ბინძური მეთოდებით, სხვისთვის რაღაც იარლიყების მიწებებით დაკავებულ თანამდებობას არა აქვს ფასი. პრეზიდენტი ღირსეულად უნდა მოვიდეს, არც არავინ უნდა გალანძღოს და ისაუბროს მხოლოდ იმ საკითხებზე, რის გაკეთებასაც აპირებს მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში“;

„ზოგი ამბობს, რომ არ წავა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს, ეს არ არის სწორი. უნდა წავიდეთ და მივცეთ ხმა სასურველ კანდიდატს“;

„მიმაჩნია, რომ არაჯანსაღი ვითარებაა. ხალხს მხოლოდ იმედი დარჩა. რეალობა რაც არის, ყველასთვის ნათელია“.

ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინააღმდეგ, რომელიც ეწეოდა აშკარა აგიტაციას, რაც კანონდარღვევა და მისთვის შეუფერებელი საქმიანობაა.

წინასაარჩევნო პერიოდს აქტიურად აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საოლქო და საუბნო სააჩევნო კომისიების დაკომპლექტების ხარვეზებზე, ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევასა და სხვა გადაცდომებსა და დარღვევებზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის, ინფორმაციით, ოფისის სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელიც იმერეთის გარდა რამდენიმე რეგიონს მოიცავს, ხშირად დასტურდება ადგილობრივ თვითმმართველობასა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვის ფაქტები. როგორც ზაალ გორგიძე აცხადებს, გამოვლენილი დარღვევების გამო ორგანიზაციამ საჩივრით მიმართა ქუთაისისა და წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიებს:

„ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის წინააღმდეგ, რომელიც ეწეოდა აშკარა აგიტაციას, რაც კანონდარღვევა და მისთვის შეუფერებელი საქმიანობაა და საარჩევნო კანონმდებლობით ითვალსიწინებს ჯარიმას 2 000 ლარის რაოდენობით. ასევე შევიტანეთ საჩივარი წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში - წყალტუბოს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ეწეოდა აგიტაციას სოციალური ქსელის პირადი გვერდის მეშვეობით და გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტები. ორივე საჩივარი მიღებულია წარმოებაში და განხილვის პროცესშია. პასუხებს მივიღებთ“.

საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილი ისევ დაკომპლექტდა იმ პირებით, რომლებსაც გასულ წლებში გადაცდომებისთვის სახლდელი ჰქონდათ დაკისრებული და თუ ისინი ოლქის მიერ, არა პარტიის მიერ არიან დანიშნულნი, ეს პირები ხშირად არიან კომისიის თავმჯდომარეები.

წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო სექტორის საქმიანობისადმი ხელისუფლების უარყოფით დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან შეტევა უპრეცედენტოა, რაც მიმდინარე საარჩევნო წელს განასხვავებს წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისგან. თეონა გოგიშვილის დაკვირვებით, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი, გასული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდებთან შედარებით, ნაკლებად აქტიურია, თუმცა პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, შეხვედრებისას. გოგიშვილისავე განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ბოლო წლებია, აქტიურად მოითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების გამჭვირვალობას, თუმცა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევისას დაფიქსირებული ხარვეზები და გადაცდომები უცვლელია:

„საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილი ისევ დაკომპლექტდა იმ პირებით, რომლებსაც გასულ წლებში გადაცდომებისთვის სახლდელი ჰქონდათ დაკისრებული და თუ ისინი ოლქის მიერ, არა პარტიის მიერ არიან დანიშნულნი, ეს პირები ხშირად არიან კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები. ასევე, ისევ გვიწევს საუბარი ინტერესთა კონფლიქტზე კომისიების დაკომპლექტებისას“.

ქუთაისი
ქუთაისი

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელ თეონა გოგიშვილისავე განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან არასწორად მიწოდებული ინფრმაციის გამო, ზოგჯერ ხელი ეშლებათ ორგანიზაციის დამკვირვებლებს და არ ეძლევათ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ. თეონა გოგიშვილის ინფორმაციით, მათ მიერ დაწერილი საჩივრების უმეტესობა ეხება საჯარო მოხელეების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებში მონაწილეობას სამუშაო საათებში და სოციალური ქსელის აქტიურ გამოყენებას ამ კანდიდატის მხარდასაჭერად ან ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგო სტატუსის თუ მასალის გამოქვეყნებას. თეონა გოგიშვილის შეფასებით, ამ და სხვა დარღვევების გათვალისწინებით, წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისთვის თანაბარი გარემო შექმნილი არ არის. გოგიშვილს მაგალითად მოჰყავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის გაშუქების ფაქტი და ის, რომ მედიასაშუალებას არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია სხვა კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების რეგიონალური კოორდინატორის ინფორმაციით, პლაკატების განზრახ დაზიანება რჩება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ ერთმანეთისთვის ხელის შეშლის საშუალებად და რეგიონში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კანდიდატების სააგიტაციო მასალა არა მხოლოდ ჩამოხეული, არამედ გადაღებილიცაა, რაც ორგანიზებული, მიზანმიმართული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზგასმით ამბობენ, რომ საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო მათ მიერ გამოთქმული შენიშვნების დიდი ნაწილი გაუთვალისწინებელი რჩება და, ამასთან, ბოლო რამდენიმე წელია, არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობდა საარჩევნო პროცესის დახვეწას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG