Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 წლის წინ ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე


ასტრონავტი ბაზ ოლდრინი მთვარეზე.
ასტრონავტი ბაზ ოლდრინი მთვარეზე.

აშშ-ში მიიჩნევა, რომ მთვარეზე პირველმა ადამიანმა 1969 წლის 20 ივლისს დადგა ფეხი. სინამდვილეში ნილ არმსტრონგმა მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა გრინვიჩის დროით 2:56-ზე, ანუ არა 20, არამედ 21 ივლისს.

მას შემდეგ მთვარე 12-მა ადამიანმა მოინახულა. მაგრამ დღეს, 50 წლის შემდეგ, ყველას არ სჯერა, რომ ადამიანი ოდესმე იმყოფებოდა მთვარეზე. 2013 წლის გამოკითხვის თანახმად, მთვარეზე გადასხდომის არ სჯერა ამერიკელების 7%-ს და რუსეთის მოქალაქეების 57%-ს.

ერთ-ერთი ვერსიით, მთვარეზე დაჯდომასთან დაკავშირებული ყველა კონსპიროლოგიური თეორია მომდინარეობს ბილი კეისინგის წიგნიდან „ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მთვარეზე“. წიგნი 1976 წელს გამოვიდა. ავტორი გახლავთ სარაკეტო ძრავების კომპანია Rocketdyne-ის თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ფულით გამოსცა წიგნი მასშტაბური შეთქმულების შესახებ.

მაგრამ მთვარეზე დაჯდომის ფალსიფიკაცია უბრალოდ შეუძლებელია. საბჭოთა კოსმონავტის, ალექსეი ლეონოვის თქმით, „ჩვენ გვქონდა და გვაქვს ყველა სისტემა, რომელიც აკონტროლებს სტარტიდან დაწყებული ყველაფერს - დედამიწის გარშემო ფრენას, კორექციას, მთვარის გარშემო ფრენას და ყველაფერს, რაც ხდება მთვარეზე“. ლეონოვის აზრით, ეს კონსპიროლოგიური თეორიები უბრალოდ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული რაღაც აკვიატებაა.

ამასთან, კონსპიროლოგიაზე არანაკლებ სახალისოა „აპოლონ 11“-ის მისიის შესახებ სიმართლე.

ასტრონავტებისთვის კოსმოსში გაფრენა იგივეა, რაც დასაქმებული ადამიანისთვის - მივლინება. ამიტომ „აპოლონის“ გუნდს დედამიწაზე დაშვების შემდეგ უნდა შეევსო სამივლინებო ბარათები.

ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა თავისი ისტორიული დოკუმენტის ფოტო. მასში დეტალურადაა აღწერილი ასტრონავტების მარშრუტი - კანავერალის (მაშინ კენედის) კონცხი - მთვარე - წყნარი ოკეანე - ჰავაის კუნძულები. ოლდრინმა მგზავრობისთვის კომპენსაციის სახით მოითხოვა 33 დოლარი და 31 ცენტი.

დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ასტრონავტებს საბაჟო დეკლარაციაც უნდა შეევსოთ მთვარეზე მოგროვილი ქვებისა და მტვრისთვის.

ამის შემდეგ ასტრონავტები სამ კვირას იმყოფებოდნენ კარანტინში: NASA შიშობდა, რომ ასტრონავტებს შეიძლება მთვარის მიკრობები ჩამოჰყოლოდათ. საბედნიეროდ, ეს შიში არ გამართლდა. ამიტომ „აპოლონის“ უკანასკნელი სამი მისიის ეკიპაჟები იზოლაციაში აღარ მოუქცევიათ.

ასტრონავტების გარდა მთვარეზე იმოგზაურა ზოგიერთმა ნივთმაც. მათ პირველი მოგზაურობისას მთვარეზე წაიღეს ძმები რაიტების მიერ 1903 წელს აგებული პირველი შიგაწვის ძრავიანი თვითმფრინავის ხის ფრაგმენტი.

მაგრამ თუკი ეს რელიკვია ასტრონავტებმა ისევ დედამიწაზე ჩამოიტანეს, სხვა ნივთები მათ მთვარეზე დატოვეს. ეს იყო ფირფიტა მსოფლიო ლიდერების ხელმოწერებით და, რა თქმა უნდა, აშშ-ის დროშა.

ასტრონავტებმა მთვარეზე აშშ-ის პირველი დროშა აღმართეს კოსმოსური მოდულიდან 8 მეტრში. როცა ის მთვარიდან კვლავ აფრინდა, გამონაბოლქვმა დროშა წააქცია.

რაც უნდა არაჩვეულებრივი მიღწევა იყოს მთვარეზე ადამიანის გაფრენა, კაცობრიობას 70-იანი წლების შემდეგ აღარ უცდია ამის გაკეთება. ძირითადად ფინანსების გამო, მაგრამ მიზეზი იყო ასევე პოლიტიკა. აშშ-ის ყოველ ახალ ადმინისტრაციას საკუთარი ხედვა აქვს კოსმოსის შესწავლის თაობაზე. ობამას ასტეროიდზე სურდა ასტრონავტების გადასხმა. ტრამპი კი ფიქრობს მარსზე ადამიანის გაგზავნას და კვლავ ლაპარაკობს მთვარის შესახებ.

რუსეთი და ჩინეთი უახლოესი ათი წლის განმავლობაში მთავრეზე აპირებენ სადგურების აგებას რობოტებისა და ადამიანებისთვის.

ეს ქვეყნები, ასევე ინდოეთი, გეგმავენ მთვარეზე ჰელიუმ-3-ის მოპოვებას. ამ გაზს, რომელიც პრაქტიკულად არ მოიპოვება დედამიწაზე, მომავლის საწვავად მიიჩნევენ. ოღონდ ამისთვის თერმობირთვული რეაქტორების შენება უნდა ვისწავლოთ. მეცნიერებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ. მთვარეზე არის ასევე იშვიათი ლითონების მარაგები.

XS
SM
MD
LG