Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წლის ქეთის მკვლელობა - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდი


ადგილი, სადაც 21 წლის ქეთის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს
ადგილი, სადაც 21 წლის ქეთის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს

ბლოკით ნაშენები ორსართულიანი სახლის ეზოში, რკინის ჭიშკრის დახურვას ცდილობს პატარა ბიჭი, ხუთი-ექვსი წლის. ჯერ ერთ კარს აჯახუნებს, მერე მეორეს. კაცი უჯავრდება, ქურთუკზე ექაჩება, გვერდით სწევს და ისევ აღებს ნაცრისფერ ჭიშკარს.

მოკლული გოგოს სახლ-კარი, 2024 წლის 29 თებერვალი
მოკლული გოგოს სახლ-კარი, 2024 წლის 29 თებერვალი

თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, ამ სახლში, 29 თებერვალს, დილით მიასვენეს 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილი. ოჯახი სამძიმარს იღებს, ჭიშკარი ღია უნდა იყოს.

გოგო წინა დღით, სახლის გვერდით, დაახლოებით 50 მეტრში, დაუსრულებელი მცირე შენობის საძირკველში იპოვეს გარდაცვლილი. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ გოგოს ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული არაერთი ჭრილობა, ხელები კი რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული.

მკვლელობის ადგილი, 2024 წლის 29 თებერვალი
მკვლელობის ადგილი, 2024 წლის 29 თებერვალი

მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ოთარ ცინდელიანი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამბობენ, რომ ის მიმალვას სვანეთში ცდილობდა.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 29 თებერვალს წარუდგინა. მას გამოძიება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

დღის ბოლოს, გვიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდებულმა 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, რამდენიმე საათში, თავად გამოცხადდა პოლიციაში.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდებულის ინსტაგრამის მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო "მიაჩნდა საკუთრებად".

"შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა (28 თებერვალი). 19:21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.

ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.

ის, რომ გენდერული ნიშნით ჩაიდინა მკვლელობა, ეს მიუთითებს მის ფეთქებად ხასიათზე, სტერეოტიპულ აზროვნებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი ამოღებულია, მას ყველა მიმოწერა წაშლილი აქვს და ეს ამტკიცებს, რომ მტკიცებულებების განადგურებასაც ცდილობდა.

ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი?

ოთარ ცინდელიანის ადვოკატი ანა შიშნიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და ის დეტალებზე ვერ საუბრობს:

ანა შიშნიაშვილი, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
ანა შიშნიაშვილი, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

„ამ ეტაპზე, იმდენად რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ პოზიციებთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ილაპარაკებს. დაცვის მხარე, სავარაუდოდ, დააყენებს შუამდგომლობას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შერაცხადობასთან მიმართებაში“.

რას ამბობს ოთარ ცინდელიანის მამა?

„ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოთარ ცინდელიანის მამა ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს:

„ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ იყო კარგად ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. მკურნალობდა კიდეც ბარსელონაში. ჩემთან ცხოვრობდა, მაგრამ მე სახლში არ ვიყავი და წამოსულა“.

რა მოხდა 28 თებერვალს გამთენიისას სოფელ წინუბანში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მოკლული გოგოს ახლობლებს არ აქვთ. შვილის ცხედარი, მამამ 28 თებერვალს, დილით ნახა. ახლობლები ჰყვებიან, რომ სხეული დასახიჩრებული იყო.

სოფელი წინუბანი, მკვლელობის ტერიტორია
სოფელი წინუბანი, მკვლელობის ტერიტორია

ადგილობრივები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მოკლული გოგო და მკვლელობაში ბრალდებული კლასელები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგაც მეგობრობდნენ. მათივე თქმით, ოთარ ცინდელიანის დედა მოკლული გოგოს ნათლიაა:

„ქალმა გუშინ პოსტიც დადო ფეისბუკზე, ვინ გაგიმეტა მოსაკლავადო, ქეთის მიმართავდა. მაგრამ შემდეგ, როცა გაირკვა, რომ მკვლელობაში სწორედ მისი შვილია ბრალდებული, პოსტი წაშალა“, - მიყვება ქეთევან ჯავახიშვილის მეზობელი.

თანასოფლელები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული წლების განმავლობაში დედასთან ერთად, ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ის საქართველოში დაბრუნდა. დედა ესპანეთში დარჩა:

„ბიჭის დედაც ჩვენი სოფლიდანაა. ოთო აქ გაიზარდა. მშობლები გაშორებულები არიან. მამა სვანეთში ცხოვრობს. დედა ახლაც ესპანეთშია. ბიჭი იანვრის დასაწყისში ჩამოვიდა საქართველოში, აქაც გამოჩნდა, ყველა მოგვიკითხა.

გაოგნებულები ვართ. ითქვა, თითქოს მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა იყოო, ნარკოდამოკიდებული იყოო, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ბოლოს იანვარში ვნახეთ და უცნაური არაფერი ეტყობოდა. ისიც ითქვა, თითქოს ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათო, მაგრამ დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია“.

თანასოფლელები ამბობენ, რომ რამდენიმე წელი ესპანეთში ცხოვრობდა ქეთევან ჯავახიშვილის ოჯახიც:

„ოჯახებს ესპანეთშიც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. სანამ ქეთი და მისი ოჯახი ესპანეთში თავშესაფარს მიიღებდნენ, როგორც ვიცით, მათ ოთარის დედა ეხმარებოდა. ახალგაზრდები იქაც ურთიერთობდნენ. ქეთის მშობლებს მეხუთე შვილი ესპანეთში შეეძინათ, თუმცა, ერთი წლის წინ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ქეთის დედას აქ მოხუცი მშობლები ჰყავს და მათ მარტო ვეღარ დატოვებდა“.

როგორც მოკლული გოგოს ახლობლები ჰყვებიან, ქეთევანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობდა:

„ძალიან განათლებული, ჭკვიანი გოგო იყო. სამსახურში დაწინაურებასაც უპირებდნენ. მეხის გავარდნას ჰგავდა ქეთის ამბავი“.

2024 წელს ეს არის ფემიციდის მესამე შემთხვევა. 9 იანვრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილში მოკლა ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე. რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG